geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:46
"ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპი გასაორმაგებელია" – წყნეთი–ბეთანიის გზა ახალი ტექნოლოგიით დაიგება"
2017-03-17 13:00:49
+
-

ინტერვიუ ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია „კავკზუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელ პაატა ტრაპაიძესთან



-ჩვენი ინფორმაციით, კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტმა" თბილისის სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის შეკეთების ტენდერი მოიგო. ასევე ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია/მშენებლობას განსხვავებული ტექნოლოგიებით გეგმავთ. რაში მდგომარეობს ეს ახალი ტექნოლოგიები?


-ტენდერი მოგებაზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ჩვენს კომპანიას ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა. ტენდერი ჩატარდა, მაგრამ გამარჯვებულის გამოცხადების წერილი არ მიგვიღია.


რაც შეეხება განსხვავებულ ტექნოლოგიებს, ეს იქნება ე.წ. დალურსმნის მეთოდით მოძრავი ქანების გაჩერება. საუბარია, 15 მეტრიან, სპეციალური ანკერების მეთოდზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პარტნიორები ჩამოგვყვავს, რომლებთან ერთადაც აღნიშნულ პროექტს განვახორციელებთ. შედეგად,გზა თავისი უსაფრთხოებით აღდგება. საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება იმას, რომ მთლიანად ის ტერიტორია მეწყერსაშიში ზონიდან სტაბილურ მდგომარეობაში გადავიდეს. ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ეგ სხვაა. იმ ფერდზე არის დაძრული მეწყერული ადგილები. ყველა მათგანის ნიმუშს გავაკეთებთ,დანარჩენი უკვე დამკვეთმა და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. ეს მომავლის თემაა.


-საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიით გზების მშენებლობა ხორციელდებოდა?


-საქართველოში ასეთი შემთხვევა საერთოდ არ გვქონია. უცხოელებმა, ვინც კი ნახა, თქვა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ. ვინც კი ამ მეწყერს ნახულობს, ყველა გაოცებულია. ეს ურთულესი თემაა.



-რა დაჯდება გზის რეაბილიტაცია?


-ეს კომერციული საიდუმლოებაა. სანამ ეს ოფიციალურად არ გამოცხადდება, მაგის თქმის უფლება არ მაქვს.



-პარტნიორები რომელი ქვეყნიდან არიან?


- პარტნიორები გერმანიიდან არიან. თუმცა, მათ ჩამოყავთ რუსები,რომლებიც სოჭის ოლიმპიადისთვის დაატრენინგეს. მაშინ რუსებმა ამ ტექნოლოგიით 360 ჰექტარი ტერიტორია  გააკეთეს.


-გზის რეაბილიტაცია როდის დასრულდება?


-ჩვენ საერთოდ სწრაფად გვიყვარს ყველაფრის გაკეთება. რთულია ამის დროულად დამთავრება, თუმცა, თუ გადაწყვეტილებებს დროულად იღებ და მუშაობ არა 6-8 საათი, არამედ თუ საჭიროა 24 საათიც კი,მაშინ შესაძლებელია. დაგეგმილი გვაქვს გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დავასრულოთ.



-ხელისუფლების წარმომადგენლები გასული წლის ბოლოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპების დაჩქარებაზე საუბრობდნენ. მაშინ კერძო სექტორი აცხადებდა, რომ სავსევით კმაყოფილი იყო იმ ტემპით, რაც ქვეყანაში იყო. ახლა როგორიაა?



-წინა წლებისგან შედარებით კარგი ტემპია. თუმცა, თუ ჩვენ გვინდა, რომ ის პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა, დავძლიოთ, ალბათ, ტემპი უნდა გავაორმაგოთ.



-შესყიდვების სააგენტომ 2016 წელს ტენდერებთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეები დააანონსა.მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი „კომერსანტთან" განმარტავდა, რომ იგეგმებოდა 2-ეტაპიანი ტენდერის შემოღება, რომელიც რეალობაში რამდენიმე თვეში დამკვიდრდებოდა. რა ხდება ამ მხრივ, ამოქმედდა?



-2010 წლიდან ამას ვამბობ, რომ მარტო ფასის მიხედვით, ტენდერებში ვიღაცისთვის უპირატესობის მინიჭება არ შეიძლება. ქვეყანაში ძალიან ბევრი დაუმთავრებელი პროექტია, რადგან კიდებენ ისეთ პროექტს ხელს, რომელშიც არც ტექნოლოგიებია და არც სიახლეებია. პატარა ტენდერებზე, 2-3 მილიონიანებზე კიდევ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ 5-10 და 25 მილიონიან ტენდერებზე ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეიძლება.


რაც შეეხება 2 ეტაპიან ტენდერებს, ჩვენც ვიცით, რომ სურვილი არსებობს, თუმცა, ოფიციალურად არაფერი არ შეცვლილა. რატომ გაჭანურდა არ ვიცი,მიჭირს რამის თქმა, რადგან გადაწყვეტილებების მიღება ცოტა უნდა დაჩქარდეს, თუ გვინდა, რომ მსოფლიოს მხარი ავუბათ. ისინი შორს მირბიან, ჩვენ კი ერთ ადგილს ვტკეპნით.



-ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა, იყო საუბარი ცვლილებებზეც. უწყებას რამდენიმე თვეა ახალი მინისტრი ჰყავს, როგორ ფიქრობთ, მის მიერ გატარებული ცვლილებები დარგის განვითარებას უზრუნველყოფს?


-ახალი მინისტრი ენერგიული, ახალგაზრდა კაცია. ის მენეჯერია და ძალიან კარგად იცის მართვის ნიუანსები.2-3 თვეში რთულია შედეგებზე საუბარი. წლის ბოლოს ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში იმედი არსებობს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი