geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:17
კომერციულმა ბანკებმა 3 თვეში 162,6 მილიონი ლარის ქონება დაისაკუთრეს – "დასაკუთრებული ქონების მოცულობა ისევ გაიზრდება"
2017-05-11 09:30:28
+
-

კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 12.4 პროცენტით გაიზარდა. კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბანკებმა 162 660 940 ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს, რაც 18 003 590 ლარით მეტია 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით.

 

2017 წლის პირველ კვარტალში სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიამ" 4 905 863 ლარი დაისაკუთრა (2016 წლის ანალოგიურ პერიოდში - 9 995 331 ლარი), სს "ტერაბანკმა" - 10 707 118 ლარი ( 11 226 735 ლარი), სს "ბანკი ქართუმ" - 16 366 700 ლარი (5 223 198 ლარი), სს "საქართველოს ბანკმა" -65 247 470 ლარი (60 400 288 ლარი), სს „სილქ როუდ ბანკმა" - 1 647 918 ლარი (3 889 906 ლარი), სს "თიბისი ბანკმა" - 47 034 119 ლარი(42 422 840 ლარი), სს "ლიბერთი ბანკმა" - 115 602 ლარი (476 723 ლარი), სს ბანკი "რესპუბლიკამ" - 10 516 434 ლარი (6 298 150 ლარი), სს "ბაზისბანკმა" - 4 517 590 ლარი (4 548 679 ლარი), სს"აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა - საქართველო - 840 000 ლარი, სს "ხალიკ ბანკი საქართველომ" - 339 465 ლარი, სს „ფინკა ბანკი საქართველომ" - 184 933 ლარი (175 500 ლარი), სს "კრედო ბანკი" - 237 728 ლარი.

 


„პირველი საკრედიტო კავშირის" ხელმძღვანელი გივი კორინთელი აცხადებს, რომ ფიზიკური პირების ქონებას ბანკი ძალიან იშვიათ შემთხვევებში ისაკუთრებს. რეალურად, ეს ქონება 90 პროცენტიანი სინამდვილით, იურიდიული პირებისგან ჩატოვებული ქონებაა. კორინთელის ვარაუდით, ეს გაქვითვის ან აუქციონის წესით მოხდა.


კორინთელის განმარტებით, ბანკები ქონებას იმიტომ არ ისაკუთრებენ, რომ სხვა მყიდველი არ ჰყავთ და შემდეგ ამ ქონების გადაყიდვას გეგმავენ. მისი განცხადებით, როგორც წესი, ეს ჩატოვებული ქონება შემდგომში თავისივე გამოყენებისთვისაა ხოლმე. „აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს უფრო არასაცხოვრებელი ქონებაა"-აცხადებს კორინთელი.


მისი განმარტებით, ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემურ სესხთან დაკავშირებული მომენტებია. „როგორც ვიცით, აღსარულების საკითხები ქვეყნაში ცოტა გაჭიანურებულია, ზოგიერთი საქმე 2-3 წელიც კი გრძელდება. ეს არის გაჭედილი საქმეები,რომლის გადაწყვეტა ჭიანურუდება. შესაძლოა, ახლა ხდება დასაკუთრება, ახლა ტარდება აუქციონი და ასე შემდეგ. ეს შესაძლებელია იყოს წინა წლების ეფექტი. ვფიქრობ, რომ ბანკების მხრიდან დასაკუთრებული ქონება კიდევ გაიზრდება"-აცხადებს კორინთელი.

 

კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაკოტრებისკენ მიდის, კორინთელი განმარტავს, რომ ბაზარზე მიმდინარეობს  ისეთი პროცესები, რომელიც რეალურად წარსულთანაა დაკავშირებული. 


„ის კომპანია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში პრივილეგიებით სარგებლობდა, კონკრეტულ ტენდერებში იგებდა და წახალისება ჰქონდა სახელმწიფოსგან, ახალი ხელისუფლების პირობებში კონიუნქტურა შეეცვალა და ის აქტივები, რომელიც კონკრეტული საქმისთვის ჰქონდა, ვერ გამოიყენა. რაც უფრო დრო გავა, სიტუაცია უფრო და უფრო დასტაბილურდება და ასეთი აქტივების რაოდენობა შემცირდება. თუმცა, ამ დროისთვის მიმაჩნია, რომ მომავალ წელს დასაკუთრებული ქონებების რიცხვი ისევ გაიზრდება"-აცხადებს კორინთელი.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი