რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5
უცხოელი პედაგოგების პირველი ნაკადი საქართველოში ხვალ ჩამოვა. 50 მასწავლებელი სპეციალური ტრეინინგის გავლის შემდეგ აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში განაწილდება. პირველი ნაკადის მასწავლებლები ამერიკიდან, კანადიდან, ლიტვიდან, დიდი ბრიტანეთიდან არიან.
განათლების სამინისტრო სულ ათასი უცხოელი პედაგოგის ჩამოსვლას ელოდება. საზღვარგარეთიდან მოწვეული პედაგოგები თვეში 500 ლარს მიიღებენ. უცხოელები საქართველოში პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ჩამოდიან.
საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირებში კი მოწვეული პედაგოგების კომპეტენციაში ეჭვი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ინიციატივის გაჟღერებისთანავე შეიტანეს. პროფკავშირებში აღიარებდნენ, რომ სკოლებში უცხო ენის მასწავლებლების დეფიციტია და დაახლოებით 200–მდე სკოლაში უცხო ენის მასწავლებელი საერთოდ არ არის. თუმცა, მათი მტკიცებით, ანალოგიური მდგომარეობაა ამერიკაშიც. ამიტომ, პროფკავშირებს აინტერესებდათ, არიან თუ არა ეს ადამიანები მასწავლებლები და რამდენად სარწმუნოა მათი კომპეტენტურობა. პროფკავშირებში იმასაც აპროტესტებდნენ, რომ ბევრი ქართველი პედაგოგის ანაზღაურება 200 ლარს არ აღემატება, ხოლო უცხოელებს ამ ფონზე 500 ლარს გადაუხდიან.
|