ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა.
ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ივლისში წლიურმა ინფლაციამ 10 წლიან მაქსიმუმს 11.9%-ს მიაღწია. რაც ეროვნული ბანკის საწყის სამიზნე მაჩვენებელზე 4-ჯერ და კორექტირებულ მაჩვენებელზე 1.8-ჯერ მეტია.
სების განმარტებით იმისათვის, რომ დროებითი ფაქტორების შედეგად ფასების ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანად არ მოახდინოს გავლენა, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას. ამგვარი პოლიტიკით და ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.