ვენესუელას მსოფლიოში უდიდესი რაოდენობის ნავთობის რეზერვები გააჩნია, თუმცა ლათინო-ამერიკული ქვეყანა ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლებ ნავთობს მოიპოვებს. ქვეყანაში „შავი ოქროს“ მოპოვების ტემპი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ეს კი იმის ფონზე ხდება, როდესაც ნავთობი ვენესუელას მთავარი შემოსავლის წყაროა.
S&P Global Platts-ის მიხედვით, ვენესუელა დღეში 1.7 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 27%-ით ნაკლებია. 2014 წელი კი ის პერიოდია, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის კრიზისი დაიწყო, რამაც ვენესუელას ეკონომიკა კოლაფსამდე მიიყვანა.
ვენესუელაში იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც დღეში 2-ჯერ გამოკვებასაც ვერ ახერხებს, 11.3%-დან (2015) 32.5%-მდე (2016) გაიზარდა. გამოკითხულთა 72.7% აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით, წონაში საშუალოდ 8.7კგ-ით დაიკლო. ამასთან, ვენესუელას საავადმყოფოებში ბავშვები იმ მიზეზით იღუპებიან, რომ სათანადო მედიკამენტის მოპოვება ვერ მოხერხდა.
უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვენესუელას მთავრობამ დეკემბერში მოულოდნელი განცხადება გააკეთა: ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში კრიპტოვალუტა, სახელწოდებით the Petro შეიქმნება, რაც ქვეყანას ფინანსური ბლოკადიდან გამოსვლაში დაეხმარება.
მადუროს განცხადებით, ვენესუელას კრიპტოვალუტას სიმყარეს ქვაყანაში არსებული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ძვირფასი მეტალების რეზერვები მიანიჭებს. როგორც აღინიშნა, ვენესუელა ნავთობის მსოფლიოში უმსხვილესი მომპოვებელია, თუმცა ვალების გადაუხდელობის გამო, ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა შავი ოქროს მოპოვების ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირეს.
დიდი ალბათობით, ახალი კრიპტოვალუტის შექმნა ქვეყნის მწვავე ეკონომიკურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ვენესუელას საგარეო ვალი $141 მილიარდს შეადგენს, მის მევალეებს კი ჩინეთი, რუსეთი, სხვადასხვა კომპანიები და კერძო ინვესტორები წარმოადგენენ.
CNNMoney