geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:19
სასამართლო დავის გამო კომპანია „მარტვილის წყალი" წარმოების განახლებას ვერ ახერხებს
2017-04-19 16:30:46
+
-

კომპანია „მარტვილის წყალი" ისევ გაჩერებულია. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნაჭყებია „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, განახლდება თუ არა წარმოება, ეს სენაკის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, სენაკის სასამართლოში საბოლოო გადაწყვეტილება მაისის ბოლოსთვის იქნება მიღებული.

 

როგორც ცნობილია, კომპანიამ წარმოება გასულ წელს შეაჩერა, მიზეზი სენაკის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც შპს „მარტვილის წყალს" ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონება დაუყადაღდა.

 


მაშინ კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნაჭყებია „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებდა, რომ შპს-ს 50 პროცენტს საქართველოს საპატრიარქოს ფლობს, 25 პროცენტს - თავად ლაშა ნაჭყებია, დანარჩენი 25 პროცენტის მფლობელი კი დავით ბუაძეა, რომელიც თავის მხრივ მომჩივან მხარეს წარმოადგენს.

 


ნაჭყებიას თქმით, დავის საგანს წარმოადგენს 610 000 აშშ დოლარი, რომლის ანაზღაურებასაც ბუაძე კომპანიისგან ითხოვს. „ეს თანხა ეკუთვნოდა ყოფილ დეპუტატს ნაული ჯანაშიას, რომელიც გარდაცვლილია, ბუაძემ ჯანაშიას შესთავაზა, ოფშორული წესით კომპანიის სახელზე გადაერიცხა. როგორც ბუაძე ამბობს, თანხის გადარიცხვა ზეპირი შეთანხმებით მოხდა, ახლა კი ის ამის დაბრუნებას ითხოვს"-აცხადებდა ნაჭყებია.

 


როგორც დღეს ნაჭყებია აცხადებს, სასამართლოს ახლანდელი გადაწყვეტილებით, კომპანიის ანგარიშებს და უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა უკვე მოეხსნა. მიუხედავად ამისა, კომპანია წარმოების განახლებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ეს კი განვითარებაში ხელს უშლით. მისი განმარტებით, „მარტვილის წყლის" ექსპორტით დაინტერესებულები არიან უკრაინელები. ინტერესია დუბაიდანაც.

 

„უკრაინელებს უნდათ წყალი ქუვეითში გაიტანონ. ისინი მზად არიან თავად შეიმუშაონ როგორც ბოთლის დიზაინი, ისე იარლიყი. სანამ სასამართლო დავა არ დასრულდება, ვერ ადგილობრივ წარმოებაზე ვიფიქრებთ და ვერც ექსპორტზე"-აცხადებს ნაჭყებია.

 


საქართველოს წყლის ბაზარზე შპს „მარტვილის წყალი" ბოლო პერიოდში გააქტიურდა. კომპანია 2010 წელსაა შექმნილი, თუმცა პროდუქციის წარმოება 2015 წლის ბოლოდან სატესტო რეჟიმში დაიწყო, უკვე მაისიდან წარმოება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 


ქარხანა მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ყველაზე ღრმა 300 მეტრის ჭაბურღილია, რომელიც 1971 წელსაა გაკეთებული, თუმცა წყლის მარაგი და ხარისხი უცვლელია. სასმელი წყალი „მარტვილი" ანტიალერგიული თვისებებით ხასიათდება.

 


კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნაჭყებია გასულ წელს „კომერსანტთან" ამბობდა, რომ პროდუქციის ფასიც კონკურენტებზე ნაკლებია და ნახევარ ლიტრიანი წყალი 23 თეთრი, ხოლო ლიტრიანი 45 თეთრი ღირს. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე მსხვილ სავაჭრო ქსელებთან გააფორმეს ხელშეკრულება და ბაზარზე დამკვიდრებისა და კონკურენციისთვის ემზადებოდნენ. მუშაობდნენ ექსპორტზე გასასვლელადაც.

 

 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი