geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:17
"ჩირკოლადმა" მუშაობა შეაჩერა - "ბანკები მევახშეები არიან, არც ერთი არ მუშაობს ქართული წარმოების ფეხზე დასაყენებლად"
2017-05-15 10:20:41
+
-

ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანია „ჩირკოლადმა" მუშაობა შეაჩერა. კომპანიის ხელმძღვანელი გოგი არწივიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, რომ საწარმოს გაჩერების მთავარი მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის არარსებობა იყო.


„ დღეს ბაზარი სავსეა იმპორტირებული რუსული, უკრაინული, ირანული, თურქული, აზერბაიჯანული პროდუქციით და როგორც ჩანს, მთავრობას ურჩევნია იმპორტირებული პროდუქტისთვის გახსნა გზა, ვიდრე ადგილობრივ წარმოებას დაეხმაროს. კომერციული ბანკები კი მევახშეები არიან და ქართული არაფერი აინტერესებთ"-  აცხადებს არწივიძე


მისივე თქმით, ბანკები უპრობლემოდ აფინანსებენ მეწარმეს, რომელიც იმპორტით არის დაკავებული - ქართული წარმოება კი მათთვის უინტერესოა.


„ჩვენზე არც რეგიონული მთავრობა ფიქრობს, არც ცენტრალური მთავრობა. „აწარმოე საქართველოში" არის ერთ-ერთი გამყოფილება, რომელიც მუშაობს საკუთარ კლიენტებზე, ახლობლებზე. გავაკეთე განაცხადი, რომ ბაღდათის 13-ვე სოფელში დავდგამდი საჩირე დანადგარებს , თითოეული სოფლიდან მივიღებდი ხილს, ბოსტნეულს და გადავამუშავებდი. ბაღდათის რაიონში ყველა სოფელს დავასაქმებდი, თუმცა პროექტი არ დამიმტკიცეს, მითხრეს, რომ არ იქნებოდა წარმატებული. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მილიონის ქონება უნდა წარადგინო, რომ 150 ათასის სესხი მოგცენ, რაც არარეალურია .დღეს ბანკები მევახშეები არიან- არცერთი ბანკი არ მუშაობს ქართული წარმოების ფეხზე დასაყენებლად" აცხადებს „ჩირკოლადის" დამფუძნებელი.


მისივე ინფორმაციით, საწარმოში 15 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. ახალი წლების შემდეგ საწარმოს საქმიანობა შეჩერებულია. არწივიძის განმარტებით „ჩირკოლადის" პროდუქციას ბაზარზე ანალოგი არ ჰყავდა, იყო მხოლოდ იმპორტირებული პროდუქცია , რომლის საშუალო ფასი 25 ლარია, მათი პროდუქციის ფასი კი 18-20 ლარი იყო. გოგი არწივიძის თქმითვე, პროდუქციის ნიმუშები გაგზავნილი ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნაში და მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა ექსპორტის დაწყება ვერ შეძლეს.



საწარმო „ბიო მარგი" , რომელიც პროდუქციას „ჩირკკოლადის" ბრენდით აწარმოებდა 2011 წლიდან ბაღდათში ფუნქციონირებდა.

 


კომპანიის საფირმო პროდუქტი შოკოლადში ამოვლებული ჩირი, ეგრედწოდებული „ჩირკოლადი" იყო.





 

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია