უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.4%-ით - $188 მლნ-მდე (635 მლნ ლარი) გაიზარდა, რაც თავის მხრივ პირველი კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს 50%-ით აჭარბებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
პირველი ადგილი გზავნილებში 17%-იანი წილით იტალიამ დაიკავა, მეორეზე კი 16.9%-იანი წილით რუსეთი გავიდა. წელიწადზე მეტია პირველ-მეორე ადგილს ეს ორი ქვეყანა ინაწილებს. 10-12 წლის წინ რუსეთის წილი 50%-ს, ზოგ შემთხვევაში კი 60%-საც აჭარბებდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიის გარდა $1 მლნ-ზე მეტი საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ირლანდიიდან და კვიპროსიდან გადმოირიცხა. სულ ევროკავშირის ქვეყნებიდან მაისში გადმორიცხულმა თანხის მოცულობამ $81 მლნ-ს გადააჭარბა და 43%-იანი წილი დაიკავა.
იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მაისში $1 მლნ-ზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა, მცირედი 1.5%-იანი კლება მხოლოდ თურქეთიდან დაფიქსირდა. ირლანდიიდან, კვიპროსიდან , უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან კი სამნიშნა პროცენტული ზრდა აღინიშნა.
2021 წლის მაისში გადმორიცხულთან ერთად კიდევ უფრო მკვეთრად 69%-ით $23 მლნ-მდე საქართველოდან საზღვარგარეთის ქვეყნებში გადარიცხული თანხების მოცულობა გაიზარდა.
გიორგი ელიზბარაშვილი