geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:17
"გალარების პრიორიტეტი არის სავალუტო რისკის დაზღვევა და არა საპროცნტო რისკის"
2017-02-13 19:30:19
+
-


ჩავარდა თუ არა გალარების პროგრამა, რამდენად ამართლებს ლარიზაციის სამთავრობო გეგმა? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან


-არის მოსაზრება, რომ ლარში გრძელვადიანი სესხების აღება რისკიანი იყო, რადგან სადოლარე სესხთან შედარებით საპროცენტო განაკვეთიც გაცილებით მაღალი იყო და ამასთანავე ისინი გაიცემოდა ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით ,რადგან რეფინანსირების სესხებზე იყო მიბმული?


-ბანკებმა აქტიური შეთავაზება გრძელვადიან იპოთეკურ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე იყო მიბმული, 2014 წლიდან დაიწყეს. ბუნებრივია, ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით გაცემული სესხები ატარებს რისკს იმისას, რომ თუ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი აიწევა, ბუნებრივია, სესხი გაძვირდება. მაგრამ აქ ხშირად ყურადღება არ ექცევა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. საპროცენტო განაკვეთი, ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით გაცემულ გრძელვადიან სესხებზე ნაკლებია, ვიდრე ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით გაცემულ სესხზე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებით უცხოურ ვალუტაში არებული სესხისაგან გიმძიმდებათ არა მთლიანი სესხი, რომელსაც ფარავთ ძირის და ამ ძირზე დარიხული პროცენტის ნაწილის სახით, არამედ მხოლოდ ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის ნაწილი. დოლარში აღებული სესხის დროს სავალუტო რისკის გამო, ლარის გაუფასურება ზრდის როგორც ძირის, ასევე პროცენტის ნაწილსაც, რადგან თქვენი შემოსავალი არის ლარში. მოგეხსენებათ ამავე პერიოდს დაემთხვა გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა და შესაბამისად, აშშ დოლარის გამყარება, რასაც სხვა ქვეყნების ვალუტების, მათ შორის ლარის გაუფასურება მოყვა.

 

გარდა ამისა, არასწორია მოსაზრებები თითქოს ბანკები იპოთეკურ სესხებს ლარში არ გასცემდნენ, ხოლო სხვაობა ლარში და დოლარში გასაცემ იპოთეკურ სესხებზე იყო მნიშვნელოვნად განსხვავებული. თვალსაჩინოებისათვის, თუნდაც 2014 წელს თუ ჩვენ შეგვეძლო აგვეღო იპოთკური სესხი დოლარში წლიური 7-9 %-ის ფარგლებში, ამავდროულად ლარში იპოთეკური სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთები 10-12 %-ის ფარგლებში იყო და არა 15% ან 17 %-ის ფარგლებში, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი სტაბილურად 4 % -ს შეადგენდა, ვგულისხმობ ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით გაცემულ სესხებს. აქ ხშირად ერევათ ერთმანეთში იპოთეკური სესხი ბიზნეს სესხებში, რომლებიც არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონების გირაოთი და გაიცემა ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. ერთადერთი პრობლემა იყო ვადა, ლარში იპოთეკური სესხები 5 წლამდე გაიცემოდა, როდესაც სადოლარე სესხების ვადიანობა 10 წლამდე იყო და ესეც ბუნებრივია, რადგან სალარე რესურსების ვადიანობა სადოლარე რესურსებთან შედარებით არის მოკლევადიანი და შედარებით ძვირი. სწორედ სალარე რესურსების მოკლევადიანობის და მაღალი რისკების გამო, ბანკები გასულ წლებში ნაკლებად გასცემდნენ გრძელვადიან იპოთეკურ სესხებს ლარში.

 

პირობითად როდესაც იღებ სესხს უცხოურ ვალუტაში და აპრიორში უპირატესობას საპროცენტო განაკვეთს ანიჭებ, მაშინ ბუნებრივია,ქაღალდზე გათვლით, სესხის მომსახურება შედარებით იაფი ჯდება, მაგრამ რადგან თქვენი შემოსავალი არის ლარში, ეს ეფექტი მოქმედებს მანამდე, სანამ სავალუტო კურსი არ შეიცვლება ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების მიმართულებით. შესაბამისად სავალუტო რისკი გაცილებით მაღალია ვიდრე ლარის საპროცენტო რისკი.

 


-რამდენად ეთანხმებით მოსაზრებებს, რომ გალარების პროგრამა ჩავარდა?


-თუ ჩვენ ათვლის წერტილს ავიღებთ 27 ათას ადამიანს ანუ ყველა იმ პირს, ვინც შეიძლება მოიაზრებოდეს პოტენციურ გამლარებლად, მაშინ ბუნებრივია, გალარების არსებული ტემპი შეიძლება მართლა დაბალი იყოს. სახელმწიფო როდესაც ამ სახის სუბსიდირებას ახდენს, ვერ დაიწყებდა ადამიენების რაიმე ნიშნით დაყოფას ან პროგნოზირებას, თუ ვინ მოინდომენდა სესხების გალარებას და ვინ არა. მიმაჩნია, რომ შეთავაზება სავსებით სამართლიანად გაუკეთდა ყველა პოტენციურ მსესხებელს და შესაბამისი სუბსიდირების თანხაც გამოიყო ბიუჯეტში.

 

ასევე ბუნებრივია, მსესხებელთა ნაწილს შემოსავალი შეიძლება ჰქონდეს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, თუნდაც იღებდეს დახმარებას ფულადი გზავნილების სახით. ასეთ შემთხვევაში მათ შეიძლება არ მოისურვონ გალარების პროგრამაში მონაწილეობა. გასათვალისწინებელია წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორიც. ვინც თუნდაც 3 წლის წინ აიღო სესხი, სავალუტო კურსის ცვლილების გამო, მათ არც თუ მცირე ზარალი ნახეს და უხეში დათვლებითაც კი და ვისაც მაგალითისათვის, ყოველთვიურად 500 დოლარის გადახდა უწევდა და უწევს დღესაც, მარტო ბოლო 3 წლის მანძილზე, დამატებით სულ მცირე 10 000 ლარი აქვს გადახდილი. შედეგად მსესხებელთა ნაწილი, გასაკვირი სულაც არ არის, რომ გაცილებით ფრთხილად და ალბათ ცოტა სკეპტიკურადაც კი უყურებდეს ამ ახალ პერსპექტივას. სამწუხაროდ, საექსპერტო კომენტარების ნაწილი მათ ამაში გარკვეულწილად „ეხმარება", როდესაც აქცენტები უკვე ლარის მოსალოდნელ გამყარებაზე გადადის და ამით სუბსიდიის ეფექტურობას ამცირებს და მე დარწმუნებული ვარ,რომ არა გალარების სახელმწიფო პროგრამა, იგივე ექსპერტები, ლარის შესაძლო გამყარებაზე, ხმასაც კი არ ამოიღებდნენ.

 

ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მსურს გავუსვა ხაზი. დღეს რატომღაც აქცენტები ძირითადად კეთდება სუბსიდიის ეფექტზე და ნაკლებ სავალუტო რისკის დაზვევით მისაღებ შედეგზე. ძალზე დროული და კარგია, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა გალარების კალკულატორი, რომლის სარგებლობაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თავისი სესხის პირობების შეყვანით.

 

სებ-ის მიერ წარმოდგენილი კალკულატორითაც ცხადად ჩანს, რომ 40 ათასი აშშ დოლარის სესხის გალარებისას, სუბსიდიის შედეგად თუნდაც დღევანდელი კურსის პირობებში, თუ პოტენციურ სარგებელს სავალუტო რისკის დაზღვევით შევაფასებთ და არა მხოლოდ კურსთა სხვაობის სუბსიდიით(20 თეთრი), მაშინ პოტენციური სარგებელი 5 წლის მანძილზე 15 000 ლარიც კი გამოვა.

 

ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს გალარება, ვურჩევდი ამ კალკულატორის გამოყენების წესს გაეცნოს, რომელიც ეროვნული ბანკის საიტზე დევს და გადაწყვეტილების მიღებისას მისით იხემძღვანელოს.

 

ზოგადად არსებული სტატისტიკაც არ მიმაჩნია დაბალი აქტივობის მაჩვენებლად. თუ პირველ კვირას აქტივობად არ ჩავთვლით, როდესაც ბანკების მიერ სმს-ების დაგზავნა მოხდა, რეალურად ჯერ მხოლოდ 3 კვირაა გასული. ბოლო დღეებში აშკარად გაზრდილია გალარების მსურველთა რიცხვი და ეს მაჩვენებელი უკვე 1000 მსესხებელს აღემატება, მთლიანობაში კი უკვე 40 მლნ ლარამდე სესხია გალარებული. აქედან გამომდინარე წინასწარ დაანონსება, რომ გალარების პროგრამა ჩავარდა, მით უმეტეს წინ გვაქვს მთელი თვე, არის არასწორი.

 

მართალია, პროგრამის დასაწყისში იყო გარკვეული სახის გაურკვევლობები, მათ შორის ბანკებთან კომუნიკაციის ნაწილში, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ეს პრობლემები დარეგულირებულია. ნებისმიერ ამ სახის პროგრამებს სჭირდება გარკვეული „დაქოქვის" პერიოდი, ამავე დროს კორექტირებაც ხდება და ესეც ბუნებრივია, ამ პროცესის თანმდევი ნაწილია. გალარების პროგრამა მხოლოდ ახლა ხურდება და კიდევ ერთი თვე გრძელდება.

 

დარწმუნებული ვარ, ვადის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება ამ პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვი. პროგნოზებს არ დავასწრებ, როგორც იტყვიან წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.

 

 

-ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია სახეზეა, რა არის ამის გამომწვევი ფაქტორები და რამდენად ხელს უწყობს ლარიზაცია ლარის კურსის გამყარებას?


-ლარიზაცია ნაწილია იმ ფინანსური სტაბილიზაციისა, რაც უკვე მეორე თვეა, რაც სახეზეა. ჩვენ გვახსოვს თუ როგორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი გასული წლის ბოლოს მთავრობის მიერ ლარიზაციის გეგმის დაანონსებისთანავე. ლამის კატასტროფული სურათიც კი იყო წარმოჩენილი ლარის მოსალოდნელ კოლაფსზე და ეკონომიკურ კრიზისზე. ზოგიერთი პროგნოზით ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში უკვე თებერვალში 3 -ის ნიშნულსაც კი უნდა გადასცდენოდა.

 

მთავრობის ეკონომიკური გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმ ზეწოლისა და ხშირად სავსებით უსაფუძვლო და სუბიექტური კრიტიკის ნიაღვარისა, რაშიც ისინი აღმოჩნდნენ, მათ გაუძლეს ამ წნეხს, არ აყვნენ ემოციებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლარიზაციის სტრატეგიამ პირველი შედეგები უკვე მოიტანა. დღეს ფინანსური სტაბილურობა მიღწეულია. წლის ბოლოდან მოყოლებული ნეგატიური ტრენდი პრაქტიკულად, დაძლეულია. საერთაშორისო ეკონომიკური კონიუნქტურა და ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები გაუმჯობესებულია, ლარის კურსის გამყარებაზე ასევე დადებითად მოქმედებს, როგორც ფისკალური მდგენელი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დაბალანსების კუთხით, ასევე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა.

 

რაც შეეხება ლარის შემდგომ გამყარებას. აქ ჩვენ უნდა ამოვიდეთ არა კურსის რომელიღაცა ნიშნულის მიღწევის იდეა ფიქსიდან და დავიწყოთ მსჯელობა, თუ რა ნიშნულია ყველაზე ოპტიმალური, მაგალითად, ავიღოთ სწორება 2.20 ნიშნულზე, არამედ უნდა გადავიდეთ ეფექტურ გაცვლითი კურსის სტრატეგიაზე, რომელიც განისაზღვრება ლარის ქცევით ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ.

 

მართალია, ლარის გამყარებას და დოლარის დასუსტებას ერთის მხრივ, აქვს პოზიტიური მხარე, მაგრამ თუ ლარი ზედმეტად გამყარდა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ, ეს აუცილებლად გამოიწვევს ისედაც მაღალი იმპორტიზაციის პირობებში იმპორტის სტიმულირებას და ამის საპირისპიროდ ისედაც მცირე სასაქონლო ექპორტის სერიოზულ შემცირებას. შედეგად მივიღებთ სიტუაციას, რომელიც ერთი შეხედვით მომხმარებლისათვის იქნება მომგებინი, მაგრამ მეორეს მხრივ კიდევ უფრო გაზრდის რა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს ისევ ეკონომიკას მოუბრუნდება ნეგატიურად. ბოლო წლებში მზარდი საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაბალანსება ვერც ექსპორტის, ვერც ფულადი გზავნილების და ვერც ინვესტიციების შემოდინებით ვერ მოხერხდა და თუ მხედველობაში მივიღებთ გლობალური ეკონომიკების შემცირებული ზრდის პროგნოზებს, აშშ-ში და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, საეჭვოა, იგი უახლოეს წლებში მხოლოდ ინვესტიციების ზრდით დაბალანსდეს.

 

მე არაერთხელ ამიღნიშნავს, რომ ლარიზაცია ეს არის ეკონომიკის ტრანსფორმაციის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ლარიზაციის 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად წარმოადგინა, ითვალისწინებს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიას და იგი თავის მხრივ არის მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. ჩემი აზრით დღეს მთავარი ეგზისტენციალური ამოცანა ეკონომიკის წრაფი და მდგრადი ზრდის მიღწევაზეა აგებული, რადგან ლარის კურსის სტაბილურობა, საბოლოო ჯამში, სწორედ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებშია შესაძლებელი.

 

 

-თქვენ ყოველთვის პოზიტიურად იყავით განწყობილი დედოლარიზაციის მიმართ, რამდენად შეუწყობს ხელს იგი ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას და იმპორტის შემცირებას?

 


- რაც შეეხება ზოგადად ეკონომიკის დედოლარიზაციას, დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის გრძელვადიანი და სწრაფი ზრდა ადგილობრივი წარმოების და ინდუსტრიის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ მომსახურების სერვისების განვითარებით, პრაქტიკულად შეუძლებელია. საქართველოს მაგალითმაც აჩვენა, რომ თავის მხრივ ინდუსტრიალიზაცია და ადგილობრივი წარმოების სტიმულირება მაღალი დოლარიზაციის პირობებში შეუძლებელ და მიუღწეველ ამოცანას წარმოადგენს. მაღალი დოლარიზაციის პირობებში მომსახურების სერვისების მიწოდების სტიმულირება კი ხდება, მაგრამ იგი ზრდის რა კატასტროფულად საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს, ვერ ბალანსდება სხვა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით და საბოლოო ჯამში, ნეგატიურად ზემოქმედებს როგორც ადგილობრივი ვალუტის სტაბილურობაზე, ისე ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე მთლიანად.

 

 

გარდა ამისა, ლარის გაუფასურება და დოლარის გაძლიერება აძვირებს იმპორტულ საქონელს და პირველ რიგში სამომხმარებლო კალათას, რასაც ემატება სესხების მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი. მაღალი დოლარიზაციის პირობებში გარე შოკებისას ან ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებისას იზრდება სესხების ჭარბვალიანობა და მცირდება თავისუფლად განკარგვადი სახსრები, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება საერთო ეროვნულ მოხმარებაზე, ინვესტიციებზე და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, რადგან შემოსავლების დიდი ნაწილი იხარჯება არა მოხმარებაზე ან დაგროვების მიმართულებით ინვესტირებაზე, არამედ,პირველ რიგში, ვალების მომსახურებაზე მიდის, ეს კი საფრთხეს უქმნის ეკონომიკის ზრდას და რაც მთავარია საშუალო ფენას, მისი პერმანენტული გაღარიბების მიმართულებით.

 

ნიშანდობლივია, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა სწორედ საშუალო ფენას დაარტყა ყველაზე უარყოფითად. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, დასავლური დემოკრატია და სტაბილურობა დიდწილად სწორედ საშუალო ფენის მხარდაჭერაზე იდგა. 2007 წლის კრიზისის შემდგომ ადამიანებმა დაკარგეს მომავლის რწმენა და სტაბილურობის განცდა, შემცირდა როგორც ეკონომიკის ზრდის ტემპები, ასევე შემოსავლები, გაიზარდა უმუშევრობა, რასაც დაერთო სირიის კონფლიქტის გამო, ემიგრაციული კრიზისი. გარკვეულწილად ამის შედეგია ბრექსიტი და ევროპაში მემარცხენე იდეოლოგიის პარტიებზე და პოპულისტ ლიდერებზე მოთხოვნის ზრდა.

 

გალარების პროგრამა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სოციალური პაკეტი, საშუალო შემოსავლების ადამიანების მხარდაჭერაზეცაა ორიენტირებული. ბუნებრივია 50 ათას ან მით უმეტეს 100 ათას დოლარიან იპოთეკურ სესხს მხოლოდ შესაბამისი შემოსავლების მქონე ადამიანებს აძლევს ბანკი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ კატეგორიის მსესხებლების თუნდაც ნაწილის გაღარირება გაზრდის არასტაბილურობას და ისედაც დაბალ საერთო ეროვნულ მოხმარებას კიდევ უფრო შეამცირებს.

 


"კომერსანტი"