საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ბიოპრეპარატი შექმნა. როგორც პროფესორი არჩილ ჭირაქაძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, პრეპარატის ეფექტურობა დაახლოებით 90%-ია.
„შევქმენით ბიოპრეპარატი პირობითი სახელით #6. სუფთა მცენარეული წარმოშობის პრეპარატია, რომელშიც სინთეტიკური ჯგუფები არ არის. ბუნებაში არის ბევრი მცენარე, რომელსაც აზიური ფაროსანა არ ეკარება და სწორედ ამ მცენარეებიდან ამოღებული ექსტრაქტებით დამზადდა. ლაბორატორიულ პირობეში გამოვცადეთ და ფაროსანას ლეტალობა იმ პრეპარატის (ბიფენტრინი) ლეტალობას გაუტოლდა, რომლითაც ფაროსანას ებრძვიან. ჩვენი ბიოპრეპარატი ეფექტიანობა 90%-ია. იგი გამოიყენება, როგორც პრევენციის მიზნით, ასევე სამკურნალოდ. სანამ ფაროსანა გააქტიურდება, მანამდე მისი გამოყენება უფრო ეფექტიანია“, - აცხადებს ჭირაქაძე.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბიოპრეპარატის გამოყენება მოხდა, სახელმწიფოს ხარჯები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვნად შემცირდება: „გარდა ამისა, ეს იქნება ეფექტური საშუალება და საჭირო არ გახდება, მისი განმეორებით მოხმარება“, - აღნიშნავს ჭირაქაძე.
ჭირაქაძის ინფორმაციით, პრეპარატის შექმნის იდეა წლებია აქვთ, თუმცა სახელმწიფო დონეზე მეცნიერთა წინადადებებს ამ დრომდე არ განიხილავდნენ. ამ ეტაპზე კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან აქტიურ შეხვედრებს მართავს.
არჩილ ჭირაქაძის თქმით, იმედი აქვთ, რომ ამჯერად სახელმწიფო დონეზე განიხილავენ მათ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სხვა ზომებს მიმართავენ.
„სამინისტროსთან ხშირად ვურთიერთობთ. თითქმის სამი წლის განმავლობაში ჩვენი აზრი, როგორც სამინისტროში, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოში არ გაითვალისწინეს. ჩვენს წინადადებებს გამოძახილი არ ჰქონია. ბოლო პერიოდში კი მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს შევხვდით და იმედი გაგვიჩნდა, რომ სამინისტროს მხრიდან ახლა მაინც იქნება ინტერესი. წინადადებებს კვლავ მივაწოდებთ და გვგონია, რომ გაამართლებს. თუ ისევ არ წამოვიდა მათგან პასუხი, უკვე სხვა ზომებს მივმართავთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს“, - აცხადებს არჩილ ჭირაქაძე.
მისივე თქმით, პრეპარატი ჯერ გაყიდვაში არ არის, სანამ არ დარეგისტრირდება: „სახელმწიფოსგან შემდგომ ნაბიჯებს ველოდებით და იმედი გვაქვს, დაფინანსებას მივიღებთ, წარმოებამდე და გაყიდვამდე რომ მივიდეთ“, - აღნიშნავს ჭირაქაძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აზიურმა ფაროსანამ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, განსაკუთრებით თხილს და მანდარინს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 2016 წელს მავნებელმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარით დააზარალა, გასული წლის დაზუსტებული მონაცემები კი ჯერჯერობით არ არსებობს.
რაც შეეხება მომავალ წელს, სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მილიონ ჰექტრამდე ფართობი შეიწამლება. საერთო ჯამში კი, მომავალ წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 49 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავების პროცესში, სამინისტრო მზად არის მომავალშიც ითანამშრომლოს ყველა კომპეტენტურ მხარესთან, მათ შორის, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერებთან. სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შექმნილია სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფი და უწყება მზად არის, წარმოდგენის შემთხვევაში განიხილოს ახალი წინადადებები მავნებელთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი