ომის 100 დღე. უკრაინა სრული დეოკუპაციისთვის იბრძვის

ომის 100 დღე. უკრაინა სრული დეოკუპაციისთვის იბრძვის

access_time2022-06-03 10:00:46

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 100 დღე გავიდა. 100 დღეში მოსკოვმა თითქმის მთლიანი დონბასის, მარიუპოლისა და ხერსონის დაპყრობა შეძლო, თუმცა კიევის აღება ვერ მოახერხა, დაცემას გადაურჩა სიდიდით მეორე ქალაქი ხარკივიც. სუვერენიტეტის შენარჩუნებაში უკრაინა ძალიან მაღალ ფასს იხდის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით ყოველდღიურად ფრონტზე 60-დან 100-მდე ჯარისკაცი იღუპება. მტრის შეკავება მხოლოდ გეგმა მინიმუმია, საბოლოო მიზანს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის სრული დეოკუპაცია წარმოადგენს. ბოლო 77 წელიწადში კონტინენტზე ყველაზე სისხლისმღვრელმა ომმა ეკონომიკურად სხვა ქვეყნებიც დააზიანა. მსხვერპლი მაღალია რუსეთის მხრიდანაც, რასაც სანქციებიც ემატება, თუმცა მეზობელი სახელმწიფოს განადგურების იდეაფიქსით შეპყრობილ ქვეყანაში პუტინის რეიტინგი 3 თვეზე მეტია 80%-იან ნიშნულზე ნარჩუნდება.


საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანის, შუა აზიისა და ჩრდილოეთ კავკასიის შემდეგ რუსეთმა 2014 წლიდან უკრაინისთვისაც „მოიცალა“. პუტინმა შიდა არეულობით ისარგებლა და თებერვალში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია ტყვიის გასროლის გარეშე მოახერხა. გაზაფხულიდან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები „აჯანყდნენ“. გამოუცხადებელი ომის აქტიური ფაზა თითქმის 1 წელი გაგრძელდა, შედეგად რუსეთმა დონბასის დაახლოებით 1/3-ის ოკუპაცია მოახდინა. საბრძოლო მოქმედებებს 13 000 ადამიანი ემსხვერპლა. მართალია ცალკეული შეტაკებები ახალი დიდი ომის დაწყებამდეც გრძელდებოდა, მაგრამ ამას ფრონტის ხაზი დიდად არ შეუცვლია.



ყირიმის ანექსიას წინ მაიდნის მოვლენები უძღოდა. თავად მაიდანს კი იანუკოვიჩის გადაწყვეტილება, რომელმაც 2013 წლის ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. იქამდეც და მის მერეც მოსკოვი ამტკიცებს, რომ მისთვის თვისობრივად მიუღებელი NATO-ს საზღვრების გაფართოებაა და მეზობელი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია პრობლემას არ წარმოადგენს, რეალობა კი განსხვავებულია. არათუ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, პუტინისთვის 9 წლის წინ ევროკავშირთან პროდუქტის განბაჟების გარეშე ექსპორტიც წითელი ხაზი აღმოჩნდა.


ღიად პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც თავს მოსკოვში გაქცევით უშველა, 2014 წლიდან პეტრო პოროშენკომ 2019 წლიდან კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცვალა. 2021 წლიდან საოკუპაციო ხაზთან და საზღვრის მთელ პერიმეტრზე მდგომარეობა ნელ-ნელა დამძიმდა. 2022 წლის იანვარში რეგიონში უკვე ყველა მოსალოდნელ ომზე საუბრობდა. ბაიდენის ფრაზა - „მცირე შეჭრა“ სკანდალის მიზეზი გახდა, რაზედაც თეთრ სახლს განმარტების გაკეთება მოუწია. ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს რეაგირება საზღვრის ნებისმიერი გადაკვეთის შემთხვევაში ექნება, მნიშვნელობა არ ჰქონდა მოხდებოდა თუ არა უშუალოდ კიევზე იერიში.


შეჭრა


შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 14 წელიწადში პუტინისთვის ოლიმპიური თამაშები საკრალურ მოვლენად იქცა. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს შემოიჭრა, 2014 წლის თებერვალში ყირიმის ანექსია სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მოახდინა, 2022 წლის თებერვალში პეკინის ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღეს 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა ცნო 3 დღის შემდეგ კი ომი დაიწყო. ინტერვენციამდე მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა თავის რუს კოლეგას 21 თებერვლამდე ომის დაწყებისგან თავშეკავება სთხოვა. 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით მსოფლიო ყურადღების ცენტრში ჩინეთი უნდა ყოფილიყო. ომის დაწყება ოლიმპიადის დასრულებას საეჭვოდ დაემთხვა, რაც აჩენს ეჭვს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა.


უკრაინაში შეჭრამდე რუსული და პრორუსული მედია ამტკიცებდა, რომ კიევი 72-96 საათში დაეცემოდა. „სლავური ავღანეთი“ მითი იყო, რომ მოსახლეობა რუსულ ტანკებს ყვავილებით შეხვდებოდა. სინამდვილეში მოსახლეობამ ინტერვენციის პირველივე დღიდან ბარიკადების აღმართვა და მოლოტოვის კოქტეილების სროლა დაიწყო. საოკუპაციო ჯარი „განმათავისუფლებელ არმიად“ უკრაინის რუსულენოვან ქალაქებშიც არ უღიარებიათ.




ომის დანაშაულები


იმ ქმედებების ჩამონათვალი, რაც შესაძლოა ომის დანაშაულად შეფასდეს ძალიან ვრცელია. ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევით მოსკოვმა საცხოვრებელ კორპუსებზე, სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე, უნივერსიტეტზე, სამშობიაროზე, საავადმყოფოებზე, ბავშვთა სახლებზე, მოხუცთა თავშესაფრებზე თუ სხვა სამოქალაქო ობიექტებზე მასირებული საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო იერიში მიიტანა. რუსეთმა გამოიყენა აკრძალული ფოსფორისა და თერმობარული ე.წ. ვაკუუმური ჭურვებიც. ბუჩაში მოწყობილი სასაკლაო „გენოციდად“ ბალტიის სამივე სახელმწიფო, ჩეხეთმა და კანადამ აღიარა. ინტერვენციას 2 ივნისს მსგავსი შეფასება მისცა ირლანდიამაც. ოკუპირებულ ქალაქში 700-მდე უიარაღო ადგილობრივი რუსმა სამხედროებმა არასაომარ ვითარებაში დახვრიტეს, მათი ნაწილი მკვლელობამდე აწამეს და გააუპატიურეს, ნაწილს სროლის მომენტში ხელები ჰქონდა შეკრული. მოსკოვი ერთ დროს ამტკიცებდა, რომ კოდორის ხეობას და იქამდე ქართულ ქალაქებს ქართველი პილოტი გადაღებილი თვითმფრინავით ბომბავდა, დონბასში მის მიერ დახოცილ 13 000 ადამიანზე პასუხისმგებლობა უკრაინულ მხარეს დააკისრა სტრატეგია არც ახლა შეუცვლია და კიევი პირდაპირი მნიშვნელობით გვამების ჩალაგებაში დაადანაშაულა. მართალია თანამგზავრული ფოტოები სხვა რამეს ამტკიცებს, მაგრამ ამ უკანასკნელს Россия-24-ის მაყურებლისთვის რაიმე მნიშვნელობა არ გააჩნია.




მსხვერპლი


100 დღის თავზე რამდენია მსხვერპლი? ეს საკმაოდ რთული კითხვაა. ომში თითოეული მხარე საკუთარი დანაკარგის შემცირებასა და მოწინააღმდეგის დანაკარგის გაზრდას ცდილობს. რუსული მხარე ჯერ კიდევ 16 აპრილს ამტკიცებდა, რომ უკრაინას 23 300 ჯარისკაცი მოუკლა, რაც უდავოდ გაზვიადებული რიცხვია. იმავე პერიოდის მონაცემით კიევი 3000 დაღუპულს აღიარებდა, შეერთებული შტატების შეფასებით კი მსხვერპლი 5500-დან 11 000-მდე შეიძლება ყოფილიყო. ივნისში ზელენსკი ყოველდღიურად გარდაცვალების 60-100 ფაქტი დაადასტურა. თუ აშშ-ის შეფასება სწორი იყო, 19 აპრილის მდგომარეობით უკრაინულ არმიაში მსხვერპლი 8250 უნდა ყოფილიყო, რაც დღიურად 150 დაღუპულს ნიშნავს. ეს კი თავის მხრივ 100 დღეზე 15 000-ა. ზელენსკის შეფასებით მსხვერპლი საშუალოდ 8000 უნდა იყოს.


მოსკოვი მთელი 3 დღე ამტკიცებდა, რომ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უდანაკარგოდ ატარებდა. სანამ უკრაინას ტანკებით დაეხმარებოდნენ კრემლი 1900 უკრაინული ტანკის აფეთქებითაც იწონებდა თავს, მაშინ როცა ომის დაწყებამდე უკრაინას მხოლოდ 857 ტანკი გააჩნდა. კვირას 27 თებერვალს რუსეთმა 491 დაღუპული დაადასტურა. 22 მარტს 9861 დაღუპული აღიარა, მაგრამ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან რამდენიმე წუთში გაქრა 2 დღის შემდეგ კი მსხვერპლად 1351 ჯარისკაცი დასახელდა. მას შემდეგ კრემლს ოფიციალური ინფორმაცია აღარ განუახლებია. კიევი აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა რუსულ არმიაში 31 000-ს აღწევს. დასავლეთის ქვეყნები რიცხვ 15 000-ს ასახელებენ. პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი სეპარატისტულ ძალებშია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარებით 26 მაისის მდგომარეობით მათ რიგებში 1900 სამხედრო იყო მოკლული. ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ კი 2 თვის წინ 5 აპრილს 600 გარდაცვლილი აღიარა.



რაოდენობრივად ყველაზე დიდი მსხვერპლი მაინც მშვიდობიან მოსახლეობაშია და კიევის შეფასებით ის უკვე 27 000-ს აჭარბებს უმეტესობა მარიუპოლსი დაიღუპა. თუ გასაშუალოებულ მონაცემებს ავიღებთ. სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ჯამური მსხვერპლი უკვე 60 000-ს აჭარბებს. ომი გრძელდება და როდის დასრულდება ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია, ერთადერთი რაც ცხადია, ისაა რომ უახლოეს მომავალში მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბი გაიზრდება.



სანქციები


ომის დაწყებამდე პრორუსული მედია ამტკიცებდა, რომ ინტერვენციის შემთხვევაში ამერიკა რუსეთის მოქალაქეებს აიფონებს აღარ მიჰყიდდა, რამდენიმე ოლიგარქს ვიზებს გაუუქმებდა, სიტყვიერ აღშფოთებას გამოხატავდა და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. რეალობა ამ შემთხვევაშიც საწინააღმდეგო აღმოჩნდა. რუსული ბანკები საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან ჩახსნეს, რუსეთიც ცენტრალურ ბანკს ამერიკულ ბანკებში შენახული რეზერვების თითქმის ნახევარი $300 მლრდ გაუყინეს, რუსეთში გაცემული VISA და MasterCard ბარათები დაბლოკეს, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებმა რუსულ თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტეს. Coca-Cola, McDonald’s, Apple, Samsung, Adobe, Microsoft, Nike, Adidas, Airbus… ის იმ გლობალურ კომპანიათა ძალიან მცირე ჩამონათვალია რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს. რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქტის (პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივ სამოქალაქო დანიშნულებისაა, მაგრამ მისი სამხედრო მრეწველობაში გამოყენებაც შეიძლება, ძირითადად ჩიპები) ექსპორტი აიკრძალა რამაც ადგილობრივი წარმოების შეჩერება გამოიწვია. ყველაფერთან ერთად ავტოვაზის იგივე ჟიგულების საწარმოც გაურკვეველი ვადით შეჩერდა.


სანქციების პირველმა ტალღამ რუბლის კურსზე გადაიარა. ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს, ანუ პირველივე ორშაბათს დოლარის ფასმა 100 რუბლს გადააჭარბა, რაც 1998 წლის დენომინაციის შემდეგ აღარ მომხდარა. მალევე 140.0-იან ნიშნულსაც მიაღწია. საპასუხოდ ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-დან მყისიერად 20%-მდე გაზარდა და $60 მლრდ-ის რეზერვები გაყიდა. ბიზნესს ექსპორტისგან მიღებული შემოსავლის 80%-ის რუბლებში გადახურდავება დაევალდებულა, მოქალაქეებს თვეში $5000-ზე მეტის საზღვარგარეთ გადარიცხვა აეკრძალათ, დოლარის შესყიდვაზე 30%-იანი საკომისიო დაწესდა. ამ ყველაფერმა პლუს იმპორტი შემცირებამ და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ ნომინალური კურსი მკვეთრად გაამყარა და დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 63 რუბლს შეადგენს.




რუბლის გამყარება რუსეთისთვის დადებით როლს უფრო ფსიქოლოგიურ ჭრილში თამაშობს. სხვა მხრივ თავადვე აღიარებენ, რომ წელს ეკონომიკა 10-15 პროცენტით შემცირდება, რაც ძალიან დიდი ვარდნაა. შედარებისთვის 1998 წელს როდესაც ქვეყანას დეფოლტის გამოცხადება მოუხდა მისი ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, 2009 წლის კრიზისის დროს 7.8%-ით, 2015 წელს უმნიშვნელო სანქციების შედეგად 2%-ით, 2020 წელს კოვიდრეგულაციების გამო 3%-ით. ორნიშნა ვარდნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს სულ ორჯერ ჰქონდა 1992 წელს როდესაც ეკონომიკა 14.5%-ით შემცირდა და 1994 წელს როდესაც ვარდნის ტემპმა 12.6% შეადგინა. წლევანდელი ვარდნა როგორც მინიმუმ 1994 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება და შეიძლება საერთოდ პოსტსაბჭოთა პერიოდის რეკორდიც მოხსნას.


ენერგორესურსები ევროპისთვის ერთგვარ აქილევსის ქუსლად რჩება. სანქციების მეექვსე პაკეტით რუსეთიდან ნავთობის ტანკერებით იმპორტი აიკრძალა, მილსადენით არა. ბუნებრივ გაზს ემბარგო არ შეხებია. შეერთებულმა შტატებმა და კანადამ იმპორტი სრულად აკრძალეს, მაგრამ მათი წილი დიდი არასდროს ყოფილა. ევროკავშირმა ქვანახშირის იმპორტიც აკრძალა, მაგრამ დიდი ძვრები არც მას მოუხდენია.


რუბლის გამყარებასა და დეფოლტის თავიდან აცილებაში თავისი წვლილი ენერგორესურსების ექსპორტით მიღებულ შემოსავლებსაც მიუძღვის. ომამდე ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი გაზის, გათხევადებული გაზისა და ქვანახშირის გაყიდვებით რუსეთი ექსპორტისგან მიღებული შემოსავლის 50%-ს აგენერირებდა. ისედაც მწირი წარმოებისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე წელს მისი წილი ექსპორტში გაიზარდა.


ზელენსკი ევროპელ პოლიტიკოსებს ხშირად ამუნათებს და ომის დაფინანსებაში ამხელს. განწყობები ნეგატიურია ევროპის ქვეყნების მოსახლეობაშიც, თუმცა რუსულ ნავთობს უნგრეთის პრეზიდენტი ორბანი მაინც ვერ ელევა. ორბანი ემბარგოს ყველაზე გამოკვეთილი მოწინააღმდეგეა, მაგრამ არა ერთადერთი. მტკიცე პოზიცია არც იტალიას, საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ.


ემბარგოს ალტერნატივა ფასების ვარდნაა. 80-იან წლებში ნავთობზე ფასების ვარდნამ საბჭოთა კავშირის აღსასრული დააჩქარა, 90-იან წლებში კი რუსეთი ემბარგომდე მიიყვანა. ჯერჯერობით ბარელი ნავთობის ფასი $110-ს აღემატება. 2014 წლის შემდეგ 2022 წელს ფასმა $100-იანი ნიშნული პირველად გადალახა, მარტში $130-საც გადააჭარბა. იმისთვის რომ ფასი შემცირდეს, ან მიწოდება უნდა გაიზარდოს, ან მოთხოვნა შემცირდეს. რამდენიმე კვირაში პლანეტის მოსახლეობის ნახევარი ელექტრომობილზე ვერ გადაჯდება, საუდის არაბეთი მიწოდების გაზრდის წინააღმდეგია და ირანისთვის სანქციების მოხსნასაც ეწინააღმდეგება. მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგი ჯერ არც ვენესუელასთან მოუტანია. ამ გადმოსახედიდან ფასების მკვეთრი კლება გამორიცხულია, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში რაიმეს ფასად წარმოების ზრდაზე დაყოლიება მაინც შესაძლებელია. თუ 2014 წლის ივნისში ბარელი ნავთობის ფასი $110-ს შეადგენდა, 2015 წლის იანვარში ღირებულება $56-მდე იყო შემცირებული. ენერგორესურსების ემბარგო ან მათი ფასების მკვეთრი ვარდნა რუსეთს დამატებით მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა.




სანქციების მიუხედავად ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ადამიანურ მსხვერპლთან ერთად ეკონომიკურ ზარალსაც უკრაინა უფრო მეტად განიცდის. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით წელს უკრაინის ეკონომიკა 45%-ით შემცირდება. საქართველოს ეკონომიკა 1992 წელს სწორედ ამდენივეთი შემცირდა, რამაც ქვეყანა ათწლეულებით უკან დახია. მასშტაბური საგარეო დახმარების გარეშე 5%-იანი ზრდის პირობებში ომამდელ პერიოდთან დასაბრუნებლად უკრაინას 13 წელი დასჭირდება.


ომისგან მიყენებულმა ზარალმა უკრაინაში $600 მლრდ-ს გადააჭარბა, ზოგი დათვლით $1 ტრლნ-საც. რამდენი იქნება ზარალი ომის დასრულების მომენტში ამის წინასწარ თქმა ისეთივე რთულია, როგორც მსხვერპლის სავარაუდო ოდენობის. უკრაინის აღდგენისთვის ერთ-ერთ მსხვილ ტრანშად გაყინული რუსული $300 მლრდ-ის კიევისთვის გადაცემა განიხილება. რუსეთი კერძო შტატებს კერძო საკუთრების ხელყოფის მცდელობაში სდებს ბრალს, მაგრამ თავად რატომ ანადგურებს სხვის კერძო საკუთრებას საავიაციო დაბომბვითა თუ მოროდიორობით ამაზე განმარტებას არ აკეთებს და არც სხვების სიცოცხლის ხელყოფაზე სურს პასუხისგება.


გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე


მსოფლიოს უდიდეს და ევროპის უდიდეს სახელმწიფოს შორის ომი თავიდანვე ცხადი იყო რომ გავლენას მთელს რეგიონზე და არა მხოლოდ მასზე მოახდენდა. ომმა თითქმის მთელ მსოფლიოში ინფლაციური პროცესები დააჩქარა, ეკონომიკური ზრდის ტემპი კი შეანელა. განსაკუთრებით სურსათი გაძვირდა. უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი იყო. რუსეთმა ოკუპირებული რეგიონებიდან 400 000 ტონა ხორბალი უკვე გაიტაცა და გაყიდა, ძირითადად სირიაში. 22 მლნ ტონა კი ისევ უკრაინის პორტებშია ბლოკირებული. ეს ძალიან დიდი რიცხვია 22 მლნ ტონა ხორბალი 100 მლნ ადამიანის წლიურ მოხმარებას უდრის. მოსალოდნელი და უკვე დაწყებული სასურსათო კრიზისის ფონზე კიდევ ერთმა მსხვილმა ბეღელმა - ყაზახეთმა ექსპორტი შეზღუდა, ინდოეთმა კი მთლიანად აკრძალა. საქართველოში, რომელიც 85%-ით იმპორტზეა დამოკიდებული პური აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაძვირდა. ნავთობის გაძვირებამ მიწის დამუშავებაც გააძვირა, რამაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის თვითღირებულება გაზარდა, რაც სურსათზე ძველი ფასების დაბრუნების ალბათობას თითქმის ბოლომდე გამორიცხავს.


მსოფლიო სტაგფლაციის მიუხედავად მთავარ კითხვად მაინც ის რჩება, თუ რა შედეგით დასრულდება ომი. დღეს რომ კიევის თავზე ისევ უკრაინის დროშა ფრიალებს უმთავრესად უკრაინელთა თავდადების დამსახურებაა. ორ დღეში კაპიტულაციის გამოცხადების ან პრეზიდენტის ქვეყნიდან გაქცევის შემთხვევაში, ვაშინგტონი ჯაველინებს რუსულ ადმინისტრაციას ვერ და არ მიაწოდებდა.


სამხედრო დახმარება


ომის პირველ ფაზაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იყო. შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთისგან უკრაინამ ათასობით Javelin, NLAW, Stinger და Starstreak მიიღო. მეორე ფაზაში აქტუალური ომი ღმერთად წოდებული არტილერია გახდა. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ბუქსირებადი M777 მოდიფიკაციისა და თვითმავალი M109 ტიპის ჰაუბიცები მიაწოდა. უკრაინის განკარგულებაშია ჩეხური „დანები“ და სლოვაკური „ზუზანებიც.“




9 მაისს ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის აქტს მოაწერა ხელი. შეიარაღების ძირითად ნაწილს ივლისიდან ელოდებიან. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ კიევს 4 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - HIRMAS გადაეცემა რომელსაც მაღალი სიზუსტით რეაქტიული ჭურვების სროლა 70 კმ მანძილზე შეუძლია. რუსეთს მსგავსი შორს მსროლელი არტილერია არ გააჩნია, რაც უკრაინას მიზნის დაბალი რისკის საფასურად განადგურების საშუალებას მისცემს. HIRMAS-ის ზოგიერთი მოდიფიკაციის სროლის მანძილი 300 და 500 კმ-საც აღწევს, თუმცა ბაიდენის განცხადებით დამატებითი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით უკრაინას არ გადაეცემა ისეთი შეიარაღება, რომელიც დაბომბვას რუსეთის ტერიტორიაზეც შეძლებს. ერთეული გამონაკლისების გარდა ომი მთელი 100 დღე უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ომის მსვლელობისას როსტოვის აეროდრომიც დაიბომბა, ბელგოროდის ნავთობბაზაც, იმავე ქალაქის იარაღის საწყობიც და ბრიანსკიც სარკინიგზო ხიდიც, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ამ ფაქტებს უფრო გამამხნევებელი მნიშვნელობა ჰქონდა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის და კიევისთვის სამხედრო უპირატესობა არ მოუტანია.




რა შეიძლება გადაეცეს უკრაინას დამატებით ლენდ-ლიზის პროგრამით? სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა 10 მაისს კომერსანტთან საუბრისას განმარტა, რომ თეორიულად ყველაფერი ბირთვული შეიარაღების გარდა, თუმცა მისი თქმით ტანკებისა და მითუმეტეს ავიაციის გადაცემის ალბათობა დაბალია, რადგან მათ ათვისებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.


უკრაინას მხოლოდ აშშ და ბრიტანეთი არ ეხმარება. უნგრეთის გარდა ყოფილი აღმოსავლეთ ბანაკის ქვეყნებმა საკუთარი შეიარაღების მათ შორის ტანკების, თვითმფრინავებისა და საზენიტო-სარაკეტო საშუალებების დიდი ნაწილი დათმეს. სანაცვლოდ შტატები მათ ახალ შეიარაღებას გადასცემს. უკრაინას ყველაზე მეტად ერთ დროს მოსისხლე მტერი - პოლონეთი ეხმარება. ვარშავამ კიევს თავად გადასცა დიდი რაოდენობის არსენალი და დასავლური შეიარაღებაც უკრაინაში ძირითადად პოლონეთის საზრიდან ხვდება. ასევე პოლონეთმა ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ პოლონეთი ლვივის ანექსიას გეგმავს, მაგრამ რუსული პროპაგანდა რომ სიმართლეს ამბობდეს, ახლა ჩოლოქზე თურქი ჯარისკაცები უნდა იდგნენ.


რუსეთის გეგმა მინიმუმს დონბასის სრული ოკუპაცია წარმოადგენს, პარალელურად არც უკვე ოკუპირებული ხერსონისა და მარიუპოლის დათმობას გეგმავს. კიევი აცხადებს, რომ ომის დასრულების სანაცვლოდ გარკვეულ კომპრომისზე თანახმაა, ეს კომპრომისი კი 23 თებერვლამდე არსებულ პირობით საზღვრებში დაბრუნებაა, მაგრამ არა ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების აღიარების სანაცვლოდ. უკრაინის საბოლოომიზანს ქვეყნის სრული დეოკუპაცია და კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მათ სორის ყირიმის ნახევარკუნზულზე აღდგენა წარმოადგენს. მოსკოვის გეგმა კიევისთვისაა მიუღებელი, კიევის - მოსკოვისთვის, ამიტომ ომი გრძელდება.




პოლიტიკოსების დანაშაულებრივ შეცდომებზე ზოგჯერ თაობებს სიცოცხლით პასუხისგება უწევთ. 28 წლის წინ უკრაინა ბირთვული სახელმწიფო იყო. კიევი 1900 ბირთვულ ქობინს ფლობდა, ანუ უფრო მეტს ვიდრე იმ დროისთვის აშშ-ისა და რუსეთის გარდა ყველა ბირთვული ქვეყანა - ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ისრაელი ერთად აღებული. 1994 წლის 5 დეკემბერს, ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტობის დროს, ბუდაპეშტის მემორანდუმით ბირთვული ქობინების რაოდენობით პლანეტის #3 სახელმწიფომ მთელი თავისი ატომური შეიარაღება დათმო. ბირთვული სახელმწიფოს ოკუპაცია აქამდე არავის უცდია და სურვილის მიუხედავად მსგავსი ნაბიჯის გადადგმას პუტინის რეჟიმიც კი ვერ გაბედავდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up