10 მილიარდიან ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მხოლოდ 66 მილიონი შედის – რატომ აღარ საუბრობს ხელისუფლება სფეროს რეგულაციებზე?

10 მილიარდიან ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მხოლოდ 66 მილიონი შედის – რატომ აღარ საუბრობს ხელისუფლება სფეროს რეგულაციებზე?

person access_time2016-08-17 11:40:00

სათამაშო ბიზნესის რეგულაციების თემა ხელისუფლებას ისევ „თაროზე“ აქვს შემოდებული და მისი პოზიცია ამ საკითხში გაურკვეველია.

 

რერგულაციის მომხრეები აცხადებენ, რომ სათამაშო ბიზნესის შეუზღუდავი არსებობა ქვეყანაში არაერთ სოციალურ პრობლემას ქმნის, რეგულაციის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ შეზღუდვების დაწესებით დაზარალდება როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა სარგებელს იღებს სახელმწიფო ამ ბიზნესიდან და შესაბამისად, რამდენად დიდი იქნება ზარალი რეგულაციების დაწესების შემთხვევაში. 


ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული წლიური შემოსავალი მხოლოდ 66 მლნ ლარს შეადგენს, რაც წლევანდელი ბიუჯეტის მხოლოდ 0,65%-ია, 2016 წლის ბიუჯეტი 10,145 მლრდ ლარია. ეს მაშინ, როდესაც ბიზნესის ამ სეგმენტის შემოსავალი რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ სპეციალისტები. აზარტული თამაშები კი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი, გაუმჭვირვალე და მოსახლეობისთვის სახიფათო ბიზნესია.


 სპეციალისტების თქმით, საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოპულარობა მუდმივად იზრდება და სახიფათო მასშტაბებსაც იძენს.

ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ამ ბიზნესში ჩართულობაც მარტივდება. თუ ადრე თამაშისთვის კაზინო ან სპეციალურ დაწესებულებაში მისვლა იყო საჭირო, დღეს ესეც არაა აუცილებელი, მთავარია გქონდეს ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ონლაინ აზარტული თამაშების სამყაროში აღმოჩნდები.


თავად ამ ბიზნესიდან სახელმწიფო კი ფულს იღებს, თუმცა არც ისე ბევრს. ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შესული თანხა მინიმალურია, არადა, სპეციალისტების თქმით, სექტორი, რომელიც მილიონობით თანხას ატრიალებს, საიდანაც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული თუ არა ათეული ადამიანი „ჯიბედაცარიელებული“ გამოდის, ასეთ ცოტა გადასახადს არ უნდა იხდიდეს. მართალია, იგებენ კიდეც, თუმცა მათი რაოდენობა წაგებულებს რამდენჯერმე ჩამოუვარდება.

 შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალი 14 მლნ ლარით გაიზარდა. სათამაშო ბიზნესი ძირითადად მოსაკრებლით იბეგრება და ამ გადასახდელიდან ყველაზე მოცულობითი თანხა სათამაშო აპარატებზე დარიცხული მოსაკრებლიდან ირიცხება - 42,596 მლნ ლარი, სამორინეების მაგიდიდან - 20,539 მლნ ლარი, ელექტრონული გამაშიდან მიღებული თანხა კი სულ რაღაც 2,735 მლნ ლარია.


შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 52,652 მლნ ლარი შევიდა, 2012 წელს - 52,767 მლნ ლარი, 2013 წელს - 54,122 მლნ ლარი, 2014 წელს - 63,143 მლნ ლარი, ხოლო 2015 წელს - 66,486 მლნ ლარი.



სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილია საქართველოს კანონით და შეადგენს კვარტალში: თითოეულ სათამაშო აპარატზე 1500 ლარიდან 3000 ლარამდე. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე მოსაკრებელი 15000 ლარიდან 30000 ლარამდეა. თითოეულ აზარტული კლუბის მაგიდაზე კი 3 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე მოსაკრებლის ოდენობა 30 000-დან იწყება 60 000 ლარამდე ადის.

სათამაშო ბიზნესი განსაკუთრებით მრავალფეროვანი აჭარაშია, სპეციალისტები ბათუმს მეორე ლასვეგასად გადაქცევას უწინასწარმეტყველებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 4 წელიწადში აჭარაში სამორინეების რიცხვი 23-ს მიაღწევს. აჭარის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამორინეებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს, ვინაიდან ტურისტები ბათუმს ყველა სეზონზე სტუმრობენ.

დღეისათვის აჭარაში 11 სამორინე ფუნქციობს და ბათუმის ბიუჯეტში მიღებულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 16.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც სათამაშო ბიზნესიდან მიღებული ჯამური შემოსავლის (20.2 მლნ ლარი) 81%-ს შეადგენს.


“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსის ზურაბ კუკულაძის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის შემოსავლები გაუმჭვირვალეა. მისივე თქმით, კაზინოების  შემოსავლების ზუსტი აღრიცხვა ძალიან რთულია, ვინაიდან პროცესი არის გაუმჭვირვალე. ადმინისტრირებაც ძალიან რთულია. კაზინოები  მოგების გადასახადს არ იხდიან, ისინი იბეგრებიან მოსაკრებლით. 

"უფრო მეტიც თუ პირი დააფუძნებს კაზინოს და პარალელურად სხვა საქმიანობა დაიწყებს, იგი მარტო მოსაკრებელს იხდის. 

შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით რეალურ კაზინოში რამდენია ბრუნვა”,  - ამბობს ზურა კუკულაძე.


“ახალგაზრდა ადვოკატების“ ადვოკატი, ანალიტიკოსი არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესი ბევრ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ის მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება. საქართველოში კი სათამაშო ბიზნესი არ რეგულირდება, თამაში შეუძლია ყველას, მათ შორის, არასრულწლოვნებს: „ამ რეგულაციას კი უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო და მეორეს მხრივ, ეს უნდა შედიოდეს კომპანიების ინტერესებშიც, რადგან არასრულწლოვანთა ინტერესი მათთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ეს საკითხი არის მთლიანად მიშვებული და არ არის იმგვარად რეგულირებული, როგორც საჭიროა”, - აცხადებს კაიკაციშვილი.


 მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესი დღეს არის წარმატებული ბიზნესი, რადგან მას ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. 


„რაც შეეხება ბიუჯეტში შენატანს, ისინი, როგორც ვიცი, ძალიან ცოტა გადასახადს იხდიან. არადა, გადასახადი არ უნდა იყოს ცოტა. 

მაგალითად, გეტყვით, რომ გერმანიაში კაზინოების და სამორინეების მოსაკრებელს განსაზღვრავს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ანუ ფედერალური მიწების ხელისუფლებები. კანონმდებლობის თანახმად კი სათამაშო ბიზნესს საშუალო წლიური მოგების 60%-ით იბეგრება”, - განუცხადა “კომერსანტს” კაიკაციშვილმა.


სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე საუბარი წლებია მიმდინარეობს, ახალი პრემიერის მკაფიო პოზიციამ საკითხის ადგილიდან დაძვრის მოლოდინი გააჩინა; პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, 2015 წლის 29 დეკემბერს, პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ინტერნეტ-კაზინოების საკითხს საფუძვლიანად შეისწავლის და მიიღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებას მის რეგულირებაზე.


ონლაინ კაზინო „კრისტალბეთის" დამფუძნებელი და სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ პროცესში ჩართულია ფინანსთა სამინისტრო და სათამაშო ბიზნესის ასოციაციაც.


ახვლედიანი ამბობს, რომ უშუალოდ სათამაშო ბიზნესთან აქტიური კონსულტაცია არ დაწყებულა, თუმცა, ამ მხრივ გარკვეული აქტივობები სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება.

„აჭარაბეთის" მარკეტინგის მენეჯერი ლადო ხარხელაური აცხადებს, რომ ონლაინთამაშების აკრძალვა ამ სფეროს ძალიან სერიოზულად დააზარალებს და ყველა კომპანიას მოუწევდა ყოფნა-არყოფნაზე დაფიქრება.


მისი თქმით, სამორინის დარბაზის შემოსავალი ვერ ფარავს ხარჯს და ძირითადი წყარო, დაახლოებით, 80-85 პროცენტი სწორედ ონლაინ თამაშებიდან მიღებული შემოსავალია.

 

„სახელმწიფო ძალიან სერიოზულად დაზარალდება. ჩვენთან ერთი დღის განმავლობაში შემოდის 500-1000 ადამიანი, ონლაინში კი დღეში 60 000-70 000 ადამიანი თამაშობს. მათ შორის დიდი პროცენტი საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაა. ონლაინის გაუქმება სფეროს დემორალიზაციას გამოიწვევს"- აცხადებს ხარხელაური.




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up