10 რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას ეკონომიკის საკითხებზე

10 რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას ეკონომიკის საკითხებზე

access_time2022-04-12 11:30:31

რუსეთის აგრესია უკრაინაში და ამის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, თუმცა, ამ ეტაპზე, შექმნილი მდგომარეობა საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს არ გამოიწვევს. საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კვლევითი ცენტრების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, თუმცა, ეკონომიკური ზრდის ტემპი წლის დასაწყისში პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება.

 

რამდენად დაზარალდება საქართველოს ეკონომიკა რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის შემხვედრ ნაბიჯებზეც არის დამოკიდებული. ამავე დროს,  მყარდება სტრატეგიული შესაძლებლობები, კერძოდ კი - საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის უფრო ეფექტიანი გამოყენება და საქართველოს ეკონომიკის დასავლეთის ქვეყნებთან ინტეგრაციის დაჩქარება.

 

არსებული გამოწვევების საპასუხოდ და შექმნილი შესაძლებლობების გამოსაყენებლად, აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

 

ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შესანარჩუნებლად:

 

1. საქართველოს მთავრობამ ცალსახად და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად. მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში, სანქციები პოლიტიკური საკითხია, დღეს არსებული მოლოდინი, რომ შესაძლოა, საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოიყენონ, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, რაც გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

 

ფასების ზრდის საწინააღმდეგოდ და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის:

 

2. ვინაიდან ფასების სტაბილურობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული  საკითხია, უნდა გაუქმდეს იმპორტის გადასახადი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც არ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და იმ პროდუქციის ალტერნატიული მომწოდებლები არიან, რომლებიც ძირითადად რუსეთიდან შემოდის. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, სტაბილური ფასების შენარჩუნებას და მეორეს მხრივ, იმპორტის დივერსიფიცირებას;

 

3. მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯები უნდა შეამციროს. პირველ რიგში, ეს უნდა შეეხოს მიმდინარე ხარჯებს და ასევე, იმ პროექტების დაფინანსებას, რომელთა ეფექტიანობა შესწავლილი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის და  მთავრობის გაზრდილი ვალის გამო, ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი ამჟამად არსებულ გეგმურ მაჩვენებელს, მშპ-ის მიმართ 4.2%-ს არ გადასცდეს. მთავრობამ ეკონომიური ხარჯვა მომდევნო წლებშიც უნდა გააგრძელოს, რაც მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას და ფასების სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

 

ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის:

 

4. მნიშვნელოვანია შეფასდეს,  თუ რა უარყოფით გავლენას მოახდენს რუსეთზე დაკისრებული სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე და ამ ანალიზის  საფუძველზე, დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვაზე დასავლელ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში გაგვეზრდება წვდომა დასავლურ ფინანსურ რესურსზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგის შემსუბუქებას შეიძლება მოხმარდეს;

 

5. მნიშვნელოვანია მთავრობამ გაითვალისწინოს, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი იზრდება და ეს პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული. აზერბაიჯანული ნავთობის და გაზის ევროპის მიმართულებით ტრანზიტის და შუა აზიის ქვეყნების ტვირთების საქართველოს გავლით გადაზიდვაზე მოთხოვნის ზრდა რეალურია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო  (საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო) პოტენციალის ხელშეწყობა ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოდერნიზაციის დაჩქარებით. ასევე, რეგიონული ცენტრების, სატელეკომუნიკაციო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრების და ტურისტული ობიექტების  მშენებლობა-განვითარების  ხელშეწყობა;


 

6. უნდა დაჩქარდეს კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაზე მიმართული რეფორმები საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ხელშეწყობისათვის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს გაუჩნდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ  იმ დასავლური კომპანიების თუნდაც მცირე ნაწილი მოიზიდოს, რომლებმაც რუსეთი დატოვეს. რუსეთში წარმოებული დასავლური კომპანიების პროდუქცია, როგორც რუსეთს, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებს მიეწოდებოდა.  აღნიშნული კომპანიების მოსაზიდად ასევე აუცილებელია საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად;

 

7. საქართველოს შეუძლია სტრატეგიულად გამოიყენოს ქვეყანაში შემოსულ უკრაინელ ლტოლვილებს შორის არსებული საშუალო და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები ეკონომიკის იმ სექტორებში (მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები), სადაც ადგილობრივი პროფესიული უნარების ნაკლებობაა. ეს სასარგებლო იქნება, როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ისე უკრაინელი ლტოლვილებისთვის სტაბილური საარსებო პირობების შექმნისთვის. ამისათვის საჭირო იქნება მთავრობის მიერ ბიუროკრატიული ბარიერების გადახედვა, რაც დაეხმარება ხანგრძლივი პერიოდით ჩამოსულ უკრაინელ მიგრანტებს ქართულ შრომის ბაზართან ინტეგრირებაში.

 

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისთვის:

 

8. საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება. თავისუფალი ვაჭრობის გეოგრაფიული არეალის ზრდა საქართველოს რუსული პროდუქციის იმპორტზე და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

 

9. საქართველოს მთავრობამ და მუნიციპალიტეტებმა  ისეთი სამეწარმეო საქმიანობა მაინც არ უნდა დაასუბსიდირონ, რაც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. ეს მიდგომა უნდა შეეხოს, როგორც ბიზნესზე გრანტების და შეღავათიანი სესხების გაცემას, ისე ფასის სუბსიდირებას. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;

 

10: საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი არ უჭირავს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს. ბოლო პერიოდის მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ რუსეთი ენერგომატარებლების და ელექტროენერგიის ექსპორტს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას აზიანებს, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართ კი მნიშვნელოვან რისკებს აჩენს.

 

ხელმომწერები:

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

 

პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი, (PMCG)

 

გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკები

 

გიორგი ისაკაძე, ბიზნეს მედია (BMG), Forbes Georgia

 

აკაკი ცომაია, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ეკონომიკის სკოლის დეკანი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up