geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:17
ფსოუსა და როკზე შვეიცარიელი მებაჟე–მონიტორების განლაგების საკითხი ისევ გაურკვეველია
2017-04-19 14:00:21
+
-

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხი ამჟამად კვლავ გადაუწყვეტელია. საქართველომ ყველა საჭირო პირობა შეასრულა და ახლა ჯერი რუსეთზეა. 

 


როგორც დღეს „კომერსანტთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რუსეთის მხარემ შვეიცარიულ კომპანიასთან ორი საკითხი უნდა დააზუსტოს, როდესაც ყველა მოსამზადებელი ეტაპი დასრულდება, შემდგომ უკვე შესაძლოა, ხელი მოეწეროს კონტრაქტებს. თუმცა ამჟამად აბაშიძე მოლაპარაკებების დასრულების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. მისი თქმით, შვეიცარელებთან ქართულმა მხარემ ყველა საჭირო პირობა შეასრულა.

 


"ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა. ქართულმა მხარემ კონტრაქტის ტექსტზე მუშაობა უკვე დაასრულა, რომელიც შვეიცარიულ კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. ამ ეტაპზე მათთან რუსეთის მხარემ ორი საკითხი უნდა დააზუსტოს.

 


როდესაც ყველა მოსამზადებელი ეტაპი დასრულდება შემდგომ უკვე შესაძლოა, ხელი მოეწეროს ამ კონტრაქტებს და იმპლემენტაციის ეტაპის დაწყებას წინ აღარაფერი უდგას. ჩვენი მხარე უკვე მზადაა და ფინალამდე თითქმის მისულები ვართ. თუმცა ამ ყველაფრის განხორციელების ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ." - განაცხადა „კომერსანტთან" საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

 


ცნობისთვის, რუსეთსა და საქართველოს შორის 6 წლის წინ მიღწეული შეთანხმება ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება.



აღნიშნული ხელშეკერულება რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ გააფორმა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

 


როგორც ცნობილია, ქართული მხარე ჯერ კიდევ 2017 წლის მარტის დასაწყისში აცხადებდა, რომ მათ ყველა დეტალი მზად ჰქონდათ და საბოლოო პასუხს რუსეთისგან ელოდებოდა. ამ საკითხზე საუბარი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორისაც შედგა, და როგორც მაშინ აბაშიძემ განაცხადა, მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა და მხოლოდ მცირე ტექნიკური საკითხებიღა დარჩა მოსაგვარებელი. იმ პერიოდში დასახელდა თარიღიც - 2017 წლის მარტის ბოლო, სწორედ მარტში უნდა გარკვეულიყო დეტალები და ხელშეკრულებაც იმ პერიოდისთვის უნდა გაფორმებულიყო. თუმცა საკითხი დღემდე გაურკვეველია. 

 

 

იმ დროს საუბარი იყო 3 დერეფნის ამოქმედებაზე. უფრო კონკრეტულად კი, კარასინის თქმით, სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან გაჩერდება; მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნართან აიღებს, გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება. მესამე საბაჟო პუნქტის ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში ზემო ლარსთან გეგმავს. თუმცა კარასინი აქვე განმარტავს, რომ მხარეები ზუსტ კორდინატებზე უნდა შეთანხმდნენ.

 


მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების გამარტივებას.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე