geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:16
ევროპის დაკარგული თაობა - ახალგაზრდები, განათლებულები და უმუშევრები
2017-04-17 20:00:39
+
-

გასული 8 წლის განმავლობაში, ევროზონის ქვეყნებში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა 19%-დან 25%-მდე მერყეობდა. საგანგაშო ვითარებაა საბერძნეთსა და ესპანეთში, სადაც ახალგაზრდების 40% უმუშევარია. შედარებისთვის, აშშ-ში ახალგაზრდების 90% დასაქმებულია.

 

იმედგაცრუებული ახალგაზრდების რაოდენობა ევროპაში მზარდია. მათგანი სამსახურის საძიებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა, ნაწილი კი საცხოვრებელ ადგილს არ იცვლის. აღნიშნული ტენდენცია ევროპულ პოლიტიკაში პოპულიზმის ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ წრეებს მნიშვნელოვნად უპირისპირდება.

 

CNNMoney ევროპელ ახალგაზრდებს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორია მათი ცხოვრება სამსახურის გარეშე.

 

 

ედა ფერარა, 24 წლის

ქვეყანა: იტალია

ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი: 35%

 

ედა ფერარა სასწრაფო დახმარების ექთნად მუშაობა სურს, თუმცა სამსახურის დაწყებას ვერაფრით ახერხებს. მისი თქმით, სამსახურის პოვნაში მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებს ბიუროკრატიული წინაღობები და ნეპოტიზმი წარმოადგნენ. „მე და ჩემმა ოჯახმა ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ უნივერსიტეტის დიპლომი მომეპოვებინა. თუმცა ახლა ქვეყნის დატოვება მიწევს," აღნიშნა ფერარამ.

 

 

 

 

სტელიოს ქერიმაჯი, 23 წლის

 

ქვეყანა: საბერძნეთი

ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი: 48%

 

სტელიოს ქერიმაჯი საბერძნეთის ტექნიკური კოლეჯის ავტომექანიკოსის დიპლომს ფლობს. „ავტომობილები ძალიან მომწონს, შეიძლება ზედმეტადაც კი. ამ მიმართულებით მუშაობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არის. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა საქმით ვიყავი დაკავებული: მაგალითად, ზამთარში მშენებლობაზე ვმუშაობდი, მოგვიანებით კი ოფიციანტად, მაგრამ ამისი კეთება არ მინდა," აღნიშნავს იგი.

 

 

 

ჟოაო ლურენკო, 24 წლის

 

ქვეყანა: პორტუგალია

ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი: 25%

 

ჟოაო ლოურენკომ ბაკალავრის დიპლომი 2016 წლის ივლისში აიღო, თუმცა მუშაობის დაწყება მას შემდეგ ვერ მოახერხა. იგი იძულებული გახდა, სწავლა ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე გაეგრძელებინა. „დამსაქმებლები ახალგაზრდებს თავისი კომპანიის მომავლად ვერ წარმოიდგენენ და ორიენტირი სხვა მხარეს აქვთ გადატანილი. მე მინდა ისეთი სამსახური, რომელიც გამოწვევას შემიქმნის და თავს საჭიროდ მაგრძნობინებს და არა ისეთი, სადაც მხოლოდ ხელფასის გამო ვიმუშავებ," ამბობს ლურენკო.

 

 


ბამოდი კამარა, 22 წლის


ქვეყანა: საფრანგეთი

ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი: 24%

 

ბამოდი კამარა ვაკანსიებს ხშირად აგზავნის, თუმცა დამსაქმებლებისგან პასუხს ვერ იღებს. „პარიზის ღარიბ უბანში ვარ გაზრდილი, სადაც ჩემთვის დამლაგებლის გარდა არცერთი პოზიცია არ არსებობს. ვაკანსიებს უკვე ერთი წელია ვაგზავნი, თუმცა დამსაქმებლები კონტაქტზე არ გამოდიან. ამისი მიზეზი კი სავარაუდოდ, ჩემი საცხოვრებელი უბანია," მიიჩნევს კამარა.

 


ბლანკა დელ ვალიე ორტიზი, 25 წლის

 

ქვეყანა: ესპანეთი

ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი: 42%


ბლანკა დელ ვალიე ორტიზს სურს, რომ გარემოს დაცვის ინჟინერის მიმართულებით იმუშავოს. სამუშაო ადგილებად იგი ირლანდიასა და დანიას განიხილავს. გარკვეული დროის განმავლობაში იგი სტილისტად მუშაობდა და პარალელურად თავისი პროფესიის შესაბამისად, სამსახურის პოვნას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა. 2016 წელს ორტიზი გარემოს დაცვის მენეჯმენტის მიმართულებით მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი გახდა, ახლა კი საცხოვრებლად ისლანდიაში, ან დანიაში გადასვლას განიხილავს.

 

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney