geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 02:36
„ინფრასტრუქტურაში კორუფციული ინტერესებია, პროექტებს მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები იგებენ"
2017-03-20 16:00:29
+
-

„როდესაც ჩვენი ხელისუფლება რეგიონის პრობლემებზე საუბრობს, ყოველთვის იმ ქვეყნებს მოიაზრებს, სადაც უარესი ეკონომიკური მდგომარეობაა, რათა შედარების შემდეგ ჩვენ მოწინავეები გამოვჩნდეთ", - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. „კომერსანტი" გადაცემის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

 

 

რომან გოცირიძე: საერთოდ, ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკური პრობლემები აქვს და ყველა კრიზისიდან გამოსვლა შეიძლება ნაკლები დანაკარგებით, ამიტომ უკვე დამთავრდა ეს აპელირება საგარეო ფაქტორებზე. საგარეო ფაქტორი არსებობდა პირველად, როცა 2013 წელს 600 მილიონიანი გარღვევა ჰქონდათ დღგ-ში? აიღეს ძველი ნაშთებიდან ფული და ფაქტობრივად, ლარის გაუფასურება ამ ხელისუფლების მოსვლის პირველივე წელს მოხდა. ამავდროულად, უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში 200 მილიონ დოლარიანი ინტერვენცია განახორციელა და იანვარში 230-ის, სხვა შემთხვევაში ლარი ჯერ კიდევ მაშინ გაუფასურდებოდა.

 

 

შეამცირეს ენერგეტიკული ტარიფი საინვესტიციო კომპონენტის გაუქმების გზით და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე წარუმატებელი დარგი არის ენერგეტიკა. საქართველო იყო ენერგეტიკის ექსპორტიორი ქვეყანა, დღეს კი ჩვენ ვყიდულობთ დენს. ამასთან, წამგებიანი გახდა გაზის კომპანიები, როგორიც არის გაზის ტრანსპორტირების კომპანია, რომელიც მთელ საქართველოში გაზს ანაწილებს და რუსეთიდან სომხეთში გაზი მიაქვს. სხვა თემაა ის ხელშეკრულება, რომელიც კალაძემ გააფორმა. არსებობს მეორე ნავთობის და გაზის საერთაშორისო კორპორაცია, რომელიც ასევე ზარალიანი გახდა. გაზის სექტორში ჩავარდნა, ამას დამატებული სარკინიგზო გადაზიდვები, რომელიც ფაქატობრივად, განახევრდა და რკინიგზამ ასეულობით მილიონის ზარალი მიიღო.

 

 

- ეს ჩავარდები ამ კომპანიების არასწორი მენეჯმენტით არის გამოწვეული თუ ზოგადად კრიზისულ ფონზე მოხმარების შემცირებით, მათ შორის, არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ვაჭრობის შემცირების, რომლის ერთ-ერთი კორიდორი ჩვენ ვართ და ვამაყობთ?

 


- რეგიონში ტვირთბრუნვის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებრივია, ცუდი სტარიფო პოლიტიკაა. რა თქმა უნდა, ტვირთები ნაკლები იყო, მაგრამ სომხეთში ტვირთები, რაც გადიოდა იგივე პორტებიდან რეალურად არ უნდა უნდა შემცირებულიყო. დამატებითი ტვირთები უნდა შემოსულიყო თურქმენეთიდან, შუა აზიიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

 

 

- სომხეთთან მიმართებით ამ ტრანსპორტირების საკითხში მონოპოლისტები ვართ, ჩვენ გარეშე ის ვერ მიიღებს ტვირთს, ამ შემთხვევაში ტარიფმა რამდენად მოახდინა გავლენა, სხვა გზა მაინც არ აქვთ?

 


- სომხეთისკენ ძირითადად მიდის ხორბალი და ნავთობპროდუქტები, ამიტომ არსებითად ამის შემცირება არ მომხდარა. მაგრამ ეკონომიკის შენელების მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, რადგან ქვეყნის ეკონომიკის რაღაც დარგები იყო სტაგნაციის მდგომარეობაში, ამას დაემატა არასწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ბიუჯეტში უამრავი არასწორი ხარჯი, თუნდაც ბიუროკრატიული, უაზრო სუბსიდირება და ა.შ.

 

 

- დღევანდელ ბიუჯეტში დაახლოებით 1,350 მილიარდი ლარი პირდაპირ არის გათვალისწინებულია ეკონომიკის მხარდაჭერისთვის, რამდენად სწორად მიგაჩნიათ სახელმწიფოს მხრიდან ამ გზით ეკონომიკაში ჩარევა?

 


- ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდით, ჩვენ კი გვჭირდება კომპაქტური ბიუჯეტი, რომელიც ქვეყანაში სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს შექმნის. ბიუჯეტი იზრდებოდა ამ ოთხი წლის განმავლობაში და ხალხი ღარიბდებოდა, იმიტომ, რომ გაუფასურდა ლარი, იყო სავალუტო არასტაბილურობა, იყო პერმანენტული სავალუტო კრიზისები და ახლაც ჩვენ არ ვიცით ლარი გაუფასურდება თუ გამყარდება. ჩვენ ამ ბიუჯეტში 1.2 მილიარდი ლარი გვაქვს ინფრატრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის, აქედან 800 მილიონი არის გზებზე, როგორც წესი ეს თანხები ან იხარჯება უყაირათოდ ან ვერ ასრულებენ გეგმას, ან ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში პროექტის დასრულებას ვერ ასწრებენ. ქუთაისიდან ზესტაფონამდე გზა 2 წლის წინ უნდა აშენებულიყო, მაგრამ ახლაც არ არის მზად. ეს არ არის ჯერ გაკეთებული და 800 მილიონ ლარს და 50 გვირაბის აშენებას როგორ მოახერხებენ, საინტერესოა.

 

 

- თუმცა ინფრატრუქტურული პროექტები კრიზისულ სიტუაციაში ეკონომიკის სტიმულირების გზად ითვლება...

 


- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის მიზანი. გაქვს 10 მილიარდიანი ბიუჯეტი, აქედან 10% ხარჯავ გზებზე და ამას ვერასდროს ვერ აკეთებ ბოლომდე. ვერ ასრულებ ბოლომდე იმიტომ, რომ აქ არის კორუფციული ინტერესები, იმიტომ რომ ამ პროექტებს მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები ღებულობენ. მილიარდიანი კონტრაქტის მიღება, საიდანაც 20%-იც რომ იყოს წმინდა მოგება, ეს 200 მილიონია, რაც საკმაოდ ბევრია.

 

 

- თქვენ რამდენიმე დღის წინ გააჟღერეთ „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივები ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით, მათზე რომ გვესაუბროთ და გვითხრათ რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს აღნიშნული ინიციატივები ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის?

 


- ეს არის ჩვენი იდეების გადატანა საკანონმდებლო ენაზე. ეს არის ჩვენი საარჩევნო პროგრამის ეკონომიკის ნაწილის ხორცშესხმა საკანონმდებლო ფორმით. ჩვენ აღვადგინეთ 5 კანონპროექტი და კიდევ 2 კანონპროექტს დავარეგისტრირებთ. 7 კანონპროექტი ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას ეხება. პირველი - ეს არის, რომ მიკრო ბიზნესს კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და გავათავისუფლოთ გადასახადებისგან. მეორე -კანონი ეხება მცირე ბიზნესს, სადაც შეღავათი არის 100 000-მდე, ჩვენ ამ ზღვარს ვწევთ 200 000-მდე. მესამე - ეხება ონლაინ-ვაჭრობას, საფოსტო გზავნილებს. ვიცით, რომ 300 ლარამდე შემოტანილი საქონელი არ იბეგრება და ამ ზღვარს ჩვენ ავწევთ 1000 ლარამდე. მეოთხე - დღგ-სგან გათავისუფლების 100 000 ლარი ავწევთ 200 000-მდე. და ერთ-ერთი მთავარი დანაპირები - ეს არის ბიზნესის დეკრიმინალიზაცია, ანუ ეკონომიკური დანაშაული ადმინისტრაციული წესით უნდა იყოს დასჯადი. კიდევ ერთი პროექტი ეხება ავტომობილების ბიზნესს, დღეს თუ ვინმე შემოიყვანს ავტომობილს და შემდეგ მას გაყიდის, ის იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, მაგრამ თუ 6 თვის მერე გაყიდის მაშინ არ დაიბეგრება, ამ 6 თვიან ვადის გაუქმებაც გვსურს.

 

 

-დათვლილი გაქვთ თუ არა რა ოდენობის შემოსავალს დააკარგვინებს ეს სახელმწიფო ბიუჯეტს წლის განმავლობაში? რითი შეიძლება მოხდეს ამის კომპენსირება?

 


-ჩვენი ინიციატივები ეხება მცირე ბიზნესს და მას აქვს არა ფისკალური, არამედ სოციალური დატვირთვა. მცირე ბიზნესი ჩავარდა ვალებში და ზოგიერთი დაიხურა კიდეც. დაახლოებით ეს შეიძლება იყოს 15-20 მილიონი ლარი დღგ-ს ჩათვლით. 11 მილიარდიანი ბიუჯეტის ფონზე კი ეს არაფერი არ არის.

 

 

- გასაგებია, რომ რაღაც თანხა დააკლდება ბიუჯეტს, მაგრამ ამ თანხის კომპენსაცია ეკონომიკური ზრდის ხარჯზე რამდენ ხანში შეიძლება ვივარაუდოთ?

 


-ესტონური მოდელის ამოქმედებისას ხელისუფლება წავიდა 600 მილიონიანი საბიუჯეტო კლებაზე, ჩვენი ინიციატივა კი დაახლოებით 15-20-მილიონ კლებას გამოიწვევს. ამიტომ არა მგონია, რომ ეს იყოს საბაბი კანონპროექტებზე უარის თქმის, ეს ხომ საბოლოო ჯამში მცირე ბიზნესის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი