geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:43
"კაფე ლეილა" - საქართველოში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, არადა ბიზნესის განვითარებას ის აუცილებლად სჭირდება
2017-03-19 10:00:16
+
-

„კაფე ლეილა" ძველ თბილისში მდებარე განსხვავებული კონცეფციის მქონე ადგილია.  მისი მენეჯერი ქეთი სხირტლაძე "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ კაფეს კონცეფცია ვეგეტარიანულ საკვებზეა აგებული. ის საკუთარ თავს „კაფე ლეილას" დიასახლისს უწოდებს.

 

-  რატომ შეარჩიეთ სახელწოდება - „კაფე ლეილა" და საერთოდ, ვინ არის მისი დამფუძნებელი?


- „კაფე ლეილა" ძველ თბილისში სამი წლის წინ გაიხსნა. მისი დამფუძნებლები შეფმზარეული მერიკო გუბელაძე და დიზაინერი გუგუა კოტეტიშვილი არიან. რაც შეეხება კონცეფციას, ის სწორედ გუგა კოტეტიშვილმა შექმნა. ჩვენი კაფეს კონცეფცია ასევე არის ვეგეტარიანული საკვების მომზადება. კაფე ერთოთახიანია და გარეთ სუფთა ჰაერზე დასასხდომი ადგილები აქვს. სახელწოდება სპარსულად "წყვდიადს" ნიშნავს. როდესაც კაფეში შემოდიხართ, მთვარისა და ვარსკვლავების გარემოცვაში ხვდებით. კედელზე ვეფხისტყაოსნის ილუსტაციებიცაა.

 


-როგორც თქვით, თქვენთან მხოლოდ ვეგეტარიანული საკვების დაგემოვნებაა შესაძლებელი. ლოგიკურია ჩნდება კითხვა, როგორ გგონიათ ეს თქვენი ბიზნესისთვის რისკის შემცველი არ იყო?

 


-პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ „კაფე ლეილაში" მოწევა აკრძალულია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გეთანხმებით, სხვათაშორის ეს ყველაფერი რისკის შემცველი იყო, რადგან ქართულ სივრცეში ხორცისა და სიგარეტის გარეშე ყოფნა რთული საკითხია. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჯანსაღ კვებაზე ვათ ორიენტირებულები, ჩვენი ერთგული სტუმრებიც გვყავს და მათ „კაფე ლეილას" სამზარეულო ძალიან უყვართ.

 

ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ადგილი ტურისტულად აქტიურია და ამიტომაც ნაკლებად იყო იმის რისკი, რომ მომხმარებელი არ გვეყოლებოდა.

 

- თავდაპირველად, როდესაც ბიზნესს იწყებდით, რამდენად გქონდათ იმის გარანტია, რომ ის გაამართლებდა და წინ  ტემპით წახვიდოდით?



- ჩვენთვის ამ კუთხით არასტაბილური მხოლოდ პირველი წელი იყო. მაშინ „კაფე ლილა" თავის შენახვას ახერხებდა, თუმცა მოგებაზე არ გავსულვართ. მომდევნო ორი წელი კი უკვე სტაბილურია და წინ მივდივართ. ჩვენ ჯანსაღი საკვები გვაქვს და საკვების გემურ თვისებებზე ვართ ორიენტირებულები.

 

-როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა და რომელი სეგმენტისთვისაა კაფე გათვლილი? ასევე სულ რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?


- ჩვენი კაფე დაბალ საშუალო და მაღალშემოასვლიან სეგმენტზეა გათვლილი. კაფეში ყველაზე ძვირი კალმახი და ორაგულია, მისი პორცია დიდია და 25 ლარი ღირს. გვაქვს ასევე 5 ლარიდან სუპები. ორი პორცია სალათი 14 ლარი ღირს. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, კაფეში სულ 7 ადამიანი ვართ დასაქმებული.

 

-ქართულ ბაზარზე მცირე დოზით, მაგრამ მაინცაა წარმოდგენილი ვეგეტარიანული კაფეები. როგორ ფიქრობთ, კონკურენცია რა პირობებში უნდა მოხდეს?

 


-პირველ რიგში მომხმარებელთან არ უნდა იტყუებოდე. რა თქმა უნდა, ყევლაფერი ჯანსაღი პროდუქციით უნდა იყოს დამზადებული. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამით ვუწევთ სხვებს კონკურენციას. ჩვენთან პროდუქცია სუფთა გარემოში მზადდება.

 

- თქვენ ბიზნესში ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორი რაა? ანუ წისვლასა და განვითარებაში ხელს რა გიშლით?

 

-არასტაბილურობა. თავდაპირველად ლარის კურსის გაუფასურებამ ჩვენზე იმოქმედა, ახლა ამ პროცესს ხალხი შეგუებულია. სხვათაშორის ხელშემშლელია ასევე ის პერიოდი, როდესაც ქუჩაში დემონსტრაციები ეწყობა. ეს მომხმარებლის რაოდენობაზე მოქმედებს.


 

-როგორ შეაფასებდით ქართულ ბაზარს ბიზნესის თვალსაზრისით? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბიზნესი განვითარდეს?

 

- ეს თემა ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს. ყველაფერს წესრიგი, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი სჭირდება. პროფესიონალიზმი ყველას აკლია და ამისი ნაკლებობა ყველა სფეროშია. საქმეში ყველაფერს დიდი გულისყურით უნდა მოეკიდო. საქმის სიყვარული და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. 

 


- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რას აპირებთ? რა სიახლეებს შესთავაზებთ თქვენს მომხმარებელს?



- „კაფე ლეილას" შენობის კონცეფციიდან გამომდინარე ვერ გავფართოვდებით. სიახლეები რა თქმა უნდა, ყოველთვის გვსურს, თუმცა ასე დაგეგმილი არ გვაქვს. ჩვენთან ოჯახური გარემოა. სიახლეებს არ გავურბივართ და მუდმივად ახლის შექმნის პროცესში ვართ.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე