geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 08:54
შემცირებული სარგებელი და სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი - დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შესაძლო შედეგი
2017-03-13 09:30:51
+
-

დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება, დეპოზიტებზე კი სარგებელი შემცირდება, - ასეთია ფინანსისტების შეფასება. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, დღეს დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების აუცილებლობა არ არსებობს. „საბანკო სისტემაში დამატებითი გარანტიებით ძირშივე კლავენ ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრის განვითარებას, რაც ბიზნესზე უფრო მეტად ნეგატიურად აისახება", - აცხადებს „კომერსანტთან" საუბრისას ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

 

საბანკო დეპოზიტების დაზღვევა 2018 წლიდან გახდება სავალდებულო. კანონპროექტის მიხედვით, აუბარია, 5 ათასი ლარის მოცულობის დეპოზიტებზე. ამასთან, კანონპროექტი გულისხმობს დაზღვევის სპეციალური სააგენტოს შექმნას, რომელშიც ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად კომერციული ბანკების წარმომადგენლებიც იქნებიან.

 


ეროვნული ბანკში დეპოზიტების დაზღვევის ამოქმედებას საბანკო სისტემის მდგრადობით ხსნიან. როგორც ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კიკორია განმარტავს, დეპოზიტების დაზღვევა არის საფინანსო სექტორის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მექანიზმი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას განცხადებით კი, "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბება იქნება კარგი პრევენცია, რათა მომავალში მოსახლეობის საბანკო დანაზოგები საიმედოდ იყოს დაცული".

 


დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებას ნაადრევს უწოდებენ საბანკო სექტორში. „ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე საბანკო სექტორის მაღალი კაპიტალიზაციის პირობებში ორმაგი გადაზღვევის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება საბანკო სექტორისთვის დამატებითი ხარჯია, რომელიც მძიმედ დააწვება როგორც სექტორს, ისე ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობას.

 

 

"საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი და დიდი კაპიტალიზაციის ნორმები. ისედაც ბანკებს მოეთხოვებათ ძალიან დიდი კაპიტალი და ეს ისედაც აწვება როგორც ბანკებს, ისე ყველას, რადგან რესურსის ღირებულება არის ძვირი. დიდი კაპიტალის მოთხოვნები თავისთავად იცავს დეპოზიტარებს. დამატებით რაღაც რესურსის დაზღვევის შემოტანა და ორმაგი გადაზღვევა არ არის საჭირო. თუ განიხილება ბანკების კაპიტალიზაციის შემცირება, ამაში შესაძლებელია აგრეთვე განხილულ იქნას დეპოზიტების დაზღვევა. ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის უბრალოდ დამატებითი ხარჯი, რომელიც მძიმედ დააწვება საბანკო სესტემას, ეკონომიკას და მოსახლეობას", - აცხადებს არჩილ კონცელიძე.

 

 

თითქმის ანალოგიური პოზიცია აქვთ „თიბისი ბანკშიც". "თიბისი ბანკის"  გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, დღეს დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის თემა საქართველოს საბანკო სექტორისთვის არ არის აქტუალური. „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევაზე მსჯელობა ამ ეტაპზე ნაადრევი იყო. ამასთან, მისი პოზიციით, დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის იმპლემენტაციის შემდეგ, საბანკო სექტორის ხარჯი დაახლოებით 15-20 მილიონი ლარით გაიზრდება.

 

 

„ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს ნაადრევი იყო და 2018 წლისთვის კანონპროექტის ამოქმედება არ იყო საჭირო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აქტიურად მუშაობდა, ამ თემაზე, აუცილებელი იყო რომ პროცესი დაძრულიყო და ამ კანონპროექტის განხილვა დაწყებულიყო. ჩვენ განსხვავებული აზრი გვქონდა, მგრამ ამ მიმართულებით მოხდა განვითარება. რეალობა არის ის, რაც გვაქვს და ჩვენ ამას შევასრულებთ", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

 


საბანკო სფეროს სპეციალისტების პოზიციით, დღეს საქართველოში დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის აუცილებლობა არ არსებობს. მათი პროგნოზით, მას შემდეგ, რაც ეს სისტემა ამოქმედდება, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება, დეპოზიტებზე სარგებელი კი შემცირდება. პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელის განცხადებით, კომერციული ბანკები ხარჯების გადაფარვის მიზნით სწორედ ასეთ ხერხს მიმართავენ.

 


„საერთოდ, ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენად გვჭირდება დღეს დეპოზიტების დაზღვევის ამოქმედება. ეს არ აწყობთ არც ბანკებს და არც იმ ადამიანებს, ვინც საბანკო მომსახურებით სარგებლობს. სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ გაძვირდება კრედიტები და სარგებელი დეპოზიტებზე შემცირდება. დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა მხოლოდ სახელმწიფოს, ხელისუფლების ინტერესებშია. ერთადერთი, რაშიც ეს შეიძლება გამოგვადგეს, არის უცხოელების დეპოზიტები, რადგან ისინი მიჩვეულები არიან დაზღვევას.
ჩემი პროგნოზით, იმ ბანკებმა, ვისაც ლიკვიდურობა მაღალი აქვთ, შეიძლება დეპოზიტებზე სარგებელი შეამცირონ, ვისაც ნაკლები, მათ შეიძლება სესხის პროცენტი აუწიონ. კომერციული ბანკები ამას ასე მარტივად ვერ გაატარებენ", - განუცხადა „კომერსანტს" კორინთელმა.

 

 

ფინანსისტის ვახტანგ ხომიზურაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება საჭირო ნამდვილად არ იყო. „მას შემდეგ, რაც ეს კანონი ამოქმედდება, დეპოზიტებზე სარგებელი შემცირება, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კი გაიზრდება. ნამდვილად არ იყო საჭირო დამატებითი გარანტიები საბანკო სისტემაში, რადგან ეს პრაქტიკულად, ძირშივე კლავს ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრის განვითარებას, რომელიც პირდაპირ ეხება ფასიან ქაღალდებს. საბანკო სისტემაში გადაჭარბებული გარანტიები ნეგატიურ მოქმედებს ალტერნატიული ბაზრის განვითარებაზე. ეს არის უსარგებლო ნიციატივა, რომელიც არაფერს მოიტანს, გარდა იმისა, რომ გაძვირდება საკრედიტო რესურსები", - განაცხადა ხომიზურაშვილმა.

 


რაც შეეხება სხვა ქვეყნების მაგალითს, ფინანსისტის თქმით, სხვაგან სხვა ბიზნეს გარემოა და ამის პირდაპირ გადმოტანა ქართულ რეალობაში, არასწორია.

 


„ჩვენი ქართული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა დაფუძნებულია მაქსიმალურ გარანტიებზე - ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციული ბანკები პრაქტიკულად, არ გასცემენ არაუზრუნველყოფილ სესხებს. ბანკები არ ახორციელებენ ე.წ. საპროექტო დაფინანსებას, ანუ უცხოეთში ბანკი ჯერ აფასებს პროექტს და მერე საგარანტიო მექანიზმს, ჩვენთან პირიქითაა, ჯერ უყურებენ გარანტიებს და მერე სად წავა ეს ფული, სულ არ აინტერესებთ. მთავარია, უზრუნველყოფა გაცემულ სესხს 3-ჯერ აღემატებოდეს. ეს რა თქმა უნდა, ცუდია. ამიტომაც ვერ ვითარდება, ეკონომიკის რეალური სექტორი, ბიზნეს აღარ გააჩნია ამდენი გარანტიები და ბიზნეს-სუბიექტები სესხს ვეღარ ღებულობენ. ამას ემატება ბანკების არაპროფილური აქტივები, რომლებიც სხვა ბიზნესის სერიოზული კონკურენტები გახდნენ. ამიტომ ეს ინიციატივა აბსოლუტურად არ არის გამართლებული ჩვენს რეალობაში", - განუცხადა „კომერსანტს" ხომიზურამშვილმა.

 

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური სარგებელი 8,8%-ს შეადგენს, უცხოურ ვალუტაში კი 3,2%-ს. რაც შეეხება სესხებზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთს, სებ-ის მონაცემებით ეროვნული ვალუტთ გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 18,3%-ს, მოკლევადიანზე საპროცენტო განაკვეთია 23,7%-ს, გრძელვადიანზე კი 16,5%-ს. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საშუალო პროცენტი შეადგენს 10%-ს. დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ამიქმედების შემდეგ კი სპეციალისტების პროგნოზით, დეპოზიტებზე სარგებელი საშუალოდ 1%-ით შემცირდება, ამდენივეთი გაძვირდება კრედიტები.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"