geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:30
„რაოდენობა არ განსაზღვრავს ხარისხს" - რატომ ვერ მოხვდა 4 სამშობიარო სახლი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?
2017-03-17 09:30:39
+
-

სელექტიური კონტრაქტირების წესებს ვეთანხმები, მაგრამ ის დასახვეწია, - აცხადებს „კომერსანტთან" საუბრისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა დარჩენილი ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე. მისივე განცხადებით, პრობლემები, რის გამოც სამშობიარო პროგრამაში ვერ მოხვდა, აღმოფხვრილია და ადმინისტრაციამ სამინისტროში განაცხადი ხელახლა შეიტანა. 

 

„კომერსანტი" უკვე წერდა, რომ სელექტიური კონტრაქტირების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 4 სამშობიარო სახლი გამოეთიშა, მათ შორის 3 თბილისში, ერთი კი ბათუმში. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა განაცხადა, მათგან ნაწილმა რაოდენობრივი, ნაწილმა კი ხარიხსობრივი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა.

 

„კომერსანტი" დაინტერესდა, თუ რა იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული სამშობიარო სახლები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშნენ და ეთანხმებიან, თუ არა ისინი სამინისტროს გადაწყვეტილებას.


ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის დირექტორის ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით, მისი სამშობიარო პროგრამაში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ხარისხთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობდა. „სამშობიაროს დირექტორად დეკემბერში დავინიშნე. სამშობიაროში ხარისხის მხრივ მართლაც არსებობდა პრობლემები, მაგრამ ხარვეზები გამოვასწორეთ და ახლა ხელახლა განაცხადი შევიტანეთ სამინისტროში", - განაცხადა უნგიაძემ.

 

მისივე თქმით, სელექტიური კონტრაქტირების პროგრამა კარგია, თუმცა დასახვეწი. „ვეთანხმები სამინისტროს, რომ ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ნაბიჯებს დგამს. ნამდვილად შეუწყობს ხელს ის ხარისხის გაზრდას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამასთან, არის საკითხები, რაშიც სამინისტროს არ ვეთანხმები, მათ შორის ის, რომ ლიცენზიას აძლევენ ყველას და სამშობიაროები იხსნება ყველგან. არ შეიძლება ლიცენზია მისცე ყველას, ვინც ხარისხის დონეს ვერ აკმაყოფილებს.

 

რაც შეეხება მშობიარეებზე დაწესებულ ლიმიტს - წლიურად 500 მშობიარე, არც ეს არის სწორი, რაოდენობა არ განსაზღვრავს ხარისხს, შეიძლება ცოტა მშობიარე მყავდეს, მაგრამ ხარისხი მაღალი მქონდეს. ამიტომ, სამინისტროს არც ამაში ვეთანხმები. კონკრეტულად ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიაროს, ის რაოდენობრივ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, წელიწადში 1500-მდე მშობიარე გვყავს", - განუცხადა „კომერსანტს" უნგიაძემ.

 

„ევექსის" 31-ე სამშობიარო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კლინიკის რებილიტაციის შედეგად ვერ მოხვდა, როგორც სამედიცინო ცენტრში „კომერსანტს" განუცხადეს, რეაბილიტაციის შემდეგ კლინიკა პროგრამაში კვლავ ჩაერთვება.

 

„ლანცეტს" რაოდენობის პრობლემა ჰქონდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ ყველა მშობიარეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული თანხა თავად „ლანცეტმა დაუფაროს. „ეს არის აქცია და შესაბამისად, ის ყველა მშობიარეზე გავრცელდება", - განაცხადეს „ლანცეტში".

 

რაც შეეხება სამშობიარო სახლს „ნინო", „კომერსანტმა კლინიკის ხელმღვანელობასთან დაკავშირება მათივე „მოუცლელობის გამო" ვერ მოახერხა.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება სამშობიარო სახლებიდან დაიწყო. 1-ლი მარტიდან სამშობიარო სახლებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა. სელექტიური კონტრაქტირება ხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც - წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა; პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"