geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:47
"წლის განმავლობაში 50-60 ქვევრს ვამზადებ" - მაქათუბნელი მეთუნე "ლავუაზიეს კანონებს" არ ცნობს
2017-03-19 14:00:08
+
-

"როცა თითებით თიხას ვზელ, გული ისე მღერის, როგორც კარგი ღვინო კარგ ქვევრში"

 

მის გაკეთებულ ქვევრში ჯერ არ გაჭედილა ვინმე, რომ გამოსაყვანად "ლავუაზიეს კანონის" გამოყენება დასჭირვებოდათ. არც იმხელა ქვევრი გაუკეთებია, პატრონს ღვინით ავსება რომ გასჭირვებოდა. ქვევრს რომ გაყიდის, გულში ილოცება, ცარიელი არასდროს გამყოფოს ღმერთმაო...

 


მეთუნე ზალიკო ბოჟაძე დასავლეთ საქართველოში, მეთუნეობით განთქმულ სოფელ მაქათუბანში ცხოვრობს. მას არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც იცნობენ. მეღვინეობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე იტალიაში ყოფნის დროს იქაური მეღვინეები გაიცნო, რომლებიც მას შემდეგ საქართველოდან ისე არ წავლენ, ზალიკოს არ ეწვიონ. მაქათუბანში მაშინ მივედი, როცა "ქვევრის სასახლესთან" (ასე ეძახის თავის სახელოსნოს) ქართულ-იტალიური ყიჟინა და იმერული ციცქას, ცოლიკაურის და ხაჭაპურის სურნელი იდგა. ზალიკომ იტალიური არ იცის, მაგრამ ამბობს, მეღვინეს და ქვევრის ოსტატს საკუთარი, ქვევრის ენა აქვთ. კარგი მეღვინე ქვევრს ყურს რომ მიადებს და მკერდით მიეხუტება, მაშინვე გაიგებს მექვევრის სათქმელსო.

 

ზალიკო ბოჟაძე: - ბაბუაჩემი განთქმული კრამიტის ოსტატი ყოფილა. კილომეტრებს გადიოდა კარგი თიხის მოსატანად, რომ მისი კრამიტი საუკეთესო ყოფილიყო. მთავარია მიწის, თიხის ხარისხი. როგორც ქვევრს, კრამიტსაც კარგი მიწა სჭირდება, რომ წყალი არ გაატაროს, ყინვამ არ დაშალოს. თიხას კარგად ვიცნობ, ჩვენ, მთელი ცხოვრებაა, ერთად ვსუნთქავთ და ვიცი, რისგან რისი მიღება შეიძლება. ხარისხია მთავარი, რომ შენმა ნახელავმა საუკუნეებს გაუძლოს.

 

- ამბობენ, რომ ძველი ქართული აგური განსაკუთრებულია, ახლა ასეთს აღარ ამზადებენ...


- წინათ არ მამაძაღლობდა თიხის ოსტატი, საქმეს სიყვარულით აკეთებდა, რადგან იცოდა, რომ უხარისხო პროდუქციას ვერ გაყიდდა და ვერც სახელს მოიხვეჭდა. ოსტატს ფულიც ჰქონდა და ნამუსიანი კაცის სახელიც. ახლა მწარმოებლები ხარისხით კი არა, ენით ცდილობენ ადამიანების გულის მონადირებას. ხალხსაც სჯერა ეკრანიდან გაგონილი მომაჯადოებელი სიტყვები და ცუდი ხარისხის პროდუქციას ყიდულობენ.

 

- ამბობენ, თიხას ხასიათი აქვსო...

 

- როცა თიხას ვზელ, ჩემს ფიქრსა და ემოციას ვატან, ამიტომაც ოსტატის ხასიათი აქვს თიხის ნაწარმს. ეს ქვევრები ჩემი შვილებია. თუ ჩემი დამზადებული ქვევრის გატეხვის ამბავს შევიტყობ, ასე მგონია, შვილს რაღაც დაუშავდა. წარმოიდგინეთ, მწერალმა დაწერა პოემა და უცებ ერთი ფურცელი ვიღაცამ ამოუხია, დაუწვა, წაუშალა... ვიღაც იტყვის, ერთი ფურცელი რა დიდი ტრაგედიააო? მე კი ვამბობ, აბა, მწერლის გულში ჩაიხედეთ, ხომ დაირღვა ემოციათა ნაკადის ჯაჭვი? ქვევრის დამტვრევით ჩემთვისაც პოემა ირღვევა, რომელსაც თიხით ვწერ.

 

- შვილებს თუ აინტერესებთ თქვენი საქმე?

 

- სამი ვაჟი მყავს, სამივემ იცის ეს საქმე, მაგრამ ახლა უმაღლეს განათლებას იღებენ.


- რა დროა საჭირო, ოსტატი რომ გახდე?

 

- ნიჭიერი ადამიანი თავის ხელწერას მოკლე დროში ამჟღავნებს. შესაძლოა, ასი წელი ისწავლო, მაგრამ მაინც ვერ ივარგო ოსტატად.

 

- წლის განმავლობაში რამდენ ქვევრს ამზადებთ? კარგად იყიდება?

 

- სხვადასხვა მოცულობის 50-60 ქვევრს ვამზადებ. ყველა არ იყიდება, მაგრამ თუ ქვევრი ხარისხიანია, მას დრო ვერაფერს აკლებს, შესაძლოა, წლების შემდეგ გაყიდო. ზოგჯერ ფული არ ჰქონია კაცს და პროდუქტი მოუცია ქვევრის ნაცვლად. იყო დრო, როდესაც ქვევრზე დიდი მოთხოვნა იყო, მერე უხარისხო ღვინის კეთება დაიწყეს და ქვევრი ნაკლებად აინტერესებდათ. ახლა საქმე უკეთესობისკენ მიდის, კვლავ ფასდება ქვევრის ღვინო. ცუდი ის არის, რომ მიწის მოტანა გაჭირდა, შორს, თიხის მოსაჭრელ ტერიტორიებზე მისასვლელი სამანქანო გზები მოიშალა. ამბობენ, თიხა ბუნებრივი ფილტრია, სითხე იწმინდება მასში გავლის დროსო. ჩემი გულის ფილტრიც ეს არის. როცა თითებით თიხას ვზელ, გული ისე მღერის, როგორც კარგი ღვინო კარგ ქვევრში ჩასხმისას.

 

- ქვევრი, ჭური, ლაგვანი, ქვიბაში თუ ლახტური...

 

- ქვევრს საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვა სახელი ჰქვია. იმერეთში ძირითადად ჭურს ეძახიან. თუმცა, ძველ ქართულში "ჭური" ეწოდებოდა იარაღს, ჭურჭელს, მოკაზმულობას. აღიჭურვაო, იტყოდნენ უწინ. ივანე ჯავახიშვილის განმარტებით, გურიასა და სამეგრელოშიც ორ-ორი სახელი არსებობს და ორივე განსხვავებული სიდიდის ჭურჭლის აღმნიშვნელია. სახელდობრ, დიდი და საშუალო ზომის ჭურჭელს გურიაში - ჭური, ოდიშში - ლაგვანი ეწოდებოდა, ხოლო მომცროს, რომელიც ხუთ ვედრომდე ტკბილს, ანუ ყურძნის წვენს ჩაიტევდა, გურიაში - ქვიბარი, ოდიშში კი - ლახუტი ერქვა.

 

როგორც სპეციალისტები ამბობენ, სამწუხაროდ, გარდა კახეთის, იმერეთისა და გურიისა, დღეს ქვევრები აღარსად მზადდება.


kvirispalitra.ge