თბილისის გენგეგმის ავტორები უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გეგმავენ, რის შემდეგაც მერიას სავარაუდოდ 1-თვიან ვადას მოსთხოვენ, რა დროშიც „სითი ინსტიტუტი“ დეტალურად აღწერს იმ ხარვეზებს, რაზეც თბილისის მერია საუბრობს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწათსარგებლობის გეგმას კანონმდებლობით რაც მოეთხოვება, ყველა ეს მასალა წარდგენილია კვალიფიციურად და ყველა ზომის სახეობებზე არის განმარტება და არქიტექტურის სამსახურს შეუძლია ეს დოკუმენტი გამოიყენოს. რადგან მერიას აქვს კიდევ სურვილი დარგობრივი მიმართულებით შეივსოს - ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. თუ არის რაიმე საკითხი, რაც შესაძლოა, უფრო სრულყოფილი გახდეს ამასთან დაკავშირებით მერიას მივაწვდით ინფორმაციას. ვადებზე ჩვენ უცხოელ პარტნიორებს გავესაუბრებით და მათთან ერთად დავაზუსტებთ, სავარაუდოდ ეს იქნება 1 თვე“,-განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
„აქ საუბარია, რომ მერიას სჭირდება მეტი დასაბუთება გარკვეულ ადგილებზე და ზონებზე, ეს არის ძალიან გასაგები და მისაღები, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მივიყვანოთ საბოლოო სახემდე. ამას შესაძლოა, დასჭირდეს 2 კვირა, შესაძლოა, დასჭირდეს 1 თვე ან 2 თვე“,-განაცხადა „სითი ინსტიტუტის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, კახა კალაძემ გენგეგმის ჯგუფს ვადა დღის ბოლომდე მისცა. „გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულია ძალიან დიდი სამუშაოები. კონტრაქტორ კომპანიას ჩვენს შენიშვნებთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვაცნობეთ, თუმცა მე-6 დასკვნითი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს. ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მნიშვნელობას, ვერ მივცემთ თავს ნებას მივიღოთ არასრული დოკუმენტი. ხელშეკრულების მიხედვით კი დღეს იწურება ვადა, მიიღებს თუ არა მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას. ამიტომ ამ ორგანიზაციას დღის ბოლომდე ვაძლევთ ვადას, რომ წარმოადგინონ გონივრული წინადადებები“, — განაცხადა კალაძემ.
თბილისის გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, კონკურსში „სითი ინსტიტუტმა“ გაიმარჯვა და 2 მილიონი ლარი გადაერიცხა, თუმცა ბიუჯეტიდან გენგეგმისთვის 2 მილიონ 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. 800 ათასი ლარი მერიამ კომპანიას არ გადაურიცხა, რადგან დასკვნით ეტაპზე დედაქალაქის მთავრობამ დოკუმენტი არ მოიწონა.