14.4 მილიონი ბათუმის მერიისგან კომპანიას, რომლის დამფუძნებელს ბიზნესი რუსეთშიც აქვს

14.4 მილიონი ბათუმის მერიისგან კომპანიას, რომლის დამფუძნებელს ბიზნესი რუსეთშიც აქვს

access_time2022-05-15 17:30:44

ბათუმში, გენერალ კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე, ქალაქის მერია ავარიული სახლების დემონტაჟს და ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას გეგმავს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ამ მიზნით ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ტენდერის სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 14 526 260 ლარია.

ორივე ტენდერში ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეულია შპს „ერთი“, რომლის წილის 50 პროცენტს ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „არ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ.“, წილის მეორე ნახევარი კი ეკუთვნის ბექა გურგენიძეს, რომელიც „ერთის“ დირექტორიცაა. თავის მხრივ, ნიდერლანდური „არ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ.“ წილებს ფლობს რუსეთში დარეგისტრირებულ სხვა კომპანიაში.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, კომპანია „ერთს“ 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით აქვს ვადა, წარმოადგინოს საბანკო გარანტია როგორც პირველ, ასევე ცალკე, მეორე ტენდერში, რის შემდეგაც მასთან ხელშეკრულებები ჯამში 14 456 360 ლარზე გაფორმდება.

პირველი ტენდერი – „ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ. №1, 3 და 11-ში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში DesignBuild მეთოდით საცხოვრებელი სახლების დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზეა“ გამოცხადებული. თანხა – 7 536 260 ლარი. ამ ტენდერში შპს „ერთი“ მერიის სამმართველოს მომსახურებას ზუსტად იმავე ფასად სთავაზობს.

მეორე ტენდერი კი – იოსებ გრიშაშვილის ქ. N9-ში საცხოვრებელი სახლების დეტალური პროექტის მომზადებასა და მშენებლობაზე – 6 990 000 ლარითაა გამოცხადებული. ამ შემთხვევაში „ერთი“ სამმართველოს მომსახურებას 6 920 100 ლარად სთავაზობს.

აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობენ თუ არა სხვა პრეტენდენტები, შესყიდვების პორტალიდან ამ ეტაპზე არ ჩანს. ეს ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გამოჩნდება.

სატენდერო კომისიის ოქმების მიხედვით, კომპანია „ერთის“ მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო პირობებს.

ტენდერებში ერთ-ერთი მთავარი პირობა კი ის არის, რომ „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 11 მილიონი ლარის ოდენობით – კვინიტაძის ქუჩის შემთხვევაში, ხოლო 10 მილიონი ლარის ოდენობით – გრიშაშვილის ქუჩის შემთხვევაში.

რაც შეეხება კომპანიის გამოცდილებას, მას სამუშაოები სხვადასხვა კერძო კომპანიის დაკვეთით აქვს შესრულებული.

კომპანია „ერთის“ გამოცდილება 2019 წლიდან დღემდე – სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:

  • „წალკაში, სოფელ დაშბაშში რესტორნის და ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები;
  • დაშბაშის კანიონის მიმდებარედ 67 კოტეჯის ფასადის მოწყობისა და შიდა სარემონტო სამუშაოები;
  • სოფელ დაშბაშში კოტეჯების შავი კარკასის მშენებლობის სამუშაოები;
  • სასტუმრო „ჰილტონ კანოპის“ მშენებლობა“.

რამდენად შეესაბამება თუნდაც კოტეჯის ფასადის მოწყობა, რემონტი და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა ტენდერის მოთხოვნას და არის თუ არა ეს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის [ანუ, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის] გამოცდილება? – ამ კითხვით „ბათუმელები“ მერიის სამმართველოს დაუკავშირდა.

სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სატენდერო კომისიის ოქმშია – თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კოტეჯებს, „ეს არის კონსტრუქციული შენობა-ნაგებობებია და არა, ვთქვათ, რაიმე პატარა ხის კოტეჯები“, – გვითხრეს სამმართველოში.

სატენდერო კომისიის 26 აპრილის ოქმის მიხედვით, კომპანიას გამოცდილებაში ასევე მითითებული ჰქონდა დაშბაშის კანიონის ბილიკების პროექტირების, დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები“, რაც „არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობების მშენებლობას და ვერ ჩაითვლება ტენდერის პირობების შესაბამისად. სასტუმრო „ჰილტონ კანოპის“ მშენებლობა კი, შესაბამისობაშია ტენდერით განსაზღვრულ პირობებთან.“

კომისიის 4 მაისის ოქმში კი აღნიშნულია, რომ კომპანიამ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია და „ასევე დამატებით წარმოდგენილი იქნა შპს „კას ლენდთან“ გაფორმებული ხელშეკრულება სოფელ დაშბაშში რესტორნისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის შესახებ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით და ანგარიშფაქტურებით.

დაზუსტებული და ასევე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციებით დასტურდება, რომ შპს „ერთს“ შესრულებული აქვს ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის [საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოები საერთო ღირებულებით 11 მილიონი [და მეტი] ლარის ოდენობით“.

შესაბამისად კომისიამ დაადგინა, რომ „ერთის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო პირობებს.


სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე „ბათუმელების“ მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ შპს „ერთს“, ბათუმის მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ამ ორი ტენდერის გარდა, არც ერთ სხვა სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

შპს „ერთი“ 2016 წელს თბილისში დაფუძნებული კომპანიაა. დამფუძნებლები და 50-50 % წილის მფლობელები არიან: ბექა გურგენიძე და სააქციო საზოგადოება „შტაიერ ჰოლდინგზ&ენტერპრაისიზი“ [შვეიცარია].

იმავე წელს შპს „ერთის“ 50% წილი „შტაიერ ჰოლდინგზ&ენტერპრაისიზმმა“ [შვეიცარია] 1 ევროდ გადასცა შპს „რ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ“-ს [ნიდერლანდები].

დოკუმენტების მიხედვით, ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიის ერთპიროვნული მფლობელია ნიდერლანდების მოქალაქე, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ლენინგრადში დაბადებული ალექსანდერ პოუგოვკინი, ხოლო ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი, ასევე ლენინგრადში დაბადებული და რუსეთის მოქალაქე – ირინა ჩერნიაევა.

„რ.ა.გ. მონდეელ ჰოლდინგ ბ.ვ“ და ირინა ჩერნიაევა წილებს ფლობენ ასევე რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში რეგისტრირებულ შპს „სამშენებლო კომპანია ფედერაციაში“ [STROYTELNAYA KOMPANYYA FEDERATSYYA].

„ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს რუსულ კომპანიასთან. ნიდერლანდული კომპანია ჩვენი დამფუძნებელია და იქაც აქვს რაღაცა [რუსეთში], თუმცა ახლა სანქციების გამო, დაკეტილია, შეჩერებული აქვს იქ საქმიანობა“, – გვითხრა შპს „ერთის“ დირექტორმა ბექა გურგენიძემ.

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1 და 3-ში, როგორც „ბათუმლებს“ ადგილზე მოსახლეობამ უთხრა, ჯამში 15 ოჯახი ცხოვრობს. აქ ორი ორსართულიანი მრავალბინიანი შენობა ავარიულია, რომლებიც ტენდერში გამარჯვებულმა უნდა დაანგრიოს.

„N3-ში მდებარე შენობიდან 7 ოჯახი ჰყავს მერიას ქირით გაყვანილი, პირველ ნომერში კი 8 ოჯახი ვცხოვრობთ. სამი წელია არის დასკვნა, რომ ეს შენობები ავარიულია, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით კონკრეტულად რა გველის. ადრე იყო საუბარი, რომ ქალაქის ტერიტორიაზე გამოგვიყოფდნენ საცხოვრებელ ფართობებს, შემდეგ ითქვა ადგილზე აშენდება ახალი სახლებიო. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ, ადგილზე გვირჩევნია,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

24 ოჯახი ცხოვრობს გრიშაშვილის ქუჩაზე N9-ში მდებარე ორსართულიან მრავალბინიან სახლშიც. ტენდერის პირობის მიხედვით, ეს შენობაც უნდა დაინგრეს და იქვე ახალი აშენდეს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე არ არის დაკონკრეტებული რამდენსართულიანი შენობები უნდა აშენდეს იმ ადგილებში, სადაც არსებული შენობების დემონტაჟი მოხდება.


„ეს საკითხი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაწყდება, ვინაიდან ტენდერი Design-Build მეთოდითაა გამოცხადებული. ამ დროისთვის არსებული გათვლებით კი, ამ ნაკვეთებზე 4-სართულიანი შენობების აშენებაა დაგეგმილი,“ – გვითხრეს სამმართველოში.

Design-Build ანუ DB მეთოდი – გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე.

„რამდენსართულიანი შენობები აშენდება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ეს დამკვეთთან ერთად დაზუსტდება. ჩვენ ვართ მშენებლები-შემსრულებლები. როგორც გადაწყდება და რასაც გვეტყვიან, იმის მიხედვით დავიწყებთ სამუშაოებს“, – გვითხრა ბექა გურგენიძემ სატელეფონო საუბარში.

ორივე ქუჩაზე სამუშაოები მიწის 5 საკადასტრო ერთეულზე უნდა განხორციელდეს. ხუთივე ნაკვეთის საერთო ფართობი 2 446 კვადრატული მეტრია.

ტენდერის ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით კი, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.№1 და 3-ში სამშენებლო ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 3600 კვ.მეტრი, ხოლო ამავე ქუჩის N11-ში – მინიმუმ 1200 კვ.მეტრი.

თამარის დასახლებაში, გრიშაშვილის ქუჩაზე კი, სამშენებლო ფართობი მინიმუმ 4 600 კვ.მ უნდა იყოს.

ტენდერის პირობის მიხედვით, შემდგომში საცხოვრებელი ფართობების დაყოფა/განაწილება შემსყიდველთან ანუ მერიის სამმართველოსთან შეთანხმებით მოხდება.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge




საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF

საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF
access_time2022-07-07 18:00:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა...

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...


მსგავსი სიახლეები

up