მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, 12 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მეზობელ უკრაინას, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ვიზიტის დროს ორი ქვეყნის ლიდერები ხელს მოაწერენ რამდენიმე დოკუმენტს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
უკრაინა იქნება პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის რანგში ჩადის მაია სანდუ.
თავის მხრივ, მოლდოვის ახალმა პრეზიდენტმა პირველად რუმინეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. კლაუს იოჰანისი კიშინიოვს ეწვია 29 დეკემბერს, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც სანდუს ინაუგურაცია ჩატარდა. მაია სანდუმ, მსოფლიო ბანკის ყოფილმა თანაშრომელმა და ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გასული წლის ნოემბერში ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი.
ექვსი წლის განმავლობაში ეს რუმინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო მოლდოვაში, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დათბობის ნიშანია, მას შემდეგ, რაც დოდონის პირობებში კავშირები პრობლემური იყო.
www.radiotavisupleba.ge