geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:36
"საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმების ადმინისტრირება არის ძალიან სუსტი"
2017-03-17 12:00:33
+
-

სოციალური ფონი ქვეყანაში და საგზაო ჯარიმები? რამდენად ადექვატურია საქართველოში მოქმედი ჯარიმები?რას ცვლის ახალი კანონპროექტი და რა გამოწვევების წინაშე დგას საპატრულო პოლიცია? - ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „კომერსანტის დროით" „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ალიანსის" თავმჯდომარემ ეკატერინე ლალიანშვილმა და ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხისშვილმა ისაუბრეს. "კომერსანტი" გთავაზობთ გადაცემის მოკლე ვერსიას. 

 

 

- ბოლოს მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენად ადეკვატურია ჩვენს ქვეყანაში არსებული საჯარიმო სისტემა?

 

 

ეკატერინე ლალიაშვილი: ვერ ვიტყვით, რომ ჯარიმები არის იმდენად დიდი, რომ მისი გადახდა შეუძლებელია, მაგრამ არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთათვისაც მათი გადახდა რთულია. მაგრამ ბათუმში მომხდარი შემთთხვევების დროს ჯარიმებს შორის განსხვავება იყო ძალიან დიდი 10 და 200 ლარი. კომიტეტში პირველ მოსმენაზე თავად შსს-ს წარმომადგენელი საუბრობდა, რომ ეს არის შესაცვლელი, რადგან ჩვენ თბილისშიც გვონია მსგავსი შემთხვევა, როცა პატრულმა დაიყო 200 ლარიანი ჯარიმების გამოწერა და თითქოს ამას კამპანიური ხასიათი ჰქონდა, რამაც დედაქალაქშიც გამოწვია გრაკვეული უკმყოფილება. აქედან გამომდინარე, თავად სამინისტრომაც იცის, რომ ეს არაადეკვატურია. ჯერ ერთი – არ არის სამართლიანი ქვეითის და მძღოლის თანაბარ პირობებში ჩაყენება, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ქვეითის კუთვნილ სივრცეს – ტროტუარს დავიკავებთ, 10 ლარიანი ჯარიმაა და თუ პირველ ზოლში დავაყენებთ და შესაძლოა საერთოდაც არ ვქმნიდეთ ავარიულ სიტუაციას, მაგრამ გავაჩერებთ სხვის სავალ ნაწილზე, ითვალისწინებს 200 ლარიანი ჯარიმას და ამას წყვეტს პოლიციელი. სწორედ სუბიექტური და პირადი გადაყვეტილება იწვევს მძღოლის უკმაყოფილებას. ამიტომ კანონი ისე უნდა დავარეგულიროთ და მე იმედი მაქვს ახალ კანონში ასეც იქნება, რომ ჯარიმები გათანაბრდება, ანუ 10 ლარიანი ჯარიმა ოდნავ აიწევს და 200 ლარიანი შემცირდება, იმიტომ, რომ ჯარიმა უნდა იყოს დარღვევის ადეკვატური და პროპორციული. იმ ქვეყნების გამოცდილებამ, რომლებიც ჩვენზე 30 წლით წინ არიან, გვაჩვენეს გამოცდილება, რომ ჯარიმას უნდა დავუმატოთ საგანმანათლებლო კამპანია.

 

 

- ბათუმის შემთხვევის შემდეგ ბევრმა აღნიშნა, რომ ბათუმში არ აჯარიმებდნენ მანამდე, ასეთი მოსაზრებები გაჟღერდა თბილისთან დაკავშირებითაც, რომ სადაც დასაჯარიმებელია, იქ პატრული არ აჯარიმებს?

 

 

დავით მესხიშვილი: ბათუმში პოლიციის როტაციის შემდეგ, პოლიცია გახდა აგრესიული არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ფაქტია, რომ მათ ჰქონდათ დავალება და როტაციაც, ამიტომ განხორციელდა, რომ ბათუმელები ბათუმელებს ვერ დააჯარიმებდნენ და ამიტომ ჩავიდა გორის შემადგენლობა, რომელიც იყო აგრესიული, ეს მე ჩემი მეგობრებისგანაც ვიცი. იქ არის სუბიექტური მიდგომა და სამწუხაროდ, კანონიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციელმა გადაწყვიტოს ჯარიმა 10 ლარიანია თუ 200 ლარიანი, აქ აშკარად საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით პატრული არის გადასამზადებელი.

 

 

ამავე დროს, გამაღიზიანებელია ორმაგი მიდგომა, ჩვენ გვინახავს როგორ აჩერებენ თავად ავტომობილებს საკვების ან სიგარეტის საყიდლად და შემდეგ იგივე ქმედებისთვის სხვას უწერენ ჯარიმას. ეს მიგვანიშნებს, რომ სტრუქტურული პრობლემები გვაქვს საპატრულო პოლიციაში და ყველაფერი არის შესაცვლელი. უნდა ვთქვათ, რომ ჯარიმებთან დაკავშირებით ადმინისტრირება არის ძალიან სუსტი. ჩვენ საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ იქ ყველაფერი ხდება უკონტაქტოდ, კომპიუტერიზებულად და მძღოლსა და პატრულს შორის ურთიერთობა დაყვანილია ნულამდე, რაც ამცირებს კონფლიქტების რაოდენობას. ანუ რეფორმა უნდა გულისხმობდეს, რომ საპატრულო პოლიცია უნდა დასდევდეს ქურდს, ყაჩაღს და არა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევს, თუ რაღაც საოცრებას არ აკეთებს მძღოლი. ჩვენ თბილისშიც ვხედავთ, რომ შემცირებულია რეაგირება და ადმინისტრირება. ჩვენ გვაქვს კამპანიური ხასიათის ადმინისტრირება, რაღაც დარღვევა ერთ დღეს ხდება ძალიან პოპულარული და რაღაც დარღვევები საერთოდ გვავიწყდება.

 

 

ეკატერინე ლალიაშვილი: ასეთი კამპანიური მიდგომა რეალურად არსებობს ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა აქ საუბარია ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე. ასეთი სოციალური თუ აღსრულებითი კამპანიები დაგეგმილია წლის განმავლობაში და ეს ემსახურება ქცევის შეცვლას. ჩვენი კანონის მთავარი მიზანიც იქნება ქცევის შეცვლა როგორც მძღოლის, ასევე პატრულის. თითოეულმა პოლიციელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მათი ურთიერთობა ნებისმიერ დამრღვევთან არის საპატრული პოლიციის რეპუტაცია.

 

 

- ეს კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით დამტკიცდა რეალურად ცვლის თუ არა იმ პრობლემებს, რომლებიც ახსენეთ, პატრულს ექნება კიდევ სუბიექტურად გადაყვეტილების მიღების საშუალება, მძღოლის განათლების დონე იზრდება?

 

 

ეკატერინე ლალიაშვილი: ამ კანონპროექტით უფრო მეტი კამერები იქნება, საშუალება გვაქვს გაუმჯობესდეს ადმინისტრირება, აქ იგულისხმება უკონტაქტო პატრულირებაც, რაც ნამდვილად გვჭირდება. 100 ქულიანი სისტემა გვექნება და მათი ჩამოკლება მოხდება უშუალოდ პატრულის გაჩერებას და დაჯარიმების შემდეგ. აქ კი ჩვენ შეიძლება წავაყდეთ ძალიან დიდ წინაღმდეგობას, რადგან ქულის ჩამოკლება, რითიც შესაძლოა, მძღოლს გამოცდის თავიდან ჩაბარება მოუწიოს, ორმაგ აგრესიას გამოიწვევს, თუ პატრული არ იქნება მზად. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომელისაც სავარაუდოდ, ნაწილობრივ გაითვალისწინებენ, რომ კამერების საშუალებითაც მომხდარიყო ქულების ჩამოკლება. მაგრამ თუ კამერებმა დააფიქსირა, რომ არის მუდმივად დამრღვევი მძღოლი, ის მოხვდება დამრღვევთა სიაში და ქულებს უკვე პატრული ჩამოაკლებს, თუ ის გაფრთხილების შემდეგ განაგრძობს დარღვევებს. ანუ ჩვენ ისევ პატრულის ხელში ვრჩებით და ამისთვის უნდა მოემზადოს პატრული.

 

დავით მესხიშვილი: მეც ვარ ამ კანონპროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი, თუმცა ვხედავ ძალიან ბევრ გამოწვევას. ამ კანონით ჩვენ რეალურად მივიღებთ, რომ მოკლევდიან პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდება. ამასთან, ჩვენ ამით შევამცირებთ იმ დარღვევების რაოდენობასაც, რომლებიც რეალურად იყიდებოდა, იმიტომ, რომ ადამიანები, ვისაც ჰქონდა ფული, არღვევდნენ და შემდეგ იხდიდნენ ჯარიმებს და ასეთი მძღოლების რაოდენობა საკმოდ დიდია. თუმცა არის ბევრი ჩანაწერი, რომელსაც არ ვეთანხმები, საგზაო მოძრაობის კანონი საერთოდ თავიდან არის დასაწერი. ამ ცვლილებების შემდეგ, თუ პოლიცია არ გადამზადდება, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ბათუმის მსგავსი შედეგები.