საქართველოში უკვე მეცხრე თვეა, რაც წლიური ინფლაციის განაკვეთი ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს აღწევს. მთავრობისა და ეროვნული ბანკის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, სამომხმარებლო ფასები მარტშიც 11.8%-ით გაიზარდა. თუმცა სტატისტიკა რეალობას სრულად არ აჩვენებს, მიუხედავად იმისა მეტროთი მგზავრობის საფასური გაორმაგდა და 1 ლარი გახდა, ის ინფლაციაში ჯერ არ ასახულა. კომერსანტს საქსტატში განუცხადეს, რომ მონაცემებს აგროვებენ და კორექტირება სავარაუდოდ აპრილიდან მოხდება.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
1-ლი თებერვლიდან დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ერთჯერადი საფასური 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა. ტარიფის ზრდა შეღავათით მოსარგებლეებს (მოსწავლეებს, სტუდენტებს, პენსიონერებს) არ შეხებიათ. ასევე ამოქმედდა სააბონენტო სისტემაც და წლიური აბონენტების მფლობელთათვისაც მგზავრობა დიდად არ გაძვირებულა, მაგრამ 250 ლარის ერთჯერადად გადახდა ყველამ ვერ შეძლო. სხვა ნებისმიერი ტარიფი როგორც წესი მაინც გაძვირებაა, მაგალითად მას ვინც 3 თვიანი სააბონენტო 100 ლარად შეიძინა და ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში დილა-საღამოს მგზავრობს ტარიფი რეალურად 50%-ით გაუძვირდა.
სხვა ფართოდ გამოყენებული პროდუქციიდან ბოლო 1 წელიწადში ყველაზე მეტად საწვავი გაძვირდა. ბენზინისა და დიზელის ფასები 45-45 პროცენტით გაიზარდა. (თუმცა რეალურად დიზელი მეტად გაძვირდა) კარტოფილი 40%-ით, წიწიბურა 38%-ით, შაქარი 32%-ით, ხორბლის ფქვილი 26%-ით, პური 25%-ით, გაყინული ქათმის ხორცი 24%-ით, ზეთი 24%-ით, სულგუნი 23%-ით, შოკოლადი 18%-ით, ლუდი 17%-ით, შებოლილი ხორციც 17%-ით, ყავა და ქარხნული რძე 15-15 პროცენტით. ნიგოზი 14%-ით, თევზის კონსერვი 13%-ით.
ჯამში 305 დასახელების პროდუქტიდან 272-ზე ფასი გაიზარდა, 10-ზე უცვლელად შენარჩუნდა, 23-ზე კი შემცირდა.