geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 09:00
თემურ ჭყონია „კასტელში“ წილის გაყიდვაზე: „საკონტროლო პაკეტის ქონა ბიზნესში არ არის გადამწყვეტი..."
2017-03-16 18:40:09
+
-

„კასტელ-საქართველოს" გაყიდვასთან დაკავშირებით ბიზნესმენი თემურ ჭყონია პირველ კომენტარს „კომერსანტთან" აკეთებს. მისი განმარტებით, მან გაასხვისა კომპანიის საკონტროლო პაკეტი, თუმცა  კომპანიაში ერთ-ერთ აქციონერად რჩება. მისი განცხადებით, ის ლუდის ბიზნესიდან არ გადის. პირიქით, ლუდის ბიზნესში რჩება და ამ გარიგებით კომპანია იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო.


როგორც ჭყონია აცხადებს, გარიგების მიზეზი იყო ის, რომ ბაზარზე შემოდიან სხვადასხვა კონკურენტები, შედეგად აუცილებელი იყო კომპანიის რებრენდინგი.


„არგო" არის ერთ-ერთი ძლიერი ბრენდი, ვფიქრობ, რომ ქართულ ლუდებში პირველია, "ჰერცოგია" ჩამოსასხმელ ლუდებში. ეს უდაოა. ამას ნებისმიერი ჩვენი კონკურენტი აღიარებს. აქედან გამომდინარე, საკონტროლო პაკეტის ქონა ბიზნესში არ არის გადამწყვეტი, მთავარია ბიზნესი ვითარდებოდეს. აქედან გამომდინარე, ჯერ ვერ დავასახელებ, მაგრამ შემოდის ორი ძალიან სერიოზული უცხოური კომპანია ინვესტორ-პარტნიორებად. ორ ძლიერ ქართულ ბრენდს (კასტელი და არგო) დაემატება ორი საერთაშორისო ბრენდი, რომელთანაც მოლაპარაკება დასასრულისკენაა"-აცხადებს ჭყონია.


მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ლუდის ბაზარზე კონკურენცია გამძაფრდა და სხვა სახეს ღებულობს, სს „არგო" მომავალი კვირიდან რებრენდიგის პროცესს დაიწყებს.


კითხვაზე, რა წილით იყო წარმოდგენილი ის კომპანია „კასტელ საქართველოში" და რა წილი რჩება ახლა, ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ წილების გადანაწილება საბოლოოდ დასრულებული არ არის. „ეს არის ჩვეულებრივი ოფციონები, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს"-აცხადებს ჭყონია.


ჭყონიამ „კასტელ-სქართველო" 2014 წელს შეისყიდა, მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ მიაღწია სერიოზულ წარმატებას ორი დიდი ბრენდის საშუალებით. „საქართველოში ბევრი უცხოური ბრენდი შემოდის, ამიტომ, მათ უფრო ძლიერი უცხოური ბრენდები უნდა დავუპირისპიროდ. ეს არის ბაზრის მოთხოვნა"-აცხადებს ჭყონია.


შეგახსენებთ, კომერსატის" ექსკლუზიური ინფორმაციით, კომპანია „კასტელ-საქართველო" გაიყიდა. ახალი მფლობელი სს „არგოა", რომლის დამფუძნებლებიც არიან როგორც ადგილობრივი ბიზნესმენები, ისე უცხოელი პარტნიორები. სს „არგოს" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ვასილ სულხანიშვილი „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, რომ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გაყიდა „კასტელ საქართველოს" საკონტროლო პაკეტი და ის, ახლადაფუძნებულ კომპანია „არგოში" ერთ-ერთ აქციონერად რჩება. მისივე ინფორმაციით, კომპანიაში უკვე ახალი მენეჯმენტია შესული.



შეგახსენებთ, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „კასტელ საქართველო" საქართველოს ბაზარზე 1998 წლიდანაა და აწარმოებს როგორც ლუდს, ისე რამდენიმე სახეობის ლიმონათს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი