geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:28
65-დან მხოლოდ 22 დასრულებული მშენებლობა - დეველოპერები სამშენებლო ამნისტიის 2020 წლამდე გახანგრძლივებას ითხოვენ
2017-03-14 09:30:46
+
-

სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში დეველოპერულ ბიზნესში დაახლოებით 55 მილიონი დოლარი იქნა რეინვესტირებული. ამის შესახებ „კომერსანტთან" საუბრისას  მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელმა თორნიკე აბულაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, 2015 წელს გამოცხადებული სამშენებლო ამნისტიამ გაამართლა.


სამშენებლო ბიზნესის ამნისტიის ფარგლებში 2008 წლამდე დაწყებული სამშენებლო ობიექტები, დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან იმ პირობით გათავისუფლდებოდნენ, თუ ისინი მშენებლობის დასრულებას 3 წლის ვადაში მოახერხებდნენ.


როგორც აბულაძე განმარტავს, ოფიციალური უწყებებიდან იმ ინფორმაციის მიღება, თუ რამდენი მშენებლობა იქნა დასრულებული, რა ოდენობის თანხა იქნა ჩამოწერილი და სექტორში რეინვესტირებული, რთულია. მისი ინფორმაციით,ამის აღრიცხვა-მონიტორინგი ოფიციალური უწყებების მხრიდან არ ხდება. მისი განმარტებით, მენაშენეთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 22 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია.


„ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულდა 22 მშენებლობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პროექტი შედგა. პროექტის ფარგლებში სექტორში დაახლოებით 55 მილიონი აშშ დოლარი ჩატრიალდა"-აცხადებს აბულაძე. რაც შეეხება დეველოპერულ კომპანია "არსს", აბულაძე აცხადებს, რომ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერიათ, თუმცა, შეთანხმებულები არიან,რომ სამშენებლო ამნისტიის ფაგლებში კომპანიას 1.6 მილიონი ლარი  უახლოეს მომავალში ჩამოეწერება. 


მისი ინფორმაციით, მენეშენეთა ასოციაციის და ბიზნესომბუდსმენის ინიციატივით მომზადებულია კანონპოექტი,რომელიც სამშენებლო ამნისტიის ვადის კიდევ 2 წლით, 2020 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევას გულისხმობს. როგორც აბულაძე აცხადებს, კანონპროქეტის შემუშავებაში ასევე ჩართულია ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტორები.


აბულაძის განცხადებით, კანონპროექტი მზად არის, ის საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დამტკიცდება.


დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ცხადებს, რომ 2015 წელს მთავრობის ინიციატივამ გაამართლა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში კომპანია „ჯიდიჯიმ" ჯამში 2-3 მილიონი ლარის ისევ სამშენებლო სფეროში რეინვესტირება მოახერხა.


„მთავრობამ ძალიან დიდი შეღავათი გაგვიკეთა. ვისარგებლეთ, მილიონობით თანხა დაგვეზოგა, ეს თანხა შემდეგი განვითარებისთვის მივმართეთ. რა თანხაც გადახდილი მქონდა, ჩამითვალა და რაც არ მქონდა გადახდილი არ გადამახდევინა. საუბარი იყო 2-3 მილიონ ლარზე"-აცხადებს წაქაძე.


შეგახსენებთ, 2015 წლის თებერვალში მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს დღემდე მძიმე ტვირთად აწვება, რაც აღნიშნული დარგის განვითარებას აფერხებს.

 

მოგვიანებით თბილისის მერმა დავით ნარმანია განაცხადა, რომ თბილისის მთავრობა მზად არის კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლოს და მშენებლობის ნებართვების ვადა გაუგრძელოს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ მშენებლობებს.„ საქმე უმეტესწილად დედაქალაქში შეჩერებულ მშენებლობებს ეხება, რომელმაც წინ ვერ წაიწია. სამშენებლო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია წახალისება და სხვადასხხვა სტიმულირების ინსტრუმენტები, რათა შეძლონ შეჩერებული მშენებლობების დასრულება", - განაცხადა მაშინ ნარმანიამ.

 

პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები საგადასახდო კოდექსშიც დაამტკიცა. მაშინ ფინანსთა მინისტრი მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტის თანახმად, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება და ასევე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება. აღნიშნული შეღავათი კი იმ ობიექტებს შეეხება, რომელზეც მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტომდეა გაცემული.

 

მისივე ინფორმაციით, საგადასახადო შეღავათი შეეხებოდა  30-მდე სამშენებლო კომპანიის 65-ზე მეტ სამშენებლო პროექტს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში. სულ მისაწოდებელი ფართების ოდენობა 900 000 კვ.მ-ზე მეტს შეადგენს, ხოლო სარეალიზაციო ღირებულება 1,200 მლრდ ლარს აღემატება. ლაშა ხუციშვილის თქმით, უშუალოდ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც ასეთ მშენებლობებში ფართი აქვთ შეძენილი, 15 ათასამდე პირს შეადგენს. რაც შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახდის ოდენობას, ხუციშვილის განცხადებით, ის 200 მილიონ ლარია.

 


ავტორი: სოფო ქსოვრელი