geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:31
თბილისში წიგნის მაღაზიები კოტრდება – მაღაზიების მეპატრონეები „ბიბლუსს“ დემპინგში ადანაშაულებენ
2017-04-21 12:00:21
+
-

წიგნის მაღაზიების ნაწილი ფინანსურ სირთულეებზე საუბრობს და ამაში ერთ-ერთ მიზეზად მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს" ადანაშაულებს. მათი განცხადებით,დაახლოებით 2 წელია, ამ ბაზარზე ვითარება სულ უფრო რთულდება - მაღაზიების ნაწილი დაიხურა, ნაწილი კი დახურვის პირასაა.


მაღაზიის „წიგნები ვაკეში" ხელმძღვანელი მარიამ კიკაჩეიშვილი აცხადებს, რომ ბაზარზე დემპინგური ფასებით მოქმედებს მაღაზაითა ქსელი „ბიბლუსი",რომელიც თავს უფლებას აძლევს წიგნები საკმაოდ დაბალ, სიმბოლურ ფასად გაყიდოს. „არ ვიცი ისინი ამას რის ხარჯზე ახერხებენ. როდესაც მათთან მხატვრული ნაწარმოები 2-3 ლარი ღირს, წიგნის სხვა მაღაზიები უმცირესობაში არიან. მათ კანონი უნდა იცავდეს, თუმცა, შესაბამისი კანონმდემბლობა საქართველოში არ არსებობს „-აცხადებს კიკაჩეიშვილი.


მისი თქმით, „ბაზარზე „ბიბლუსს" ლიდერის პოზიცია უჭირავს და წიგნის სხვა მაღაზიებს აკოტრებს.


წიგნების ბაზარზე არსებულ რთული მდგომარეობის გამომწვევ მეორე მიზეზად  კიკაჩეიშვილი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ შორის სავალუტო კურსის რყევებს ასახელებს. მისი მტკიცებით, მომხმარებლებს იმის ფული აღარ აქვთ, რომ წიგნები იყიდონ . უპირატესობას კი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე აკეთებენ.


მისი თქმით, ასევე პრობლემას ქმნის ის, რომ გამომცემლობები აღარ არიან სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესში, რამაც მათ ფინანსური პრობლემები გაუჩინათ. კიკაჩეიშვილი აცხადებს, რომ ამის გამო მხატვრულ ლიტერატურას გამომცემლობები ნაკლებად ბეჭდავენ.


მისი თქმით, გაძვირდა წიგნები და მომხარებელიც შემცირდა, რადგან წიგნი არ არის საკვები, რომელზეც თახნები პირველადად იხარჯება. „წიგნების უმრავლესობა საქართველოში არ იბეჭდება.ბუნებრივია, ხარჯიც მეტია. ეს კი წიგნებს აძვირებს"-აცხადებს კიკაჩეიშვილი.


„ბიბლუსის" მიერ დემპინგზე საუბრობს „პარნასის" ხელმძღვანელი გიორგი დარსალიაც. მისი განმარტებით, „ბიბლუსი" იმდენად იაფად ყიდის წიგნებს, რომ ხალხს სხვა მაღაზიაში ცოტა მეტის გადახდა აღარ უნდა.


რაც შეეხება გაყიდვებს, მისი თქმით, რეალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში წიგნები გაიაფდა, რაც უაროფითად აისახება ბაზრის განვითარებაზე. შესაბამისად,წიგნებიც ბევრად უხარისხო გამოდის და სხვა მაღაზიებსაც პრობლემები ექმნებათ.


რაც შეეხება თავად „ბიბლუსს" , მაღაზიათა ქსელში აცხადებენ, რომ წიგნების 90% -ს ფიქსირებული ფასი აქვს ,რომელიც მითითებულია წიგნის გარეკანზე. მათი მტკიცებით,"ბიბლუსი" ცდილობს პერმანენტულად შესთავაზოს მკითხველს წიგნები აქციების ფარგლებში და სწორედ აქციის დროს არის დაკლებული ფასები.


„ ეს მაღაზიის და გამომცემლობის შეთანხმების საფუძველზე ხდება , რისი საშუალება სხვა მაღაზიებსაც აქვთ თუ სურთ ,რომ გაანებივრონ მკითხველი შეთავაზებებით"-აცხადებენ „ბიბლუსში".


მათი განცხადებით, ლარის გაუფასურებამ სხვადასხვა სექტორში დატოვა კვალი, თუმცა „ბიბლუსი" გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე გავხადოს წიგნი და კითხვა ხელმისაწვდომი საქართველოს ნებისმიერ წერტილში. „სწორედ ამიტომ ვცდილობთ გავუმკლავდეთ ყველანაირ პრობლემას და გავაუმჯობესოთ ხარისხი"-აცხადებენ „ბიბლუსში".


მაღაზიაში სამომავლო გეგმეზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ 7 აპრილს გაიხსნა ბიბლუსის ფილიალი ბორჯომში. ახლო მომავალში დაგეგმილია კიდევ ორი ფილიალის გახსნა. (თბილისში და რეგიონში).

 


 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი