geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:16
ელონ მასკი ინვესტორებს მიმართავს: შეიძინეთ Ford-ი
2017-04-17 10:00:28
+
-

ელონ მასკი აქციონერებს Tesla-ს დირექტორთა საბჭოს წევრების ცვლილებაზე ფიქრის ნაცვლად Ford-ის აქციების შეძენას ურჩევს. ამ გზით მასკი ინვესტორთა ჯგუფს ალტერნატივას სთავაზობს, რომლებსაც კომპანიის დირექტორთა საბჭოში ორი ადამიანის დამატება სურთ, რომლებსაც მასკთან შეხება აქამდე არ ჰქონიათ. „ინვესტორთა ჯგუფმა Ford-ის აქციები უნდა შეიძინოს," დაწერა მასკმა თავის ოფიციალურ Twitter-ზე.

 

მასკის შეთავაზებას Tesla-ს მორიგი მოღწევა უძღვის წინ: ელექტომობილების მწარმოებელმა საბაზრო ღირებულებით Ford-სა და GM-ს გადაუსწრო, რის შედეგადაც იგი აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად იქცა.


Tesla-ს აქციები ოთხშაბათს 3.9%-ით შემცირდა, თუმცა მიმდინარე წელი კომპანიისთვის მაინც წარმატებულია, რადგან აქციები 1–ელი იანვრიდან 39%-ით არის გაზრდილი.

 

ელონ მასკმა დირექტორთა საბჭოში ახალი წევრების დამატების საჭიროებაზე უკვე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებები უახლოეს მომავალში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ცვლილებების პროცესში ინვესტორების ჩარევას იგი ნამდვილად არ გეგმავდა.

 

გაყიდული ავტომობილების რაოდენობით Tesla Ford-ს, GM-ს, Honda-ს და სხვა მსხვილ ავტომწარმოებლებს, როგორებიც Fiat Chrysler-ი, Toyota და Volkswagen-ი არიან, მნიშვნელოვნად ჩამორჩება. უფრო კონკრეტულად, Tesla-მ წლის პირველ კვარტალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 25,000 Model S-ი და Model X-ი გაყიდა, მაშინ როდესაც Ford-მა მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე 617,000 ავტომობილი გაყიდა. ამასთან, GM-ისა და Ford-ისგან განსხვავებით, Tesla დიდი რაოდენობის ფულსაც კარგავს.

 

თუმცა ინვესტორები Tesla-ს ახალ ავტომობილს, Model 3-ს დიდი იმედებით ელოდებიან, რომელიც Tesla-ს მეინსტრიმულ ავტოკომპანიად აქცევს. Model 3-ის დახმარებით, კომპანია ძვირადღირებული ელექტრომობილების მწარმოებლის სტატუსს დაკარგავს და უფრო დიდ ბაზარზე გავა. Model 3-ის ღირებულება $35,000 იქნება და იგი ბაზარზე წლის მეორე ნახევარში გამოვა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: СNNMoney