geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 08:54
5 მკვლელობა ერთ კვირაში - ხელისუფლებას კრიმინალური ვითარება ხელიდან „გაექცა"?!
2017-03-10 11:00:24
+
-

თბილისში, დიდ დიღომში 53 წლის მამაკაცს 8 ტყვია ესროლეს. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა; ავლაბარში, ღვინის აღმართზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი; სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში ჩიხლაძეების სახლში რამდენიმე ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა, ყაჩაღებმა ერთი ქალი მოკლეს, მეორე კი, დაჭრეს; დიდ დიღომში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე სროლის შედეგად შუახნის მამაკაცი მოკლეს; თბილისში ისრაელის მოქალაქე, 75 წლის ბიზნესმენი მოკლეს, მას თავი ჩაქუჩით გაუტეხეს და 2 ათასი აშშ დოლარი წაიღეს - ყველა ეს შემთხვევა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოხდა.

 

ეს ერთკვირიანი კრიმინალური ქრონიკა იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას სიტუაციას ან ვერ აკონტროლებს, ან არ სურს, რომ გააკონტროლოს. ხელისუფლების ასეთი მიდგომა დანაშაულის მიმართ კრიმინალებს „გზას უხსნის", საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს.

 

„კომერსანტი" გაზრდილ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე სულ რაღაც ათოიოდე დღის წინაც წერდა და ახლაც, მიუხედავად იმისა, ჩვენ ბიზნეს-გამოცემა ვართ, ასეთ თემებს გვერდს ისევ ვერ ავუვლით და ვერც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკა მართალია, ყოველთვიურად აღარ ქვეყნდება, მაგრამ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია, რომ კრიმინოგენური სტატისტიკის მაჩვენებელი გაზრდილია.



განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ შესამჩნევად გაიზარდა მძიმე დანაშაულების შემთხვევები. ამაზე მიუთითებს ყველა ის ფაქტი, რაც სტატიის დასაწყისში მოვიყვანეთ. რამოდენიმე წლის წინ ასეთ შემთხვევებს სერიოზული რეზონანსი მოჰყვებოდა, დღეს ეს ფაქტები სამწუხაროდ, ჩვეულებრივ სტატისტიკურ მონაცემებად იქცა.



ერთი მხრივ კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადენილ დანაშაულებს ცხელ კვალზე ხსნის, თუმცა მეორე მხრივ, საგანგაშოა, რომ ვერ ხერხდება ასეთი მძიმე დანაშაულებების პრევენცია. ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია დანაშაულებების მაჩვენებლის გაზრდა, ერთ პატარა სტატიაში ამის ანალიზის გაკეთება რთულია. თუმცა ჩვენთვის გასაოცარია, რომ ამ საკითხებზე ხელისუფლების წარმომადგენლები დუმილს ამჯობინებენ. არც პარლამენტში, არც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გაზრდილ კრიმინოგენურ ვითარებაზე არავინ საუბრობს.



„კომერსანტი" კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა არის ქვეყანაში მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრება. ხელისუფლება მაშინაც არის დამნაშავე, როდესაც მისი წარმომადგენელი შეიძლება პირდაპირ იყოს ჩართული მკვლელობაში და მაშინაც, როდესაც ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას კრიმინალისგან. როდესაც სანდრო გირგვლიანს კლავდნენ, ეს იყო ხელისუფლების პირდაპირი დანაშაული, დღეს კი, როდესაც ხელისუფლება ვერ იცავს მოქალაქეებს და დღისით ადამიანს რამდენიმე ტყვიას ესვრიან, ან სახლში უვარდებიან და აწამებენ, ესეც ხელისუფლების დანაშაულია, ოღონდ არაპირდაპირ, რადგან ის მის ერთ-ერთ მთავარი ფუნქციას - დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება - ვერ ასრულებს.

 


„კომერსანტი" კიდევ ერთხელ მოუწოიდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომ ნუ დახუჭავენ თვალს გაზრდილ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, რადგან ეს არა მარტო კრიმინალების პირდაპირ მსხვერპლს, არამედ მთლიანად ქვეყანას აზარალებს. ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაზე ბევრად არის დამოკიდებული თითოელი მოქალაქის უსაფრთხოება. თუ ხელისუფლებას კრიმინალი ხელიდან „გაექცა", ეს ცხადია, არც ბიზნესზე აისახება დადებითად. ნურავინ ნუ გაიმართლებს თავს იმით, რომ კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება, რადგან იქ, სადაც კრიმინალის მაღალი მაჩვენებელია, ეკონომიკა და ბიზნესი ვერ ვითარდება.

 

 

"კომერსანტი"