1 ტერაბაიტი წამში სიჩქარე და ხელოვნურ ინტელექტთან სრული ადაპტირება - 6G 2030 წელს გამოჩნდება

1 ტერაბაიტი წამში სიჩქარე და ხელოვნურ ინტელექტთან სრული ადაპტირება - 6G 2030 წელს გამოჩნდება

access_time2021-09-04 12:00:32

საქართველოში 5G სმარტფონები პირველად 2 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა მათ მობილური ოპერატორებისგან 5G მხარდაჭერა კიდევ 4 წელი არ ექნებათ, ამ ფონზე აშშ-სა და ჩინეთში უკვე 6G-ის დანერგვაზე მუშაობენ, რომელმაც ინტერნეტში 5G-ის დაწყებული საქმე უნდა სრულყოს და სრულად ადაპტირდეს ხელოვნურ ინტელექტთან.


ცოცხალი ორგანიზმები თავიანთ მსგავსებთან კონტაქტს მილიონობით წლის წინაც ამყარებდნენ, მაგრამ მათ მიერ გადაცემული ინფორმაცია საკვებისა თუ საფრთხეების თაობაზე რამდენიმე წუთში იკარგებოდა, ადამიანმა კი მისი შენახვის საიდუმლოს ჯერ კიდევ მაშინ მიაგნო, სანამ სოფლის მეურნეობა და პირველი ქალაქები გაჩნდებოდა. ესპანეთში ალტამირას მღვიმეში უძველესი ნახატი 36 000 წლით თარიღდება.  Homo Habilis-ის მიერ შექმნილი ქვის იარაღები კი ბევრად უფრო ძველია და 2 მლნ წელს ითვლის, მათ სავსებით გაუთვითცნობიერებლად მოგვცეს საშუალება, შეგვექმნა გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა და რას საქმიანობდა ჩვენი შორეული ორ ფეხზე ახლად დამდგარი წინაპარი, რომელსაც ჯერ დანაწევრებული მეტყველების უნარიც კი არ შესწევდა.




დაახლოებით 30 000 წელი გახდა საჭირო ადამიანი პირველი შემორჩენილი ნახატებიდან პროტოანბანურ პიქტოგრამულ დამწერლობაზე რომ გადასულიყო. საბეჭდი მანქანის შესაქმნელად კი კაცობრიობას კიდევ 50 საუკუნე, 1455 წლამდე მოუწია ცდა. კომპასისა და ქაღალდის მსგავსად ჩინეთში საბეჭდი მანქანაც ბევრად უფრო ადრე შექმნეს, მაგრამ ასევე კომპასისა და ქაღალდის მსგავსად ამ უნიკალური გამოგონებით დანარჩენ მსოფლიოს არ უსარგებლია.


ინფორმაციის გავრცელების ახალი რევოლუცია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 1876 წელს შოტლანდიელმა მეცნიერმა ალექსანდრ ბელმა მსოფლიოს ტელეფონი აჩუქა. ტელეფონი შესანიშნავი გამოგონება იყო, მაგრამ ის ერთმანეთთან მხოლოდ ორ ადამიანს აკავშირებდა. საჭირო იყო რაღაც სხვა. 19 წლის შემდეგ, 1895 წელს იტალიელმა გამომგონებელმა გულიელმო მარკონმა რადიო დააპატენტა, არსებობს ვარაუდი, რომ მარკონამდე რამდენიმე წლით ადრე რადიო სერბულ-ხორვატიული წარმოშობის ამერიკელმა გამომგონებელმა ნიკოლა ტესლამ შექმნა. საბჭოთა კავშირში გავრცელებული გაყალბებული ვერსიით, რადიოს ავტორად რუსი მეცნიერი ალეკსანდრ პოპოვი სახელდებოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი ავტორი, შედეგი მაინც ერთი იყო ერთი სადგურიდან გავრცელებული ხმოვან სიგნალს ასობით კილომეტრის დაშორებით მცხოვრები მრავალი ადამიანი მყისიერად იღებდა.




20-იან წლებში ტელევიზია ჩაისახა, 70-იან წლებში ინტერნეტი, ოღონდ 20 წელი ის მხოლოდ სამხედროებისა და მეცნიერთა ვიწრო წრისთვის იყო ხელმისაწვდომი. მსოფლიო აბლაბუდა - WWW ცერნის ლაბორატორიაში 1991 წელს შეიქმნა, ანუ ინტერნეტი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, 30 წლისაა.


1983 წელს ამერიკულმა Motorola-მ პირველი მობილური ტელეფონის გაყიდვები დაიწყო. მისი ფასი $3995-ს შეადგენდა, რაც ამჟამინდელი კურსით $10 950-ის ტოლია. (34 270 ლარი) 800 გრამიან ნივთს ერთადერთი ფუნქცია გააჩნდა - ხმოვანი ზარის განხორციელება. ბატარეა ლოდინის რეჟიმში 10 საათამდე ძლებდა, საუბრის რეჟიმში კი 30 წუთში ჯდებოდა.


1991 წელს მეორე თაობის ტელეფონებს sms-ების და შემდეგ უკვე მცირე ზომის ფოტოების mms-ების გაგზავნის ფუნქციაც დაემატა. 2.5G-ით უკიდურესად ლიმიტირებული ინტერნეტი გახდა ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.




2001 წელს 3G გაეშვა. ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, არც თუ ისე მაღალი რეზოლუციის ვიდეოების ყურება და ჩამოტვირთვა რეალობა გახდა. ნათელი გახდა, რომ ერთ დღესაც მობილური ლეპტოპს კონკურენციას გაუწევდა, ეს დღე 2009 წელს დადგა. 4G-ს გამოჩენამ ლეპტოპებში ჯერ მათი გაყიდვების ზრდის ტემპი შეამცირა, მერე კი თავად გაყიდვები. მისი სისწრაფე 100 მეგაბაიტამდე წამში გამტარიანი ინტერნეტის სისწრაფეს არ ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში უსწრებს კიდეც. თანამედროვე სმარტფონების ტექნიკური მონაცემები, პროცესორის სიხშირე, ოპერატიული და ძირითადი მეხსიერების მოცულობა, ეკრანის გარჩევადობა სრულ კონკურენციას უწევს თანამედროვე ლეპტოპების 90%-ს.


2018 წელს კორეაში ფიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად, საცდელად, 5G ინტერნეტი გაუშვეს. 2019 წლიდან იმავე კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში სინგაპურში, აშშ-ში, ბრიტანეთში და კიდევ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში 5G ოფიციალურად ამოქმედდა. გამოჩნდა პირველი 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონებიც.



დღეს მსოფლიოში 500 მლნ-მდე 5G სმარტფონია გაყიდული, თუმცა, ზოგიერთი ქვეყანაში, მაგალითად საქართველოში, აღნიშნული ტელეფონები ქსელის არარსებობის გამო ისევ 4G რეჟიმში მუშაობს. 2025 წლისთვის, იმ დროს, როცა მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი საქართველოშიც გაეშვება, მსოფლიოში 5G სმარტფონის მფლობელთა რიცხვი 3 მლრდ-ს მიაღწევს.


5G-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. პირველი სისწრაფეა, რაც თეორიულად 10 გბ/წმ-ს შეადგენს. ეს კი 100-ჯერ ან ხშირ შემთხვევაში 300-ჯერ უფრო ჩქარია, ვიდრე საქართველოში მოქმედი ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტი, რაც Full HD ხარისხის ფილმის გადმოწერის დროს რამდენიმე წამამდე, 4K ხარისხის ფილმისას კი 1 წთ-მდე ამცირებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ასობით მლრდ ინვესტიცია მხოლოდ ფილმების გადმოწერის დაჩქარებაში არ ჩადებულა.


ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობად 0.001 წამზე ნაკლები დაყოვნება შეიძლება ჩაითვალოს, რაც 4G-სთან შედარებით მინიმუმ 10-ჯერ, რეალურად კი 50-ჯერ ნაკლებია. ჯერ კიდევ 2019 წელს ამ უპირატესობის წყალობით ჩინეთში ერთი ქალაქიდან მეორეში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა. პარკინსონით დაავადებულ პაციენტს სტიმულატორის ჩიპი, იგივე იმპლანტი ჩაუდგეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ქირურგი პეკინში იმყოფებოდა, პაციენტი სანიში, ამ ორ ქალაქს შორის მანძილი კი 3000 კილომეტრია.


2000-იანი წლების ბოლომდე ინტერნეტთან მხოლოდ პერსონალური კომპიუტერი ასოცირდებოდა. მობილური ინტერნეტის შესაძლებლობები მინიმალური იყო და ლეპტოპებს კონკურენციას ვერ უწევდა. დღეს უკვე უფრო მეტი სმარტფონია ინტერნეტში ჩართული, ვიდრე კომპიუტერი. ოჯახში შეიძლება იყოს 1 კომპიუტერი, მაგრამ 3 ან 4 სმარტფონი. 10-იან წლებში გლობალურ ქსელს ფოტოაპარატები, ვიდეო კამერები და ტელევიზორებიც მიუერთდნენ. დღეს დისტანციურად, სხვა ქალაქიდან ან თუნდაც სხვა კონტინენტიდან სმარტფონის მეშვეობით ზოგიერთი კონდიციონერის, სარეცხი მანქანისა თუ მაცივრის მართვაც შესაძლებელია, უპილოტო ავტომობილები კი დამოუკიდებლად გადაადგილების უფლებას ისევ მორჩილად ელიან.


მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად ავტოავარიების შედეგად 3300 ადამიანი იღუპება, რაც წელიწადში 1.2 მლნ ადამიანს უდრის, ეს კი თავის მხრივ უფრო მეტია, ვიდრე კვიპროსის, ლუქსემბურგის ან ისლანდიის მოსახლეობა. ავარიების აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანური დაუდევრობით ხდება. მძღოლი ან არ ამოწმებს ავტომობილის ტექნიკურ გამართულობას ან არღვევს მოძრაობის წესებს. უპილოტოების შემთხვევაში ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. შეცდომები პროგრამასაც მოსდის, მაგრამ ის გამიზნულ რისკზე არ წავა, წინასწარი შეცნობით ღერძულას არ გადაკვეთს, წითელზე არ გაივლის, დაშვებულ სიჩქარეს არ გადააჭარბებს და არც ალკოჰოლის გადაჭარბებულ დოზას მიიღებს. 5G ინტერნეტის მქონე უპილოტო ელექტრომობილები ერთმანეთთან მუდმივ კავშირზე იქნებიან და ნებით დისტანციის შემცირებასაც არ დაუშვებენ. გარდა ამისა მუდმივად ჩართული დიაგნოსტიკის სისტემა მის მფლობელს სიგნალს გაუგზავნის საჭირო რჩევებით.


თუ 5G ასე ყველაფერს აკეთებს, მაშინ რაღა საჭიროა 6G? რა შესაძლებლობას მისცემს კაცობრიობას 1TB წამში სიჩქარის ინტერნეტი? მსოფლიოში 1.5 მლრდ-მდე ავტომობილია. 4G-ის მეშვეობით მხოლოდ ერთეული მათგანის მართვაა შესაძლებელია, 5G-ით მათი დიდი ნაწილის, 6G კი სრული მსოფლიო ავტოპარკისთვის და დღეს არსებული პრაქტიკულად ყველა ელექტრომოწყობილობისთვის საკმარისი იქნება.


დაყოვნება 1 მილიწამიდან 10 მიკროწამამდე (1 მეათასედი წამიდან 1 მეასიათასედ წამამდე) მცირდება, რაც შესაძლებლობების არეალს გააფართოებს.


4G ხელოვნურ ინტელექტთან საერთოდ არაა დაკავშირებული, 5G მხოლოდ ნაწილობრივ, 6G კი სრულად ინტეგრირდება. თავის დროზე პერსონალური კომპიუტერის გამოჩენამ რთული სამანქანო კოდები მაუსის დაწკაპუნებით ჩაანაცვლა, ახლა დგება მომენტი, როდესაც სამართავად ხმოვანი ბრძანებაც საკმარისი იქნება. ხმოვანი ასისტანსი სიახლეს არ წარმოადგენს, ის უკვე აქვს Google-საც, Apple-საც და Amazon-საც. მაგრამ ენების მხარდაჭერა და შესაძლებლობები ლიმიტირებულია. დღეს თუ ადამიანს ძველ რომზე აინტერესებს ინფორმაცია, სიტყვები Google-ში უნდა ჩაწეროს, შემდეგ სურვილისამებრ გადავიდეს „იულიუს კეისარზე“ ან „პომპეუსზე“. ცოცხალ რეჟიმში კითხვა-პასუხის შესაძლებლობა არ არსებობს.


ყველა ავტომობილს, რომელიც გზებზე გადაადგილდება, საჭე აქვს. თუ მის მფლობელს საჭესთან ჯდომა არ სურს, მძღოლი უნდა იქირაოს. უკანა სავარძელზე დაჯდომა და ხმოვანი ბრძანებით, ან თუნდაც სენსორულ ეკრანზე ხელით დანიშნულების წერტილის მონიშვნის შესაძლებლობა თეორიულად კი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ჯერ არა. ტელეპორტაციამდე კი ადამიანს ეს გზა აქვს გასავლელი.


ვირტუალური და გაძლიერებული რეალობა, ჰოლოგრამული გამოსახულება, დრონები... მათ ჯერ შესაძლებლობების ნახევარიც არ გამოუვლენიათ.


თუ არ ჩავთვლით უკიდურესად შეზღუდულ რესურსს, 2G ინტერნეტს საერთოდ ვერ უკავშირდებოდა, 3G-თ პროცესი დაიწყო, 4G-ის გამოჩენამ კი კავშირი სრულყოფილი გახადა. პარალელი შეიძლება ნივთების ინტერნეტთან და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებასთან გაიბას. 4G ამას ერთეულ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით ახერხებს, 5G კავშირს ნაწილობრივ ამყარებს, 6G კი სრულფასოვან ინტეგრაციას მოახდენს.

 

ბოლო 50 წელიწადში არაფერი განვითარებულა ისე სწრაფად, როგორც ინტერნეტი, მობილური და კომპიუტერული ტექნოლოგიები. შეიძლება დღევანდელი ავტომობილები უფრო კომფორტული და უსაფრთხოა, ვიდრე 20, 30 და 50 წლის წინ, მაგრამ ეს სიჩქარეზე არ ასახულა. ცხენის ძალების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ საცობების ზრდის პარალელურად ბევრ ქალაქში საშუალო სიჩქარე შემცირდა კიდეც. მატარებლის ხაზები სიძვირის გამო ჯერ ძალიან ცოტაა, ასევე სიძვირის გამო 2003 წელს უკანასკნელი ზებგერითი სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოწერეს. კოსმოსური ტელესკოპებისა და მარსზე ზონდების წარმატებული გაგზავნის მიუხედავად, გადატრიალება არც ასტრონომიაში მომხდარა, ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე კი ბოლო 25 წელიწადში 1000-ჯერ, ხოლო მობილური ინტერნეტის 10 000-ჯერ, 5G-ის გათვალისწინებით 1 000 000-ჯერ გაიზარდა.


1GB ძირითადი და 16MB ოპერატიული მეხსიერება 25 წლის წინ კომპიუტერისთვის კარგ მაჩვენებლად ითვლებოდა, დღეს ის 1TB-მდე და 16GB-მდეა გაზრდილი.


ვაშინგტონში მდებარე კონგრესის ბიბლიოთეკა 38 მლნ წიგნს ითვლის, მისი ჩაწერა ახლა უკვე შესაძლებელია დისკზე რომელიც ხელისგულზე დაეტევა და სულ რამდენიმე ისეთ მიკროჩიპზე, რომელიც თითის ბალიშზე თავსდება. მთელი ამ მასალის ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადასაგზავნად 5G ინტერნეტის პირობებში რამდენიმე წუთი, 6G ინტერნეტის პირობებში კი რამდენიმე წამია საჭირო.


XX საუკუნის დასაწყისში ბევრს სჯეროდა, რომ XXI საუკუნის დასაწყისში უკვე მარსზე ვიცხოვრებდით, მათი ოპტიმიზმი გადაჭარბებული აღმოჩნდა, თუმცა იმ დროს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების წინასწარმეტყველება თითქმის ვერავინ შეძლო.


საქართველომ 1G მთლიანად გამოტოვა, 2G 6 წლის დაგვიანებით 1997 წელს გამოჩნდა, 3G 5 წლის დაგვიანებით 2006 წელს, 4G-სთვის 7 წლიანი ლოდინი გახდა საჭირო, 5G-ის გაშვებაც 2025 წლისთვისაა დაგეგმილი რაც ასევე 6 წლიან დაგვიანებას ნიშნავს. მსოფლიო 6G-ის 2030 წლისთვის ელოდება, არსებული უკიდურესად ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში ის 2035 წლამდე ვერ გაეშვება. ერთხელ მაინც რომ მოხდეს და კომუნიკაციების კომისიამ ლიცენზია 1 ლარად იმ მობილურ ოპერატორს გადასცეს, რომელიც საჭირო ინფრასტრუქტურას პირველი გამართავს. ქვეყნის რეალური ეკონომიკა უფრო მეტ მოგებას ნახავს, ვიდრე ბიუჯეტი ლიცენზიის 50 მლნ-იანი საფასურით ნახავდა.


ლეგენდის თანახმად, დამწერლობა ეგვიპტურმა ღმერთმა ტოტმა შექმნა, რაზეც ფარაონი შეშფოთებულა – ეს მეხსიერებას მოკლავსო. XV საუკუნეში და შემდეგაც ბევრი საბეჭდ მანქანას ეწინააღმდეგებოდა და ჭეშმარიტ ხელოვნებად გადამწერის პროფესია მიაჩნდა. XIX საუკუნეში დაზგების მტვრევა დაიწყეს, იმავე საუკუნის ბოლოს არაერთი პლაკატი ამტკიცებდა, რომ ელექტრომავთულში ჩამალული დემონები ხალხს ხოცავდა. დრომ მხოლოდ რისხვის ობიექტები შეცვალა, ადამიანთა ნაწილის დამოკიდებულება კი ვერა. ტექნოლოგიურ პროგრეს ფსევდორელიგიური და ფსევდომეცნიერული მოტივებით მხოლოდ საქართველოში არ ებრძვიან. 2020 წელს ბრიტანეთში 4G ანძები დაწვეს, ვანდალებს ისინი 5G ანძებში აერიათ, რომელიც, მათი მტკიცებით, კოვიდს ავრცელებდა. 2021 წელს გერმანიაში ექთანმა 8600 პირი ვაქცინის ნაცვლად განზრახ ფიზიოლოგიური ხსნარით აცრა.




რეალობა ისაა, რომ დამწერლობამ ცივილიზაციების არსებობა უზრუნველყო, სტამბამ, აღორძინების ხანასთან ერთად განმანათლებლობის ეპოქის დადგომა დააჩქარა, რასაც ინდუსტრიული რევოლუცია მოჰყვა. გაიზარდა თუ არა ადამიანის ბედნიერების ხარისხი – ეს ცალკე განხილვის თემაა, რომელიც რიცხვებში არ იზომება. რიცხვებში რაც იზომება, ბოლო 2 საუკუნეში პლანეტაზე მოსახლეობის რაოდენობა 1 მლრდ-დან 7.9 მლრდ-მდე გაიზარდა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაორმაგდა და 70 წელს, განვითარებულ ქვეყნებში კი 80 წელს გადააჭარბა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა პროცენტული რიცხვი 95-დან 9%-მდე  შემცირდა (2020 წელს პანდემიისა და რეგულაციების შედეგად სიღარიბე ორნიშნა მაჩვენებელს დაუბრუნდა, რაც დროებით მოვლენად განიხილება). ტყუილია ისიც, რომ ტექნოლოგიები სამუშაო ადგილებს აქრობს, ის მხოლოდ ცვლის მათ. 2020 წლის თებერვალში აშშ-ში უმუშევრობის დონე 3.5%-ს უდრიდა, ყველაზე ცოტას 1969 წლის შემდეგ, მაშინ როცა ნახევარი საუკუნის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ბანკომატი და სხვა ისეთი უამრავი ნივთი გაჩნდა, რომელმაც მილიონობით სამუშაო ადგილი გააქრო, მაგრამ ამავე დროს ახალი პროფესიები გააჩინა.


2030 წელს, როდესაც 6G გაეშვება, მარსზე პილოტირებული მისია უკვე შესრულებული იქნება, მაგრამ ისევ იარსებებენ ადამიანები, რომლებიც გააგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ დედამიწა ბრტყელია. პრობლემას მათი არსებობა არ ქმნის, პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც საზოგადოებაზე მათი გავლენა იზრდება, რაც მათ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების რისკს ზრდის. რა მოხდებოდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა რომ არ დაეწვათ და არაორთოდოქსულად მოაზროვნე ადამიანები კოცონზე არ აერეკათ, არავინ იცის, ექსპერიმენტს ვერავინ ჩაატარებს. მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ და ვინჩის, ბრუნოს, გალილეის, კოპერნიკის, კეპლერისა და ნიუტონის მსგავსი ადამიანები საუკუნეებით ადრე დაიბადებოდნენ, ის გზა, რაც კაცობრიობამ ბოლო 500 წელიწადში გაიარა, უფრო ადრე გაივლიდა და დღეს არსებული გეგმები უკვე ისტორიის ნაწილი იქნებოდა.    


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up