geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:41
კურორტ „სულორის" რეაბილიტაციისთვის 4 მლნ დოლარამდე ინვესტიციაა საჭირო - კურორტით ავსტრიელი ინვესტორები დაინტერესდნენ
2017-03-17 17:30:09
+
-

კურორტ „სულორის" რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3-4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა საჭირო. ამის შესახებ „კომერსანტთან" შპს „კურორტ სულორის" ხელმძღვანელი ბონდო დვალიშვილი საუბრობს. მისი ინფორმაციით, სამკურნალო-ბალნეოლოგიურ კურორტზე ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში არ განვითარებულა, რაც მის უმოქმედობას იწვევს. დვალიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის კურორტი ფაქტობრივად, პარალიზებულია.

 


კურორტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კურორტით ავსტრიელები დაინტერესდნენ. დვალიშვილის ინფორმაციით, უცხოელ ინვესტორთა ჯგუფი 2016 წლის ბოლოს სტუმრობდა სულორს. დვალიშვილი აცხადებს, რომ მაშინ ავსტრიელებში „სულორმა" მოწონება დაიმსახურა. მისი განმარტებით, ამ საქმეს მას შემდეგ გაგრძელება აღარ მოყვა. შედეგად, უცნობია, ავსტრიელი ბიზნესმენების ინტერესი რეალური იქნება თუ არა.

 

დვალიშვილის განცხადებით, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება საკმაოდ აქტიურადაა ჩართული კურორტისთის ინვესტორის მოძიების პროცესში.

 

კურორტის მიმზიდველობაზე საუბრობს გამგებლის წარმომადგენელი სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მიხეილ ხურციძეც, თუმცა მისთვის უცნობია, ინვესტორების მხრიდან კურორტით დაინტერსების ფაქტი. მისი ინფორმაციით, კურორტ „სულორის" საინვესტიციო წინადადება მომზადებულია და ცენტრალური ხელისუფლება მის შეთავაზებას უცხოელ ინვესტორებთან ახდენს.

 

2016 წლის ნოემბერში დვალიშვილი აცხადებდა, რომ სახელმწიფოსგან კურორტი 1996 წელს იყიდა, თუმცა ფინანსური რესურსების არქონის გამო, ადგილზე 8 კოტეჯის მეტი ვერ ჩადგა. კურორტის მფლობელი აცხადებდა, რომ 2008 წელს აგვისტოს ომამდე ებრაელი ინვესტორი რეალურად იყო დაინტერესებული ინვესტიციის განხორციელებით, თუმცა ომმა გარიგება ჩაშალა. დვალიშვილის თქმით, მას შემდეგ მასთან რეალური მყიდველი არ მისულა.


მისივე ინფორმაციით, კოტეჯებში დასვენება (1 დღე 3-ჯერადი კვებით) 28 ლარი ჯდება. თუმცა ინტერესი ნაკლებია.



„უცხოელები კურორტზე დასვენებით არ ინტერესდებიან იმის გამო, რომ სათანადოდ არ არის გაკეთებული, ადგილობრივებს კი ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ. ვინც კი ჩამოდის, ყველა მეუბნება, რომ 28 ლარი 1 დღისთვის ბევრია. ვისაც სჭირდება სულორის სამკურნალო წყალი, ისიც ვალით ჩამოდის"-აცხადებდა 2016 წლის ივნისში დვალიშვილი.



კურორტი „სულორი" რომ მიტოვებული და სავალალო მდგომარეობაში იყო, ამას 2016 წლის ივნისში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეც აღიარებდა. მისი თქმით, ადგილზე ინფრასტრუქტურა არსებობს, თუმცა იმ დონეზე არა, რაც ტურისტების მისაღებად არის საჭირო.

 

მაშინ ჭიჭინაძე აცხადებდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას გეგმაში ჰქონდა შეხვდროდა ყველა დაინტერესებულ ინვესტორს და კურორტის განვითარება შეეთავაზებინა.მაშინ გუბერნატორი ამბობდა, რომ უახლოეს მომავალში სულორის განვითარებით დაინტერესებულ რამდენიმე ინვესტორს ელოდებოდნენ, რომელსაც ამჟამინდელ მფლობელთან დააკავშირებდნენ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე მიმდინარე წლის მარტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი