geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 12:37
მურთაზ კიკორია: საბანკო სექტორს ლიკვიდობის პრობლემა არ აქვს
2017-04-19 09:30:00
+
-

არანაირი ლიკვიდურობის პრობლემა საბანკო სექტორში არ არსებობს, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად" საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა.

 

ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის რეფინანსირების სესხების გაცემას უკვე დიდი ხანია ფინანსისტები აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, რეფინანსირების სესხების ზრდა პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ ქართულ საბანკო სექტორს ლიკვიდობის პრობლემა გააჩნია და სებ-ი მათ ამ პრობლემის დაძლევაში ეხმარება.

 

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, , 13 აპრილს რეფინანსირების სესხი 120 მილიონი ლარით გაიზარდა. მთლიანობაში კომერციულ ბანკებზე 1,77 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხია გაცემული.

 

რეფინანსირების სესხების ზრდაში კი საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ ეროვნულ ბანკში. მეტიც, როგორც რადიო „კომერსანტთან" საუბრისას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა, ბანკებს პრობლემა არც ლიკვიდობასთან დაკავშირებით არ აქვთ.

 

„პირველ რიგში დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კომერციულ ბანკს ლიკვიდობასა და გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით პრობლემა არ უდგას. რეფინანსირების სესხთან დაკავშირებულ ისტორიას სამწუხაროდ, ხშირად ბანკების ლიკვიდურობის პრობლემას უკავშირებენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი ლიკვიდურობის პრობლემა საბანკო სექტორში არ დგას. არც ერთ კონკრეტულ კომერციულ ბანკს ეს პრობლემა არ უდგას. თუ ინფორმაცია ამის შესახებ რომელიმე კონკრეტულ ბანკზე ცნობილია, სიამოვნებით მოვისმენ, თუმცა მე არ მსმენია მსგავსი ფაქტის შესახებ.

 

ლიკვიდობის მართვა, როგორც პროცესი არის ერთი, ხოლო ლიკვიდურობის პრობლემა აბსოლუტურად სხვა კატეგორიის საკითხია. ქართული საბანკო სექტორი არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში თითით საჩვენებელია. ჩვენ საბანკო სექტორს გამჭვირვალობის მაღალი დონე აქვს", - განაცხადა კიკორიამ.

 

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი - რეფინანსირების სესხები - 2008 წლის სექტემბრიდან აამოქმედა. მისი მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. "ეროვნული ბანკი არის ლარის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად, მას აქვს საშუალება რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს", - აღნიშნავენ სებ-ში.

 

რაც შეეხება მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხებს, იგი 2010 წლის აპრილიდან ამოქმედდა. მისი საშუალებით კომერციულ ბანკებს საშუალება აქვთ, მიიღონ სესხი გარანტირებულად, აუქციონის გარეშე. ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებს ყოველ ხუთშაბათს გასცემს, მუდმივმოქმედ სესხებს - "საჭიროებისამებრ", ერთდღიან სესხებსაც, "საჭიროებისამებრ" ყოველდღიურად.

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი