geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 08:53
„ბრიტანელებმა იციან, რა არის კაბერნე ფრანკი, ახლა აინტერესებთ ის, რაც არ გაუსინჯავთ - ქართული ღვინო"
2017-03-15 15:30:33
+
-

ბერდია ყამარაული, ბიზნესმენი, უკვე 14 წელია ცხოვრობს დიდი ბრიტანეთში. თავდაპირველად მან დააფუძნა საინფორმაციო ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფების კომპანია Centigen (სენტიჯენი). სულ რაღაც 1,5 წლის წინ კი Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი, რომელიც დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს. „კომერსანტი" გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ ბიზნესმენთან.

 

 

ბერდია ყამარაული: Cenimex-Georgian Wine Club (London) სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს. ამ კომპანიის გააქტიურებამდე ბრიტანეთში ქართული ღვინო ძირითადად ქართულ და რუსულ რესტორნებში შედიოდა. ჩვენ კი აქცენტი ავიღეთ ბრიტანულ რესტორნებზე და ზოგადად ბრიტანელ მომხმარებელზე. გვსურდა, რომ ქართული ღვინო ბრიტანელებს სხვა მხრიდან გაეცნო. ამ ეტაპზე ქართული ღვინო შედის 10-მდე ბრიტანულ რესტორანში, სასტუმრო „რიცში", ასევე ღვინის მაღაზიაში „ჰედონიზმი". ამავე დროს, ღვინოს ვყიდით ონლანის საშუალებით. ამასთან, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინის დეგუსტაციის რამდენიმე საღამოც მოვაწყვეთ, სადაც ძირითადი სტუმრები ბრიტანელი ბიზნესმენები იყვნენ.

 

 

– და რა რაოდენობით ღვინის ექსპორტს ახორციელებთ?

 

 

– ბრიტანეთში ღვინის ექსპორტი დაახლოებით 10 თვის წინ დავიწყეთ. მანამდე თითქმის 6 თვე დაგვჭირდა, რომ სერთიფიკატი მიგვეღო. ბრიტანეთში ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის დაწყება ადვილი არ არის, ძალიან ბევრი საფეხური უნდა გაიარო, რომ ნებართვა და ლიცენზიები აიღო. რაც შეეხება რაოდენობას, ბევრი არ გაგვაქვს, დაახლოებით 500 ბოთლი თვეში, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რაოდენობა მნიშვნელობა გაიზრდება.

 

 

– საინტერესოა, ამ პერიოდის განმავლობაში რამდენად პოპულარული გახდა ქართული ღვინო ბრიტანელ მომხმარებელში?

 


– როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი წელი არ არის, რაც ღვინო გაგვაქვს ბრიტანეთში და გეტყვით, რომ ინტერესი არსებობს. ზაფხულში ლონდონში ღვინის საღამო მოეწყო, სადაც 10 ქვეყნის წარმომადგენელი იყო, მათ შორის, ჩილედიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან და ყველაზე დიდი ინტერესს სტუმრები ქართული სტენდის მიმართ იჩენდნენ.

 

 

– რატომ? რამ გამოიწვია ეს ინტერესი?

 


– ბრიტანელებმა იციან, რა არის ღვინო - სავინო, კაბერნე ფრანკი, მაგრამ ახლა აინტერესებთ ის, რაც არ გაუსინჯავთ, მაგალითად, ქართული საფერავი, რქაწითელი და საერთოდ ქართული ღვინო. ამიტომ ინტერესი იყო ძალიან დიდი, რადგან ხალხს აინტერესებს რაღაც ახლის აღმოჩენა, გასინჯვა.

 

 

 

– რაც შეეხება ფასებს, რა საფასო სეგმენტშია ქართული ღვინო წარმოდგენილი და რომელი კომპანიის ღვინოები გაგაქვთ?

 


– ქართული ღვინო ძირითადად საშუალო და მაღალფასიან სეგმენტშია წარმოდგენილი. ერთი ბოთლი ღვინო 12-15 ფუნტი ღირს. ამ ფასად ბრიტანეთში საშუალო და მაღალი დონის ღვინოები იყიდება. მაგრამ ასევე გვაქვს ბადაგონის ალავერდის მონასტრის ღვინოები, რომელსაც მხოლოდ ონლაინ ვყიდით და ერთი ბოთლის ღირებულება 50 ფუნტს შეადგენს. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმაზე, რომ 9-10 ფუნტიან სეგმენტშიც შევიდეთ.

 

 

– მხოლოდ „ბადაგონის" ღვინოების ექსპორტს ახორციელებთ?

 


– ამ ეტაპზე „ბადაგონთან" ვთანამშრომლობთ, მაგრამ ახლა მიდის 2-3 კომპანიასთან მოლაპარაკება, თუმცა ჯერ მათ სახელს ვერ დავასახელებ.

 

 

– საინტერესოა, ქართული ღვინოები პოპულარული უფრო რესტორნებშია თუ სასტუმროში? სად არის უფრო მეტი მოთხოვნა?

 


– ბრიტანეთში ქართული ღვინო უფრო პოპულარული რესტორნებშია, ასევე ონლაინ-დისტრიბუციაზეც მოთხოვნაც მზარდია. და საერთოდ, ბრიტანეთში ქართული ღვინო ნელა, მაგრამ საკმაოდ პოპულარული ხდება. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ბრიტანელებმა ქართულ ღვინოზე ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. ქართულ ღვინოზე ფილმს იღებს პროგრამა The Wine Show, რომელიც ამჟამად გადის ბრიტანულ ტელეარხ ITV-ზე. ამ ტელევიზიას 16-დან 50 წლამდე ასაკის ბრიტანეთის მოსახლეობის 70% უყურებს, ITV არის BBC-ის დონის კომერციული ტელევიზია. როცა ასეთი დიდი აუდიტორია აქვს ტელევიზიას, მის ეთერში ქართულ ღვინოზე აჩვენო 15-წუთიანი ფილმი, ნიშნავს იმას, რომ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.

 

 

 

 

– ფილმზე მუშაობა როდის დაიწყო და თუ დაგეხმარათ ამაში სახელმწიფო?

 


– ტელეკომპანიას რომ ეს ფილმი გადაეღო, ჩვენმა ჯგუფმა ბევრი იმუშავა. ამაში ერთი თეთრი არ დაუხარჯავს სახელმწიფოს, დაგვეხმარა საქართველოს ელჩი ბრიტანეთში და ქართულ-ბრიტანული სავაჭრო პალატა. საბოლოოდ კი, როდესაც ITV-ზე 15 წუთიანი ფილმი გავა, ეს იქნება 15-წუთიანი უფასო რეკლამა ქართულ ღვინოზე.

 

 

– დავუბრუნდეთ ისევ ღვინოს, არის თუ არა ქართული ღვინო უკვე ბრენდი ბრიტანეთში?

 


– ქართული ღვინო იმ დონეზე პოპულარული ნამდვილად არ არის, როგორც ფრანგული და იტალიური ღვინოები, თუმცა მის მიმართ ინტერესი საკმაოდ მზარდია. მაგალითად, ჩვენ გვქონდა სიდიდით მეორე სუპერმარკეტების ქსელთან „ასდასთან" მოლაპარაკება, მათ დააგემოვნეს ქართული ღვინო და არის მზაობა, რომ მათ მაღაზიებში იყოს ქართული ღვინოც. დეგუსტაციის შემდეგ „ასდასგან" ასეთი პასუხი მივიღეთ - „ჩვენ არ გვეგონა, რომ ქართული ღვინო ასეთი ხარისხის იქნებოდა, იმდენად მოგვეწონაო, რომ მზად ვართ „ბორდოს" გვერდით დავდოთ". მალე ალბათ, ქართული ღვინო „ასდას" ქსელში გამოჩნდება.

 

 

დღეს ბრიტანეთში ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ქართული ღვინო ვინმემ აღფრთოვანებით მოითხოვოს, მაგრამ ის, რომ „ბორდოს" გვერდით ქართული ღვინო გამოჩნდება, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ფაქტია ის, რომ ბრიტანელებს აინტერესებთ რაღაც განსაკუთრებული გასინჯონ და ეს არის ქართული ღვინო.

 

 

– რაც შეეხება ქართულ ბიზნესს ბრიტანეთში, რამდენად რთულია ან ადვილი იქ ქართველებისთვის ბიზნესის დაწყება და თუ გეხმარებათ ამაში საქართველოს საელჩო?

 


- დაიწყო ბიზნესი ბრიტანეთში - იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არის ადამიანი მონდომებული. შეუძლებელი არაფერი არ არის. ლონდონი არის ის ქალაქი და ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, სადაც ჩასულ ადამიანს ყოველთვის აქვს საშუალება, რომ ბიზნესი აკეთოს. ბრიტანეთში ბიზნესისთვის ძალიან იდიალურად აწყობილი სისტემაა და თვითონ ლონდონიც ფინანსური ცენტრია.

 

 

ბრიტანეთში პოპულარულია ნატურალური წვენების ქართული ბრენდი „სავსე". ის ყველა ბრიტანულ ქსელშია წარმოდგენილი და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ძალიან პოპულარული ხდებიან ქართველი დიზაინერებიც. მოთხოვნა ქართულ რესტორნებზე.

 

 

რაც შეეხება საქართველოს საელჩოს, პირადად მე ძალიან მეხმარება, განსაკუთრებით ღვინის მიმართულებით 100%-იანი მხარდაჭრა გვაქვს. საქართველოს ელჩი ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი ყველაფერში ძალიან გვეხმარება. 14 წელია ლონდონში ვცხოვრობ და ის ყველაზე აქტიური ელჩია, რომელიც კი აქამდე ჩამოსულა დიდი ბრიტანეთში.

 

 

 

ავტორი: ელზა წიკლაური