geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:17
"სარაჯიშვილის" მეტროსთან ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იწყება
2017-05-10 10:20:37
+
-

მეტრო „სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა ზაფხულიდან დაიწყება.პროექტს „გრაპა კაპიტალი" ახორციელებს.


"მშენებლობის მოსამზადებელ ეტაპს ივლისიდან დავიწყებთ. პროექტის ფარგლებში, წლის ბოლომდე 2800 ადამიანი იქნება დასაქმებული. კომპლექსის დასრულების შემდეგ კი 2000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება." - აცხადებს რადიო "კომერსანტთან" საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი მინდია გურგენიძე.

 


მისივე თქმით, პროექტის მიხედვით მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს "აპარტ-ჰოტელებს", კომერციულ და საოფისე სივრცეს,ასევე სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ და საინვესტიციო ფართებს. ამ ეტაპზე რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მიდის მოლაპარაკება, მათ შორის ერთ-ერთი Ibis - ია. ბრენდული სასტუმრო 120 ნომრიანი იქნება.

 

„გრაპა კაპიტალის" დამფუძნებელი განმარტავს, რომ კომერციული ფართები 70 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული. აშენდება 10 კორპუსი, ეზო ინფრასტრუქტურულად მაღალი სტანდარტების შესაბამისად იქნება განვითარებული : მოეწყობა ველობილიკები, 360 ბავშვზე გათვლილია სკოლა, 180 ბავშვზე -საბავშვო ბაღი, ბავშვთა გასართობი სკვერები, პარკები, ჩოგბურთის კორტები, აუზები, ფიტნეს-ცენტრი, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები.


იგეგმება კომპლექსის ალტერნატიული ენერგიით მომარაგება, მზის პანელების დამონტაჟება და 10 მეგავატიანი ელექტროსადგურის მოწყობა, რაც პოტენციურ მყიდველს შეუქმნის ენერგოეფექტურ გარემოს, მეტ კომფორტს ნაკლებ ფასად.


კომპლექსი 43 ათას კვადრატულზე აშენდება.

 

 



2 დონიანი პარკინგის მოწყობა მიწისქვეშ არის გათვალისწინებული, განიხილება ცალკე ტერიტორიის შეძენა, სადაც ასევე საპარკინგე სივრცე იქნება.



„გრაპა კაპიტალის" პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი ზონა „სარაჯიშვილის მეტროს " საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება .


პროექტის დასრულების თარიღი 2022 წელია. საინვესტიციო ღირებულება კი 120 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

 

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია