geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:40
პუტინი ოკუპირებულ ცხინვალში „ექსკლუზიურ კონტროლს“ აძლიერებს
2017-03-15 09:25:39
+
-

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ წინადადება. 

 

„დაკმაყოფილდეს რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ცალკეული შეიარაღებული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაწევრიანებას გულისხმობს", - აღნიშნულია განკარგულებაში, რომელიც რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

 

პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს სამხრეთოსურ მხარესთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის სამხედრო დანაყოფების რუსულ ჯარში ინტეგრირება მორიგი არალეგიტიმური ნაბიჯია.

 

„ე.წ. შეთანხმების გაფორმება სამხედრო თუ სხვა სფეროებში მოწმობს, რომ, რეალურად, პროცესი, რომელიც იქ მიმდინარეობს - განგრძობითი ოკუპაცია, რუსიფიკაცია ჩვენი რეგიონების დე ფაქტო ანექსიისკენ არის მიმართული. ეს მორიგი ასეთი ნაბიჯია. ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს. მას არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმურობა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ და 80-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის ე.წ. შეთანხმებებს რუსეთი იყენებს იმისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი ექსკლუზიური კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ რეგიონების ცხოვრების ყველა სფეროზე", - განაცხადა მინისტრმა.

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა. თავდაპირველად შეთანხმება თავდაცვის სივრცის საერთო ფორმირებას ითვალისწინებდა.