geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:17
2017 წლის პირველ კვარტალში „საქართველოს ბანკის" წმინდა მოგება 342%-ით, „თიბისი ბანკის" კი 81 %-ით გაიზარდა
2017-05-15 16:30:41
+
-

საქართველოს საბანკო სექტორში წარმოდგენილ 2 მსხვილ ბანკს - „საქართველოს ბანკსა" და „თიბისი ბანკს" მოგება მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

 

 

კომერციული ბანკების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, „საქართველოს ბანკის" წმინდა მოგება 2017 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 342 %-ით გაიზარდა, 26,752,617-დან 118,358,999 ლარამდე, რაც ძირითადად განპირობებული იყო საპროცენტო, არასაპროცენტო და საკომისიო შემოსავლების ზრდით. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით (83,757,258 ლარის ოდენობით).

 

 

ბანკში დაახლოებით 18%-ით, 9,292,993,999 ლარიდან 9,811,765,604 ლარამდე გაიზარდა მთლიანი აქტივების ოდენობა, რაც ძირითადად განპირობებული იყო ნაღდი ფულის, სასესხო პორტფელის გაფართოებითა და ძირითადი საშუალებების ზრდით; ბანკმა ასევე გაზარდა დეპოზიტები 11%-ით 4,962,564,334 ლარიდან 5,547,219,142 ლარამდე და მთლიანი სააქციო კაპიტალი 18%-ით; (წინა პერიოდში არსებული 917,320,287-დან კაპიტალი გაიზარდა 1,089,753,985 ლარამდე- აქ აღსანიშნავია გაუნაწილებელი მოგების პოზიციის გაუმჯობესება და აქტივების გადაფასების რეზერვის ზრდა).

 

ამასთან, პრუდენციული თვალსაზრისით ბანკს შეუმცირდა პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 10.6%-დან 9.47% (მოთხოვნის შესაბამისად ამ მაჩვენებლის მინიმალური ზღვარი 6.4%-ია), აგრეთვე საზედამხედველო კაპიტალიც 16.34%-დან 15.25%-მდე. (აქ მინიმალური მოთხოვნა 9.6%-ს შეადგენს).

 

რაც შეეხება „თიბისი ბანკს", 2017 წლის პირველ კვარტალში ბანკის წმინდა მოგება გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 81 %-ით, 36,706,981 ლარიდან 66,517,189 ლარამდე გაიზარდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო საპროცენტო, საკომისიო შემოსავლისა და უცხოური ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად მიღებული მოგებით. აგრეთვე გაუმჯობესდა ზარალის მაჩვენებელი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით - 20,485,289 ლარის ოდენობით.

 

ბანკში დაახლოებით 39%-ით გაიზარდა მთლიანი აქტივების ოდენობა, (შედარებისათვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აქტივები შეადგენდა 6,365,523,466 ლარს, ხოლო მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოსათვის კი 8,899,743,448 ლარს) -რაც ძირითადად განპირობებული იყო ფულადი სახსრების, გაცემული სესხების და დარიცხული მისაღები პროცენტების ზრდით, აგრეთვე ძირითადი საშუალებებისა და საწესდებო კაპიტალში ინვესტირების ზრდით.

 

ბანკმა ასევე გაზარდა დეპოზიტები 39%-ით (4,016,064,298-ლარიდან 5,597,897,446 ლარამდე) და მთლიანი სააქციო კაპიტალი 31%-ით 1,121,527,317-ლარიდან 1,480,141,045 ლარამდე, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გაუნაწილებელი მოგების ზრდამ, ჩვეულებრივი აქციებისა და საემისიო კაპიტალის პოზიციის გაუმჯობესებამ, ასევე აქტივების გადაფასების რეზერვმაც.

 

პრუდენციული თვალსაზრისით ბანკს გაეზაედა პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 13.79%-დან 14.04.%-მდე, (მინიმალური მაჩვენებელი 7.2%) ხოლო საზედამხედველო კაპიტალი კი შეუმცირდა 17.46%-დან 15.09%-მდე. (ეს მაჩვენებელი მინიმუმ 10.8% უნდა იყოს).

 

„კომერსანტის" მიერ მიერ ზემოთ განხილული ორი ბანკი ქვეყნის ფინანსური სისტემისათვის გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგანაც ისინი ფინანსური აქტივების უდიდეს ნაწილს ფლობენ. არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ ასეთი გადანაწილება შესაძლოა, მთლიანი ფინანსური სისტემისათვის გარკვეულწილად რისკიანი იყოს. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი ნიშვნელოვანი ინდიკატორი ფინანსური მდგრადობისათვის ე.წ. პრუდენციული მახასიათებელებია. როგორც „საქართველოს ბანკი", ასევე „თი-ბი-სი ბანკიც", ამ პერიოდისათვის არსებული მაჩვენებლების მიხედვით საკმაოდ კაპიტალიზირებულია (არსებული პრიდენციული მაჩვენებლები აღემატება ბანკებისათვის დადგენილ მოთხოვნებს).

 

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი