geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:09
დღეიდან თბილისის ქუჩების დანაგვიანებაზე მოქალაქეებს ფულად ჯარიმებს დააკისრებენ
2017-04-20 09:30:32
+
-

​თბილისის ქუჩებსა და პარკებში გარემოს დამბინძურებლებს ფულად ჯარიმას სისუფთავის დამცველი ინსპექტორები, დღეიდან დააკისრებენ. აქამდე  სისუფთავის დამცველებმა დედაქალაქის მასშტაბით საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსალოდნელი ჯარიმების ამოქმედების შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს. ფლაერებში დეტალურად იყო მოცემული ინფორმაცია საჯარიმო სანქციების შესახებ და ნარჩენების დაყრით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია.

 

 

​როგორც „თბილსერვისში" განაცხადეს, გარემოს დანაგვიანება ისჯება კანონით. კერძოდ, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით.

 

2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).

 

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით. ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.

 

​მათივე ინფორმაციით, სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ ითვალისწინებს, ფიზიკური პირის 400 ლარით, ხოლო იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმებას.

 

შპს „თბილსერვის ჯგუფი" ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი.

 

სპეციალურ ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ქვეითი ინსპექტორები, თბილისის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩნდნენ. ისინი სისუფთავეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტულ ზონაში არსებულ ქუჩებსა და სკვერებში, ასევე შიდა ეზოებში აკონტროლებენ. ინსპექტორები შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები არიან.

 

​როგორც "თბილსერვისში" აცხადებენ, ინსპექტორები აღჭურვილნი არიან ვიდეო კამერით და ფოტო აპარატით, თან აქვთ ელექტროსასწორი, რის მიხედვითაც განსაზღვრავენ ნარჩენების წონას და შესაბამისი ოდენობის ჯარიმას გამოწერენ, რომელსაც მოქალაქე ბანკში გადაიხდის. მისი მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, ინსპექტორებს საპატრულო პოლიციის გამოძახების უფლება აქვთ.

 

"ქალაქში 10 წყვილი ინსპექტორი იმოძრავებს. წყვილი შედგება "თბილსერვისის" ორი, ქალი და მამაკაცი თანამშრომლისგან. ყველას თავისი სამოძრაო ტერიტორია აქვს განსაზღვრული. სამსახური ახლა შეიქმნა და დამატებით ახალი თანამშრომლები ავიყვანეთ", - განაცხადეს „თბილსერვისში".

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი