geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:34
საქართველოდან შესაძლოა, ღვინომასალების ექსპორტი აიკრძალოს
2017-03-14 10:20:38
+
-

უახლოეს მომავალში შესაძლოა, საქართველოდან ღვინომასალების ექსპორტი აიკრძალოს. „კომერსანტის" ინფორმაციით, აღნიშნულ კანონპროექტზე ხელისუფლებაში უკვე მუშაობენ.რომელ ქვეყნებში აიკრძალება საქართველოდან ღვინო მასალების ექსპორტი, რა გახდა ინიციატივის მიზეზი და ამ დროისთვის, ქვეყნიდან სად და რა რაოდენობის ღვინო მასლების ექსპორტი ხორციელდება, ამის გარკვევა „კომერსანტმა" როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონდმებლო ხელისუფლებაში სცადა.


პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, რომ ღვინომასალების ექსპორტთან დაკავშირებით მუშაობა მთავრობაში მიმდინარეობს. დანელიას ვარაუდით, შესაბამის კანონპროექტს ღვინის ეროვნული სააგენტო ამუშავებს.


„ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით არის გარკვეული ინიციატივა. ამაზე სავარაუდოდ, ღვინის ეროვნული საააგენტო მუშაობს. ჩვენს კომიტეტში ეს კანონპროექტი არ მუშავდება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც ღვინო ჩადის, იმ კონკრეტულ ქვეყანაში ფალსიფიცირების რისკები იზრდება. იმიტომ, რომ დავიცვათ ბრენდები, იმიტომ, რომ ხარისხი იყოს შენარჩუნებული ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნება თუ ამ კანონს მივიღებთ. თუმცა რა თქმა უნდა, არგუმენტაცია სააგენტოს მხრიდან მოსასმენია "-აცხადებს დანელია.


„კომერსანტის" კითხვაზე, რომელ ქვეყანაში გადის ღვინომასალები და რა რაოდენობით, დანელია განმარტავს, რომ ღვინომასალების ექსპორტი რამოდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. როგორც დანელია აცხადებს, ეს ყველაფერი შესწავლილი აქვს სააგენტოს და ამაზე დაყრდნობით მოხდა ანალიზის გაკეთება და ეს ინიციატივაც აქედან მოდის.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ ღვინომასალების ექსპორტის აკრძალვა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა. შესაბამისად, დეტალურად ინფორმაციას ვერ გასცემს.მისი მტკიცებით, სააგენტოში შემუშავების პროცესშია ასობით იდეა, მთვარია როგორ მივა ბოლომდე. „ჩვენ კანონზე არ ვმუშაობთ, კანონზე მთავრობა მუშაობს. როგორ და რა აიკრძალება, ეს დამოკიდებული იქნება მუშაობაზე"-აცხადებს სამანიშვილი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის დირექტორის ნიკოლოზ გოგილიძის განცხადებით, ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების გაყალბების ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფიქსირდება. როგორც გოგილიძემ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, ამ ეტაპზეც რუსეთში 800 ბოთლი ქინძმარაულია გაჩერებული და უწყება შესაბამის პროცედურებს ახორციელებს.



„გაყალბება ყოველთვის ხდება, თუმცა რეგულარულად ვახორციელებთ რეგიტრაციის პროცედურებს ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი ქვეყნები და საცდაც საერთაშორისო ხელშეკრულებით ვერ ხდება დაცვა.


აზერბაიჯანი და ჩინეთი არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულების წევრები არ არიან და მოგვენიჭა უფლება რომ ამ ქვეყნებში ყველა სახის პროდუქტზე კონრტოლი განვახორციელოთ, მაგალითად ჭაჭასა და სულგუნზე. ლატვიაში გვაქვს ეხლა მაგალითად სულგუნზე შემთხვევა", - ამბობს გოგილიძე.


ავტორი: სოფო ქსოვრელი