geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:22
„ბანკები მსესხებლების გაუთვითცნობიერებულობას სათავისოდ იყენებენ და ჯარიმებს კაბალური ხელშეკრულების საფუძველზე იღებენ"
2017-05-10 13:45:27
+
-

საბანკო ხელშეკრულებები და ბანკების მიერ მოსახლეობის დაბალი ფინანსური განათლების სათავისოდ გამოყენება - ეს არის 2 ძირითადი მიზეზი იმისა, რომ კომერციული ბანკებმა 2017 წლის 3 თვეში ჯარიმებით და საურავებით საკმაოდ დიდი თანხა, 21 მილიონ ლარამდე მიიღეს", - აცხადებს „კომერსანტთან" საუბრისას ფინანსისტი დავით ასლანიშვილი.

 


კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 3 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ლიბერთი ბანკმა მიიღო - 7 234 290 ლარი. მეორე ადგილზე თიბისი ბანკი - 4 542 827 ლარი, რასაც ბანკი რესპუბლიკას მაჩვენებელს თუ მივუმატებთ, გამოვა 6 931 629 ლარი (ცალკე ბანკი რესპუბლიკამ საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 2 388 802 ლარი მიიღო). მესამე ადგილზე საქართველოს ბანკი, მან 2017 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 2 670 595 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - ქართუ ბანკი - 1 227 505 ლარი. ტოპ-ხუთეულშია კრედო - 983 486 ლარის შემოსავლით.

 

ფინანსისტი დავით ასლანიშვილი აცხადებს, რომ "ჯარიმებიდან მიღებული ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ერთი მხრივ, შეიძლება იყოს საბანკო ხელშეკრულებებში ჩადებული კაბალური პირობები და მეორე მხრივ, კომერციული ბანკების მიერ მოსახლეობის დაბალი ფინანსური განათლების სათავისოდ გამოყენება.

 

„ეროვნულ ბანკში შექმნილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, არის თუ არა მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულება კაბალური. როდესაც ჯარიმებიდან მიღებული სტატისტიკა 21 მილიონს აღწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ეს დეპარტამენტი კარგად არ მუშაობს. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა შექმნას ხელშეკრულებების ნიმუში და მისი გამოყენება ყველა ბანკისთვის სავალდებულო იყოს. ამასთან, მოაწყონ სემინარები და მოსახლეობას უფრო მეტად აუხსნან საბანკო პროდუქტებტან დაკავშირებით საკითხები", - განაცხადა ასლანიშვილმა.

 

ამასთან, მისივე თქმით, კიდევ ერთი მიზეზი ამის არის კომერციული ბანკების მიერ სესხებზე დაწესებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები. „ეს გამოწვეულია საბანკო ოლიგოპოლიით, რაც ქვეყანაში არსებობს და რასაც ეროვნული ბანკი ხელს არ უშლის. სესხებზე დაწესებული მაღალი პროცენტებიდან და ჯარიმებიდან მიღებული თანხა კი რეალურად ქვეყანაში არ ტრიალებს, არ ხმარდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და გადის საზღვარგარეთ. ეს კი ცხადია, კარგი ნამდვილად არ არის ეკონომიკისთვის", - განაცხადა ასლანიშვილმა.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი