geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:31
რუსეთი ცხინვალის რეგიონში სამხედრო „მუშტს“ აძლიერებს - კრემლის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
2017-03-16 09:45:53
+
-

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან გაფორმდეს სამხედრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ცხინვალის სამხედრო შენაერთების ნაწილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდება. წინასწარი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლაპარაკია ყველაზე უკეთესად მომზადებულ სამხედრო შენაერთებზე, რომლებიც 150-მდე სამხედროს ითვლის. მოსკოვის გადაწყვეტილებას რუსულენოვანი მედია, რუს ექსპერტებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს, თბილისში კი ამ სვლას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამენ.

 

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავალა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკება დაიწყოს ოსი სამხედროების რუსეთის არმიის შემადგენლობაში მიღებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ პუტინის განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე 14 მარტს გამოქვეყნდა და ის ეყრდნობა შეთანხმების პროექტს, რომელსაც რუსეთის მთავრობამ 13 მარტს დაუჭირა მხარი. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი შეთანხმების პროექტის შინაარსზე წინასწარ ილაპარაკეს მხარეებმა, თუმცა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.

 

„კომსომოლსკაია პრავდის" სამხედრო მიმომხილველი, ვიქტორ ბარანეცი, დარწმუნებით აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ ყველაზე უფრო მომზადებული სამხედრო დანაყოფები სჭირდება და, შესაბამისად, თავის არმიაში მხოლოდ ყველაზე უფრო კარგად გაწვრთნილ ოს სამხედროებს მიიღებს. ვიქტორ ბარანეცის ინფორმაციით, რუსეთი დაინტერესებულია სადაზვერვო დანაყოფის, სპეციალური დანიშნულების სამთო რაზმისა და სნაიპერთა დანაყოფის შეერთებით. საუბარია სულ 150 სამხედროზე, რომლებიც დატოვებენ სამხრეთ ოსეთის ე. წ. შეიარაღებულ ძალებს და, კონტრაქტების საფუძველზე, უფრო მაღალი ანაზღაურებით დაიწყებენ მუშაობას რუსეთის არმიაში.

 

შეკითხვას, თუ რას მისცემს ეს მოსკოვსა და ცხინვალს, „კომსომოლსკაია პრავდის" სამხედრო მიმომხილველი, ვიქტორ ბარანეცი, ასე უპასუხებს - „მოსკოვის მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც გააღრმავებს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის და, ცხადია, ეს გააძლიერებს ჩვენს სამხედრო „მუშტს" რეგიონში... ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთს, ერთი მხრივ, უკეთესად დააზღვევს შესაძლო თავდასხმისგან საქართველოს მხრიდან და, მეორე მხრივ, რაც უფრო უკეთესი იქნება სამხედრო სამსახურში ფულადი და საბრძოლო უზრუნველყოფა, თუნდაც სამხრეთ ოსეთის ნაწილისთვის, ეს უკეთესი იქნება ცხინვალისთვის... და კიდევ - სამხრეთ ოსეთი არ მალავს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ოცნებობს და მოსკოვთან ნებისმიერი სახის დაახლოებას, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთში ოვაციებით ხვდებიან".

 

სამხედრო შეთანხმება, რომლის შინაარსიც მოსკოვს ცხინვალთან ჯერ ბოლომდე არ შეუთანხმებია, ეყრდნობა ე. წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა. მსგავსი შინაარსის ე. წ. ხელშეკრულება („მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ") მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს აქვს გაფორმებული, რაზე დაყრდნობითაც, აფხაზეთის შემთხვევაში სამხედრო შეთანხმების გაფორმების პროცესი უფრო ადრე დაიწყო და რუსეთის დუმამ ამ დოკუმენტის რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა. ეს ფაქტი არაერთხელ დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ.

 

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის მიუღებელი და ვგმობთ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. თბილისი პრობლემის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების აუცილებლობას ხედავს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ნებისმიერი ე. წ. ხელშეკრულება სრულიად არალეგიტიმურია და სამართლებრივად არაფერს ცვლის, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას არასოდეს რჩება ყურადღების მიღმა რუსეთის მიერ კონფლიქტის დარეგულირების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები - „სამხედრო კუთხით აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის ქმედებებს და, შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მისცემს შესაბამის შეფასებას ამ ყველა ქმედებას და ყველა ნაბიჯს და, რაც მთავარია, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შექმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება".

 

რუსეთი რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირებას შეეცდება, ამაში ეჭვი არ ეპარება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს. როგორც ის აღნიშნავს, ე. წ. სამხედრო შეთანხმებებიც სწორედ ანექსიის გეგმის ჭრილში უნდა განვიხილოთ. თუმცა რუსეთს კიდევ ერთი მიზანი ამოძრავებს და ეს ადგილობრივი სამხედრო ძალების განადგურებაა - „რუსეთმა უკვე სრული კონტროლი დააწესა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში - და მას არ სურს, რომ თავის მიერ კონტროლირებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყოს კიდევ სხვა რომელიმე შეიარაღებული ფორმირება, მათ შორის, ადგილობრივი ოსი და აფხაზი სეპარატისტების, რომლებიც რუსეთმა, თავის დროზე, სათავისოდ საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყენა".

 

ირაკლი ალადაშვილი ვარაუდობს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის არმიიდან ყველაზე კარგად მომზადებული სამხედრო ქვედანაყოფების შეერთების შემდეგ, რუსეთის მხარე დანარჩენებს დაითხოვს სამსახურიდან ანდა, შესაძლოა, ისინი დააპატიმროს კიდეც. ხოლო მან, ვინც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაწევრიანდება, შესაძლოა, ახლო მომავალში, რუსეთის საომარი გეგმების შესაბამისად, სირიაში, უკრაინაში ანდა სხვა რომელიმე ქვეყანაში ამოყოს თავი.

 

„რადიო თავისუფლება“