აპრილში სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 267 გაძვირდა, 10 მათგანზე ფასები უცვლელად შენარჩუნდა, 28 სახის პროდუქტი კი გაიაფდა. 116 შემთხვევაში ფასები ინფლაციის გასაშუალოებულ მონაკვეთზე - 12.8%-ზე მეტად გაიზარდა.
ყველაზე მეტად 290%-ით კომბოსტო გაძვირდა, 120%0ით გაიზარდა ფასი ბადრიჯანზეც კარტოფილზე კი 54%-ით. საკვები პროდუქტებიდან ასევე მკვეთრად გაძვირდა - კიტრი 44%-ით, წიწიბურა 39%-ით, პომიდორი 37%-ით, პური 30%-ით, შაქარი 29%-ით, სულგუნი 29%-ით, გაყინული ქათმის ხორცი 24%-ით, მზესუმზირის ზეთი 23%-ით, ხილის წვენი 22%-ით, იმერული ყველი 22%-ით, თევზი 21%-ით, ვერმიშელი 21%-ით, დაფქული ყავა 20%-ით, ძეხვი 20%-ით, შებოლილი ხორცი 18%-ით, შოკოლადი 17%-ით, ხაჭაპური 17%-ით, ლუდი 17%-ით, ხსნადი ყავა 16%-ით, კარაქი 15%-ით...
ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა საწვავის გაძვირებამ იქონია. აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბენზინი 41%-ით, ხოლო დიზელი 53%-ით გაძვირდა. ტრანსპორტირების ხარჯის ზრდასთან ერთად, დიზელის გაძვირებამ მიწის დამუშავების ხარჯი და შესაბამისად სოფლის მეურნეობის პროდუქციის თვითღირებულებაც გაზარდა, რის გამოც საკვებ პროდუქტების გაიაფება უახლოეს მომავალშიც არაა მოსალოდნელი.
უკვე მეორე წელია, რაც ინფლაციის ტემპი ნომინალური პენსიის ზრდის ტემპს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში პენსიონერთა რეალური შემოსავალი ზრდის მაგივრად კლებულობს.