ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გიგა ოთხოზორიას ოჯახის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.
30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან, ე.წ. „მესაზღვრეებთან". ინციდენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, გიგა ოთხოზორიას რაშიდ კანჯი-ოღლიმ რამდენჯერმე ესროლა.
ამის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.-მა სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
2017 წლის 7 მარტს კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი-ოღლის, გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. დღეის მდგომარეობით, რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
მოლაპარაკებების სხვადასხვა ფორმატში, ქართული მხარე ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას ითხოვს, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.