10 წელიწადში ჩინეთში ექსპორტის 1860%-იანი ზრდის მიუხედავად, საქართველო შესაძლებლობების მხოლოდ მიზერულ ნაწილს იყენებს

10 წელიწადში ჩინეთში ექსპორტის 1860%-იანი ზრდის მიუხედავად, საქართველო შესაძლებლობების მხოლოდ მიზერულ ნაწილს იყენებს

access_time2021-10-11 10:00:16

პლანეტის #2 ეკონომიკა უკვე მეორე წელია საქართველოს #1 საექსპორტო პარტნიორია. ბოლო 8 თვეში საქართველოდან ჩინეთში უფრო მეტი ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე 1995-2015 წლებში ერთად. თუ პირველი 8 თვის მაჩვენებლებს განვიხილავთ ბოლო 5 წელიწადში ჩინეთში ექსპორტი 252%-ით გაიზარდა, ბოლო 10 წელიწადში - 1860%-ით, ბოლო 15 წელიწადში - 5200%-ით და ბოლო 20 წელიწადში - 58 500%-ით. თუმცა, ვაჭრობის კვალდაკვალ, ინვესტიციების, ფულადი გზავნილების ან ტურიზმის მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები არ შეინიშნება. ჯერჯერობით საქართველო უსაზღვრო პოტენციალის მხიოლოდ მიზერულ ნაწილს იყენებს.

 


საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ კი საქსტატზე ინფორმაცია სხვა ქვეყნების მსგავსად 1995 წლიდან მოიპოვება.

 


პროცენტულად ექსპორტში პირველი მკვეთრი ზრდა 2004 წელს დაფიქსირდა, როდესაც $1.2 მლნ-იანი ექსპორტი $3.3 მლნ-მდე გაიზარდა, შემდეგ იყო 2010 წელი ზრდა $6 მლნ-დან $27 მლნ-მდე, 2014 წელს ექსპორტი $34 მლნ-დან $90 მლნ-მდე გაიზარდა, 2020 წელს კი $208 მლნ-დან $477 მლნ-მდე. ჩინეთამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ საექსპორტო პარტნიორებში პირველი ადგილი არამეზობელ სახელმწიფოს დაეკავებინოს. ამ ადგილს როგორც წესი რუსეთი და აზერბაიჯანი ინაწილებდნენ, თუმცა რამდენჯერმე ლიდერის პოზიცია თურქეთსაც ეკავა.

 


ვაჭრობა ეკონომიკასთან ერთად გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სხვა ქვეყნებთანაც იზრდებოდა, მაგრამ ბევრად დაბალი ტემპით. 1995 წელს ჩინეთის წილი ექსპორტში 0.4%-ს შეადგენდა, 2000 წელს 0.3%-ს, 2005 წელს - 0.7%-ს, 2010 წელს - 1.7%-ს, 2015 წელს 5.7%-ს, 2020 წელს 14.3%-ს, 2021 წლის პირველ 8 თვეში კი უკვე 16.2%-ს.

 


იმავე პერიოდში ჩინეთიდან იმპორტის წილი 0.1%-დან 8.8%-მდე გაიზარდა, მაქსიმუმს 9%-ს 2019 წელს მიაღწია, 2021 წლის პირველ 8 თვეში კი მცირედით – 8.6%-მდე შემცირდა.

 


ისევე როგორც ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთანაც დეფიციტურია, მაგრამ ეს სხვაობა ნელ-ნელა მცირდება. 2013 წელს იმპორტი ექსპორტს 18-ჯერ აღემატებოდა, 2018 წელს 4.2-ჯერ, 2020 წელს 1.5-ჯერ და 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 1.2-ჯერ. 1995 წლიდან მოყოლებული 2021 წლის სექტემბრამდე კი 4.1-ჯერ. ამ ხნის მანძილზე ჯამურმა ექსპორტმა ყველა ქვეყანასთან $41 მლრდ შეადგინა, მათ შორის ჩინეთში - $2.1 მლრდ. ხოლო იმპორტმა $123 მლრდ, საიდანაც ჩინეთზე $8.5 მლრდ მოდის.

 


ჩინეთში ექსპორტი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ გაამარტივა. 2017-2020 წლებში ჩინეთში ექსპორტი 136%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 3%-ით შემცირდა.

 



საექსპორტო პროდუქტებს შორის პირველ ადგილზე არც ღვინოა, არც მინერალური წყლები და არც თხილი. ლიდერის პოზიციას სომხეთიდან იმპორტირებული და შემდეგ რეექსპორტირებული სპილენძის მადნები იკავებს. სომხეთს, საქართველოსგან განსხვავებით ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ გააჩნია, რის გამოც მისთვის პროდუქციის საქართველოს გავლით გაყიდვა უფრო მომგებიანია.



 

განსხვავებით ვაჭრობისგან სხვა მიმართულებით ეკონომიკური ურთიერთობები დიდად არ განვითარებულა. 2002 წლამდე ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიცია არ განხორციელებულა. 2002-2020 წლებში კი ჩინეთიდან ინვესტიციის მოცულობამ მხოლოდ $651 მლნ შეადგინა და ჯამურად მე-11 ადგილი დაიკავა. ყველაზე მეტი - $220 მლნ-ის ინვესტიცია 2014 წელს შემოვიდა, რაც 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება, 2020 წელს კი $36 მლნ-ის ინვესტიციის გადინება აღინიშნა. 2021 წლის პირველ ორ კვარტალშიც ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები ძალიან დაბალია და $6.4 მლნ-ს შეადგენს. 6-7 წლის წინ ჩინეთი ანაკლიის პორტის ამშენებლის ერთ-ერთ მთავარ პრედენდენტად მოისაზრებოდა, შემდეგ მას ქართულ-ამერიკულმა ჯგუფმა აჯობა თუმცა პორტი, რომელსაც პანამქსის ტიპის პირველი გემი 2020 წლის მიწურულს უნდა მიეღო საერთოდ არ აშენებულა.

 


ფულად გზავნილებში შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთს, საერთოდ პულსი არ ესინჯება. აგვისტოში სულ $48 ათასი გადმოირიცხა, თვის გზავნილების - 0.03%-ზე ნაკლები. ამ მხრივ ჩინეთი ბაჰრეინს, იორდანიასა და ლიბანსაც კი ჩამორჩა. აგვისტო გამონაკლისი არ ყოფილა, მიმდინარე წლის იანავარ-აგვისტოში გადმორიცხვები ჩინეთიდან თვის განმავლობაში $100 ათასს არასდროს გასცდენია.

 


პანდემიამდელ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა ჩინეთიდან მზარდი იყო, მაგრამ ამინდს მაინც ვერ ქმნიდა. 2016 წელს საქართველოს ჩინეთის 11 ათასი მოქალაქე ეწვია, 2017 წელს - 18 ათასი, 2018 წელს - 32 ათასი და 2019 წელს 48 ათასი. ასეთი მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ჩინეთის წილმა ვიზიტორთა რაოდენობაში მხოლოდ 0.6% შეადგინა. წელს 8 თვეში საქართველოს საზღვარი ჩინეთიდან მხოლოდ 1190-მა ადამიანმა გადმოკვეთა, რაც წილობრივადაც კი 5-ჯერ შემცირებას ნიშნავს.

 


ჩინეთი #2 ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და 10-12 წელიწადში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. რეექსპორტის ხარჯზე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, კარგია, ოღონდ არსებულ პოტენციალში ზღვაში წვეთია.

 


2020 წელს ჩინეთმა $2.357 ტრლნ-ის იმპორტი განახორციელა. საქართველოს რომ მისი საჭიროების 0.1%-ც რომ დაეკმაყოფილებინა, ექსპორტი ჩინეთში $477 მლნ-ის ნაცვლად 4.9-ჯერ მეტი - $2.357 მლრდ იქნებოდა.

 


2019 წელს ჩინეთის მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 169 მლნ-ჯერ იმოგზაურეს. 0.1% რომ საქართველოში რომ შემოსულიყო, ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 48 ათასის ნაცვლად 3.5-ჯერ მეტი 169 ათასი იქნებოდა.

 


პანდემიურ 2020 წელსაც კი ჩინეთმა მსოფლიოში $154 მლრდ-ის ინვესტიცია განახორციელა. $35 მლნ-იანი გადინების ნაცვლად, ისევ თუნდაც 0.1% საქართველოში შემოსულიყო, გასულ წელს ინვესტიციების ჯამური მოცულობა არსებულზე $190 მლნ-ით მეტი იქნებოდა.

 


0.1% რაიმე საკრარული რიცხვი არ არის, უბრალოდ საქართველო ამ მინიმალურ მაჩვენებელზეც ვერ გადის.

 


საქართველო ვერც თავის ტრანზიტულ შესაძლებლობებს იყენებს ბოლომდე. 2020 წელს ევროკავშირისა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ €586 მლრდ შეადგინა, ევროკავშირმა ჩინეთიდან €383 მლრდ-ის იმპორტი განახორციელა და საპასუხოდ ექსპორტზე €203 მლრდ-ის პროდუქცია გაიტანა. €586 მლრდ 2020 წლის კურსით $700 მლრდ-ს შეადგენდა. ტვირთების 1%-ც რომ საქართველოზე გაევლო ეს $7 მლრდ იქნებოდა. ღრმაწყლოვანი პორტი არ აშენდა. რკინიგზა და აეროპორტები სრული დატვირთვით ვერ მუშაობს.

 


ის დრო, როცა ჩინეთის ეკონომიკა ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდებოდა, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ უახლოესი წლები მისი ზრდის ტემპი მსოფლიო საშუალოზე მაღალი იქნება, საქართველო ჯერჯერობით ამ ძალიან დიდი პოტენციალის მხოლოდ მიზერულ ნაწილს იყენებს.



გიორგი ელიზბარაშვილი





საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up