geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:29
"მოგების გადასახადი აღარ არსებობს, რადგან ჩვენ გვაქვს ხარჯებზე გადასახადი’’
2017-04-21 16:00:02
+
-

2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადის ახალი წესი შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც მხოლოდ განაწილებული მოგება იბეგრება. შედეგად 2017 წლის ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან 500 მილიონი ლარით ნაკლები შევა ვიდრე ძველი დაბეგვრის წესის პირობებში შევიდოდა. აღნიშნული დანაკლისის დასაბალანსებლად მთავრობამ აქციზის გადასახადი გაზარდა და 2016 წელთან შედარებით 2017 წელს 400 მილიონი ლარით მეტ ვალს აიღებს. ამ თემებთან დაკავშირებით გადაცემა ‘'ბიზნესკოდში'' აუდიტორმა და ეკონომისტმა ირაკლი შავიშვილმა ისაუბრა.


- საინტერესოა თქვენი მოსაზრება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელთან დაკავშირებით. რამდენად დადებითად აფასებთ იმ ფაქტს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა რეინვესტირებული მოგება აღარ დაბეგვროს და ბიზნესმა ის თავისი კეთლდღეობისთვის გამოიყენოს


- თუ ვიტყვით იმას, რომ მთავრობამ გადაწყვიტა რეინვესტირებული მოგების განთავისუფლება და მისი არ დაბეგვრა, მაშინ ეს რა თქმა უნდა კარგი ინიციატივაა. მთავრობამ გამოაცხადა, რომ ნახევარი მილიარდით ამცირებს მოგების გადასახადს, მაგრამ სინამდვილეში შემცირება არის 300 მილიონი და სანაცვლოდ კი 600 მილიონით არის გაზრდილი აქციზი და თითქმის ნახევარი მილიარდითაა გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი. გამომდინარე აქედან დაბაალი აქტივობის პირობებში ეს არის მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ბევრად მეტი გადასახადი ვიდრე ვითომ შეღავათი მოგვცეს. რატომღაც ჩვენთან დამკვიდრდა ისე, რომ კანონად ვიღებთ რაღაც ნორმას და შემდეგ ვიწყებთ მის დახვეწას, მოფიქრებას თუ რა უნდა გვექნა და გაგვეკეთებინა. ძალიან ბევრი შავი ლაქა არის კანონმდებლობაში, რომელიც უამრავ პრობლემას უქმნის გადასახადების გადამხდელს. თუ ჩვენ მოგების გადასახადს ვიხდიდით მაშინ, როდესაც გვქონდა მოგება, ახლა უკვე ვიხდით მაშინ როდესაც არ გვაქვს ეს მოგება. როგორც ასეთი მოგების გადასახადი აღარ არსებობს, რადგან ჩვენ გვაქვს ხარჯებზე გადასახადი. გამომდინარე აქედან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოგებას და იმას თუ რამდენი მიიღეთ ერთობლივი შემოსავალი. მნისვნელობა აქვს რა თანხა გაეცით დივიდენდის სახით, უსასყიდლო მიწოდების სახით, არაეკონომიკური საქმიანობისთვის და ასე შემდეგ.


- მთავრობის ეს ინიციატივა, მოგების გადასახადისგან განთავისუფლება რეინვესტირების შემთხვევაში და აქციზების ზრდა, თავიდან ბოლომდე წარუმატებელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი?


- სიტყვა წარუმატებელს არ დავარქმევდი, უბრალოდ მოსახლეობის ჯიბიდან მეტი ფულის ამოღება ხდება. არსებობდა ალტერნატივა, რომ საერთოდ გაუქმებულიყო მოგების გადასახადი და ტვირთი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადზე გადავიდოდა.გარდა ამისა სამუშაო მოემატათ ბუღალტრებს, რომლებიც აქამდე 1 დეკლარაციას ადგენდნენ, ეხლა კი 12 დეკლარაცია უნდა წარადგინონ ყოველ თვიურად.