geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:47
"სამშენებლო ამნისტია 2 წლით გაგრძელდება" – სამინისტროებთან პროექტზე შეთანხმება უკვე მიღწეულია
2017-04-21 09:30:55
+
-

სამშენებლო ამნისტია, რომელის ფარგლებში 2008 წლამდე დაწყებული სამშენებლო ობიექტები, დღგ-ს  გადახდისაგან თავისუფლდება, 2 წლით - 2020 წლამდე გაგრძელდება. ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ თემით ბიზნესომბუდსმენის აპარატს „მენაშენეთა ასოციაციამ" მიმართა.  მისივე თქმით, შეთანხმება მიღწეულია ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებთან, ახლა საკითხი მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს და მხარდაჭერის შემთხვევაში პარლამენტში გაიგზავნება.


პროექტის მიხედვით, ამნისტიის ვადა 2018 წლის 1–ლი იანვრის ნაცვლად 2020 წლის 1–ლი იანვრამდე გაგრძელდება.


მენაშენეთა ასოციაციის ინფორმაციით, მთავრობის მიერ დადგენილმა შეღავათმა მნიშვნელოვანი ეფექტი იქონია დარგზე და ცვლილების შედეგად განახლდა 22 შეჩერებული სამშენებლო ობიექტის მშენებლობა, რომელთა საინვესტიციო ღირებულებამ 55 მილიონი დოლარი შეადგინა და მათი დასრულება კი 2017 წლის 31 დეკემბრამდეა დაგეგმილი.


მათივე განმარტებით, საშეღავათო პერიოდის 2 წლით გაგრძელების შემთხვევაში დარგისთვის მოსალოდნელია დამატებითი ეფექტი. კონკრეტულად: განახლდება 32 შეჩერებული სამშენებლო ობიექტის მშენებლობა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 109 მილიონ დოლარს შეადგენს.



სამშენებლო ამნისტიის შესახებ 2015 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს დღემდე მძიმე ტვირთად აწვება, რაც აღნიშნული დარგის განვითარებას აფერხებს.



მოგვიანებით თბილისის მერმა დავით ნარმანია განაცხადა, რომ თბილისის მთავრობა მზად არის კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლოს და მშენებლობის ნებართვების ვადა გაუგრძელოს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ მშენებლობებს.„ საქმე უმეტესწილად დედაქალაქში შეჩერებულ მშენებლობებს ეხება, რომელმაც წინ ვერ წაიწია. სამშენებლო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია წახალისება და სხვადასხხვა სტიმულირების ინსტრუმენტები, რათა შეძლონ შეჩერებული მშენებლობების დასრულება", - განაცხადა მაშინ ნარმანიამ.



პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები საგადასახდო კოდექსშიც დაამტკიცა. მაშინ ფინანსთა მინისტრი მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტის თანახმად, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება და ასევე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება. აღნიშნული შეღავათი კი იმ ობიექტებს შეეხება, რომელზეც მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტომდეა გაცემული.



მისივე ინფორმაციით, საგადასახადო შეღავათი შეეხებოდა 30-მდე სამშენებლო კომპანიის 65-ზე მეტ სამშენებლო პროექტს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში. სულ მისაწოდებელი ფართების ოდენობა 900 000 კვ.მ-ზე მეტს შეადგენს, ხოლო სარეალიზაციო ღირებულება 1,200 მლრდ ლარს აღემატება. ლაშა ხუციშვილის თქმით, უშუალოდ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც ასეთ მშენებლობებში ფართი აქვთ შეძენილი, 15 ათასამდე პირს შეადგენს. რაც შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახდის ოდენობას, ხუციშვილის განცხადებით, ის 200 მილიონ ლარია.



 

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია

1 Jan, 1970