geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:52
ბესლანის ტრაგედია - გადაიხდის თუ არა რუსეთის ხელისუფლება 3 მილიონ ევროს?
2017-04-13 16:10:55
+
-

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას 2,955 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის. ამის შესახებ სასამართლოს დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა უწყების ოფიციალურ ვებ გვერდზე. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ მიმართა ყველა ზომას ტერაქტის გარემოებებისა და მძევლების დაღუპვის გამოსაძიებლად.


სტრასბურგის მოსამართლეები დაეთანხმნენ მოსარჩელეებს იმაში, რომ ბესლანის მოვლენებისას დაირღვა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, რომელშიც საუბარია ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო, საფრთხე აერიდებინა ადამიანების სიცოცხლისათვის და ბესლანის სკოლიდან მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაცია დაეგეგმა ისე, რომ შეძლებისდაგვარად დაეცვა მძევლების სიცოცხლე. სტრასბურგის სასამართლომ განიხილა ერთბაშად რამდენიმე სარჩელი, რომლებითაც მას მიმართა საინიციატივო ჯგუფმა „ბესლანის დედები". სულ მოსარჩელეთა რიცხვი 400-ს აღემატება. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პირველი სხდომა ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2014 წელს გაიმართა.


სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ მიიღო საკმარისი ზომები, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდნენ ტერაქტის მზადების შესახებ.

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის გარდა, რუსეთის ხელისუფლებას 88 ათასი ევრო სასამართლო ხარჯებისთვისაც დაეკისრა.

 

2004 წლის 1 სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში ტერორისტებმა სკოლა დაიკავეს და მძევლებად მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები აიყვანეს, სულ 1128 ადამიანი. ისინი 2 დღე-ღამის განმავლობაში იყვნენ გამაგრებული სკოლის შენობაში. 3 სექტემბერს სკოლის შენობის შტურმის, ძალოვანების იერიშის შემდეგ, 334 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 186 ბავშვი. 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 

ბესლანის ტრაგედიის სასამართლო განხილვები რუსეთის ყველა ინსტანციის სასამართლოში გაიმართა, თუმცა ყველა შემთხვევაში, რუსი სამართალდამცავებისა და მოსამართლებიის დასკვნა იყო, რომ სკოლის შტურმის დროს დარღვევები არ ყოფილა.

 

ბესლანის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას კრემლი არ ეთანხმება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, სასამართლოს ფორმულირება კატეგორიულად მიღებელია. პესკოვი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზ საუბრობს, რომლის მიხედვითაც ტერაქტიკს თავიდან ასაცილებლად და მსხვერპლთა რაოდენობის მინიმიზაციისთვის, რუსეთის ხელისუფლებამ არასათანადოდ იმოქმედა.

 

კითხვაზე - აპირებს თუ არა რუსეთის ხელისფლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას? პესკოვმა უპასუხა რომ „ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შესრულდება".