geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:17
„ახალი კონსტიტუცია უვარგისია“
2017-04-13 13:00:54
+
-

„საპარლამენტო რესპუბლიკაში შეიძლება ამამორჩეველთა კოლეგია ან პარლამენტი ირჩევდეს პრეზიდენტს, როგორც ეს ბევრ საპარლამენტო ქვეყანაში ხდება. თუმცა, ეს ხდება იმ ქვეყნებში, სადაც გარანტირებული არის კანონითა და კონსტიტციით მრავალპარტიული სისტემა. ჩვენთან, სწორედ იმის გამო, რომ საარჩევნო სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ მრავალპარტიულობა არ არის ხელშეწყობილი, მიუღებელია პრეზიდენტის არჩევა ანუ დანიშვნა ერთპარტიული ან ორპარტიული პარლამენტის მიერ. სწორედ აქედან გამომდინარე არ ვართ ჩვენ თანახმა, რომ იყოს მრავალპარტიული სისტემის გარანტიები, მაშინ შეიძლებოდა ამ საკითხის განხილვა", - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.

 

„პირველი ნაბიჯი სწორად არის გადადგმული, ვგულისხმობ მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელზეც უარს ვამბობთ. ჩვენს შემთხვევაში ეს იყო უმახინჯესი მოვლენა. რაც შეეხება შემოთავაზებულ ვარიანტს: პროპორციულ არჩევნებზე კი გადავდივართ, მაგრამ ეს არ არის რეგიონულ-პროპორციული. ვინაიდან მაჟორიტარებზე უარს ვამბობთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რეგიონის ინტერესებზე უარს ვამბობთ. რეგიონის ინტერესები ვიღაცას უნდა დაეცვა. რეგიონული სიები უნდა ყოფილიყო, რაც არ არის და ეს არი ნაკლი. მეორე ნაკლი კი არის ის, რომ ვინაიდან პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს ყველა გაუნაწილებელი მანდატი, ეს შეიცავს თეორიულ საფრთხეს. თეორიულად შესაძლებელია, რომ მხოლოდ ერთი პარტია მოხვდეს პარლამენტში. მაგალითად, მხოლოდ ერთმა პარტიამ გადალახოს 5% ბარიერი და დანარჩენი პარტიები ბარიერს მიღმა აღმოჩნდნენ, მაშინ იმ გადაუნაწილებელ მანდატებს ბარიერგადალახული ის ერთი პარტია წაიღებს. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, ასეთი რამ ევროპის პოლიტიკის ისტორიაში არ მომხდარა. აქვე უნდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალია და პარტიებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ბლოკი შექმნან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირისკენ მივდივართ. ერთპარტიული სისტემა არის საბჭოთა კავშირი. ამ თვალსაზრისით ეს კონსტიტუცია ათასჯერ უარესი იქნება, ვიდრე წინა იყო“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

 

„ყველა ხელისუფლება კონსტიტუციას ცვლიდა იმისთვის, რომ მერე გარანტია ჰქონოდა, რომ ხელისუფლებაში ის იქნებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშკარაა, რომ ხელისუფლება არ არის მიმართული სახალხო ინტერესისკენ. მიმართული არის "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისკენ. შესაბამისად, წარმოდგენილი ვარიანტი არის უვარგისი და წვრილმანი კონსტიტუცია. ისეთი საკითხებიც კი შეიტანეს, რომლებიც კონსტიტუციას არ უნდა ეხებოდეს და ცალკე კანონებით წესრიგდება", - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი.