კომერციული ბანკების მოგებამ 2021 წლის იანვარ-ივნისში 1.060 მლრდ შეადგინა, რაც აბსოლუტური რეკორდია. 1 მლრდ-იან ნიშნულთან საბანკო სექტორი ყველაზე ახლოს 2019 წელს იდგა, როდესაც 12 თვეში მოგებამ 953 მლნ-ს მიაღწია. გასულ წელს კი 9.5-ჯერ 99 მლნ-მდე შემცირდა.
2020 წლის პირველი კვარტალი ბანკებმა 747 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულეს. ზარალი გამოიწვია არა იმდებად ეკონომიკურმა ვარდნამ, რამდენადაც კონსერვატიულმა მიდგომამ და რეზერვების მოცულობის ზრდამ. რეზერვების ზრდის მთავარი მიზეზი მოქალაქეებისთვის 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის მიცემა გახდა, რამაც მარტში საბანკო სექტორი 943 მლნ ლარიან ბუღალტრულ ზარალზე გაიყვანა.
მიმდინარე წელს ყველაზე მსხვილი 295 მლნ ლარიანი მოგება ივნისში დაიწერა. ყველაზე ცოტა - 113 მლნ-იანი კი იანვარში.
ამჟამად საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. როდესაც კრედოს მიერ ფინკას შესყიდვა დასრულდება, მათი რაოდენობა 14-მდე შემცირდება. რადგანაც მათი ჯამური წილი საკრედიტო პორტფელში 4%-ზე ნაკლებია ტრანზაქცია ბაზარზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.
დეპოზიტების, სესხებისა და აქტივების 2/3-ზე მეტი საქართელოს ბანკსა და თიბისი ბანკზე ნაწილდება. მათზევე მოდის მოგების 80%-ზე მეტი.