10 წლიწადში ნომინალური პენსია 140%-ით გაიზარდა, მსყიდველუნარიანობით - 60%-ით

10 წლიწადში ნომინალური პენსია 140%-ით გაიზარდა, მსყიდველუნარიანობით - 60%-ით

access_time2021-12-07 14:00:00

2022 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია 20 და 25 ლარით იზრდება. 70 წლამდე ადამიანები 240-ის ნაცვლად 260 ლარს აიღებენ. 70 წელს გადაცილებულები კი 275-ის ნაცვლად 300-ს. მაღალმთიან რეგიონებში 20%-ით მეტს. ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ნომინალური პენსია 140%-ით გაიზარდა, მსყიდველუნარიანობის მიხედვით კი მხოლოდ 60%-ით.

 


2012 წელს 67 წლამდელებისთვის ასაკობრივი საბაზისო პენსია 100 ლარს შეადგენდა, რასაც სტაჟის მიხედვით 5, 7 ან 10 ლარი ემატებოდა, რადგან უმრავლესობა 110 ლარს იღებდა, შეიძლება ჩავთვალოთ რომ პენსია მართლაც 110 ლარი იყო. 67 წელს გადაცილებული პირები 125 ლარს იღებდნენ, ამ შემთხვევაში სტაჟს მნიშვნელობა აღარ ენიჭებოდა. დღეს ხშირად ისმის თანხა 150 ლარი. 150 ლარიანი პენსია მხოლოდ 2013 წლის ბიუჯეტით იყო განსაზღვრული.

 


ხელისუფლებაში მოსვლამდე ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ დაპირებას პენსიების ზრდა წარმოადგენდა. ივანიშვილის დაპირების მიხედვით, „ღირსეული პენსია“ 220-230 ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. კონკრეტული რიცხვი ოფიციალურ საარჩევნო პროგრამაში არ ჩაწერილა, მაგრამ დაწერილ საარჩევნო პროგრამას როგორც წესი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ეცნობა და მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საჯარო განცხადებებია. რადგან პარლამენტი 4 წლის ვადით ირჩევა, თუ რაიმე სხვა არ არის ნათქვამი, დაპირებებიც მაქსიმუმ 4 წელზე გაწერილად აღიქმება. 2016 წელს პენსია დაპირებულ 220 ლარზე 40 ლარით ნაკლები - 180 ლარი გახდა.

 


პენსიის მკვეთრ ზრდას ხელს ორი გარემოება უშლის: დაბალი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობაში პენსიონერთა წილის ზრდა. თუ ღარიბაშვილის ნათქვამი გამართლდა და 2022 წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, მაშინ 2013-2022 წლებში ჯამურ 37%-იან ზრდას მივიღებთ. რაც განვითარებადი ქვეყნისთვის ძალიან ცოტაა.

 


20-25 ლარიანი მომატების გათვალისწინებით რეალური პენსია 60%-ით გაიზარდა, მაგრამ საპენსიო ხარჯის ზრდა უფრო მაღალი აღმოჩნდა. 2012 წელს ასაკობრივი პენსიის ხარჯი 1.065 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით ამჟამინდელ 1.572 მლრდ-ს უდრის. 2021 წელს საპენსიო ხარჯმა 2.600 მლრდ-ს მიაღწია, ანუ 65%-ით მეტს. იმავე პერიოდში ეკონომიკა მხოლოდ 35%-ით გაიზარდა. 2022 წელს კი საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2.885 მლრდ ლარია გათვალისწინებული.

 


2012 წელს ქვეყანაში ასაკობრივ პენსიონერთა რაოდენობა 683 ათასს შეადგენდა, 2020 წელს კი 784 ათასს. წლიური ზრდა საშუალოდ 1.7%-ს უდრიდა. რეალური ზრდა თითოეულ შემთხვევაში საშუალოს არ ემთხვევა, მაგრამ ყველა ვარიანტში 2022 წელს პენსიონერთა რაოდენობა 800 ათასს გადააჭარბებს.

 


2022 წელს პენსიაზე 1957 წელს დაბადებული კაცები და 1962 წელს დაბადებული ქალები გავლენ. რადგან 60-იან 70-იან წლებში საქართველოში შობადობა მაღალი იყო, პენსიონერთა რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება.

 


კოვიდით გარდაცვლილთა დიდი ნაწილი პენსიონერია, მაგრამ პანდემია მაინც დროებითი მოვლენაა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა კი უფრო პერმანენტულ ხასიათს ატარებს. 2012-2019 წლებში მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71.2-დან 72.7 წლამდე გაიზარდა, საქართველოში 72.1-დან 73.8-მდე. ზრდა მომავალშიც გაგრძელდება.


 


სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა პოზიტიური ფაქტია, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით შობადობის კლებაზე და საქართველოს შემთხვევაში მიგრაციაზე. ოფიციალური მონაცემებით 1994-2020 წლებში უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 1.265 მლნ-ს გადააჭარბა. მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდა ან შუა ხნის იყო. მიგრაციამ სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია.

 


საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 845 ათასს შეადგენდა და მათგან 295 ათასი საჯარო მოხელე იყო და ხელფასს ბიუჯეტიდან იღებდა. ბიზნესის მიერ 550 ათას დასაქმებულს 400 ათასი თვითდასაქმებულიც ემატებოდა, რომელთა დიდი ნაწილი გადასახადებს პირდაპირი ფორმით არ იხდიდა, თუმცა ქმნიდა დოვლათს და ქვეყნის მშპ-ის ფორმირებაში თავისი წვლილი შეჰქონდა.

 


ის პრობლემები, რაც საქართველოს უდგას, მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობია, განვითარებულ ქვეყნებში მიგრაციული სალდო დადებითია, თუმცა შობადობა კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული. განვითარებული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შობადობის კოეფიციენტი 2.0-ზე ნაკლები, რიგ შემთხვევებში კი 1.5-ზე ნაკლებია. ქვეყნები იძულებულები ხდებიან ნელ-ნელა საპენსიო ასაკი გაზარდონ.

 


საპენსიო ასაკის გაზრდა პრობლემის გადაწყვეტის არასრული გზაა, მეორე საშუალებად საპენსიო ფონდები მიიჩნევა, რომელიც ზოგ სახელმწიფოში ნებაყოფლობითია, ზოგან სავალდებულო. სხვადასხვაა შენატანის მოცულობაც.

 


2019 წლიდან საქართველოში პრინციპით 2+2+2 სავალდებულო საპენსიო დაზღვევა ამოქმედდა. რომლის მიხედვითაც ყველა დაქირავებით დასაქმებულს დარიცხული ხელფასიდან 2% ეჭრება, 2%-ს დამსაქმებელი უმატებს, ხოლო 2% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ირიცხება. 2021 წელს საპენსიო ფონდისთვის 220 მლნ ლარი გამოიყო. 2022 წელს კი 250 მლნ ლარია გათვალისწინებული. 2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით სქემაში 1.222 მლნ ადამიანია რეგისტრირებული, მათი რაოდენობა თვეში საშუალოდ 11 ათასით იზრდება. საპენსიო აქტივების მოცულობა 1.890 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 247 მლნ ლარი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელია.

 


იმაზე, რომ სახელმწიფო მომავალში დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებს მოსახლეობის პენსიით უზღრუნველყოფას, არავინ დაობს. კამათს 2 საკითხი იწვევს: 1) უნდა იყოს თუ არა ის სავალდებულო და 2) რამდენად გამართლებულია რომ დასაქმებულს ბიუჯეტიდან თანხა უმუშევარმაც უხადოს.

 


საპენსიო ფონდის სარგებლიანობა ათწლეულების შემდეგ გამოჩნდება. რაც შეეხება სახელმწიფო პენსიას. მთავრობას პენსიის 20-25 ლარით ზრდას კანონი ავალდებულებს. ზომიერი ინფლაციის პირობებში ეს მინიმალურ ზრდას ნიშნავს, ხოლო ისეთში, როგორიც 2021 წელსაა, მხოლოდ დანაკარგის შემცირებას. 2020 წელს ასაკობრივი პენსია 220 და 250 ლარს შეადგენდა, 2021 წელს 240 და 275-ს, თუმცა მსყიდველუნარიანობის მიხედვით შარშანდელი 220 ლარი წლევანდელ 248 ლარს უდრის, 250 ლარი კი 281 ლარს.

 


დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი შევარდნაძისდროინდელი ფორმულით იანგარიშება. 18 წლის წინ დაადგინეს, რომ შრომისუნარიანმა მამაკაცმა დღის განმავლობაში 250 გრამი პური, 20 გრამი ლობიო, 15 გრამი მაკარონი, 10 გრამი ღორის ხორცი, 10 გრამი ძეხვი, 0.5 კვერცხი, 25 გრამი მაწონი, 15 გრამი სტაფილო, 20 გრამი ღვინო და ჯამში 40 დასახელების პროდუქტი უნდა იკმაროს. რომელთა ჯამური ენერგეტიკული ღირებულება 2300 კილოკალორიას შეადგენს.

 


თავი რომ დავანებოთ 10 გრამი ხორცის მოცულობას, 2300 კილოკალორიაც არასაკამარისია და ის 13 წლის ბავშვის ნორმაა. 15-დან 50 წლამდე მამაკაცს საშუალოდ 2600-3000 კილოკალორია სჭირდება, ეს დამოკიდებულია წონაზე. ქალს შედარებით ნაკლები, თუმცა ფეხმძიმობისა და მეძუძურეობის პერიოდში უფრო მეტი საკვები ესაჭიროება.

 


საარსებო მინიმუმში ხარჯის 70% კვებისთვისაა გათვალისწინებული. საქსტატი მხოლოდ მას ითვლის. დარჩენილ 30%-ს კი პირდაპირ ამატებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება კომუნალური გადასახადები, ჰიგიენის საშუალებისა თუ ტანსაცმლის ფასები.

 


ასეთი დაანგარიშებით მიმდინარე წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმმა 224 ლარი შეადგინა. ფორმულის ცვლილების შემთხვევაში, არსებული რეალობის გათვალისწინებით მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილებითაც კი, ის როგორც მინიმუმ 1.5-ჯერ გაიზრდება და 336 ლარი გახდება, რაც იმის აღიარება იქნება, რომ პენსია საარსებო მინიმუმს ჩამორჩება.

 


პენსიის ზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების, განათლების ან თავდაცვისუნარიანობის დაფინანსების შემცირების ხარჯზე, პოპულისტური, დროებითი და ამავე დროს საშიში ნაბიჯი იქნება. გამოსავალი მხოლოდ გრძელვადიანი სწრაფი ეკონომიკური ზრდაა. 2007 წლის შემდეგ პირველად 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ ორნიშნა მაჩვენებლით გაიზრდება, მაგრამ ეს მხოლოდ გასული წლის რეკორდული 6.8%-იანი ვარდნის ხარჯზე მოხერხდება. 2013-2019 წლებში ზრდის ტემპს 5%-ისთვის არასდროს გადაუჭარბებია, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ამჟამინდელ მაჩვენებლებთან დაწევასაც კი დროში ათწლეულებით ავადებს.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up